img
ბიზნეს გეგმის შედგენა

რა არის ბიზნეს გეგმა? -მარტივი განმარტებით - ბიზნეს გეგმა არის სახელმძღვანელო ბიზნესისთვის, რომელიც ასახავს მიზნებს და ყველა იმ საშუალებას და აქტივობებს, რითაც ამ მიზნების მიღწევა არის დაგეგმილი - და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გაწერილია გარკვეულ დროის მონაკვეთზე. ბიზნეს გეგმა ასევე არის მარშრუტი, რომელის მოიცავს მიმართულებებს, თუ საით შეუძლია ბიზნესს დაგეგმოს მისი მომავალი და გვეხმარება თავიდან ავირიდოთ ჩავარდნები ამ გზაზე. 

ვის სჭირდება ბიზნეს გეგმა - ბიზნეს გეგმა შეიძლება სხვადასხვა მიზნობრიობით დაიწეროს - როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე გარე დაინტერესებული პირთათვის. 

შესაძლოა ბიზნეს გეგმის მიზანი საერთოდ არ იყოს დაფინანსების მოძიება და მხოლოდ იმისთვის დაიწეროს, რომ ბიზნესის ან ახალი ბიზნესის ხაზის გაშვებამდე, მფლობელებს/მენეჯმენტს სრულად ჰქონდეს გაანალიზებული რა არის მათი მიზანი, როგორ აპირებენ მიაღწიონ ამ მიზნებს და რა დანახარჯებთან და მის საპირწონედ რა შემოსავლებთან იქნება დაკავშირებული ეს წამოწყება.

თუმცა, უფრო მეტად გავრცელებულია ბიზნეს გეგმის შედგენა გარე მომხმარებლებისთვის და როგორც წესი ეს კეთდება დაფინანსების მოძიებისთვის. აღნიშნული მიზნობრიობით ბიზნეს გეგმის ადრესატები შეიძლება იყვნენ პოტენციური კერძო თუ ინსტიტუციონალური ინვესტორები, საფინანსო ინსტიტუტები, საერთაშორისო თუ ადგილობრივი დონორები, სახელმწიფო ორგანოები და ა.შ. - ყველა, ვინც შეიძლება დაინტერესებული იყოს თქვენი ბიზნესის განვითარებით და მასში რაიმე სახით ინვესტირებით. 

რას მოიცავს ბიზნეს გეგმა - ბიზნეს გეგმა ასახავს თქვენს მიზნებს და სტრატეგიებს; როგორ უნდა იქნას მიღწეული ეს მიზნები; ასახავს პოტენციურ პრობლემებს, რაც ბიზნესის კეთების პროცესში შეიძლება წარმოიშვას და მათი გადაჭრის გზებს; ასევე, ასახავს ორგანიზაციულ მოწყობას და რაც მთავარია, ასახავს რა მოცულობის კაპიტალია საჭირო იმისთვის, რომ ბიზნესმა საოპერაციო საქმიანობა დაიწყოს და განახორციელოს იქამდე, სანამ ბიზნესი არ გავა ე.წ. წაუგებლობის წერტილზე  (break-even point). 

ბიზნეს გეგმა მოიცავს შემდეგ ძირითად ნაწილებს:

  • ბიზნესის კონცეპტუალური ნაწილი - რომელშიც განხილულია ინდუსტრია, ბიზნესის სტრუქტურა, კონკრეტული პროდუქტები და სერვისები, რომელსაც მომხმარებელს შევთავაზებთ, ასევე საოპერაციო ნაწილი, თუ როგორ ვაპირებთ მივიტანოთ ჩვენი პროდუქტი/სერვისი სამიზნე აუდიტორიასთან და ზოგადად როგორ ვგეგმავთ, რომ ბიზნესი წარმატებული იყოს. 
  • ბაზარზე არსებული მდგომარეობა და ჩვენი ადგილი ამ ბაზარზე - რომელშიც განხილული და გაანალიზებულია ჩვენი პოტენციური მომხმარებლები: ვინ არიან და სად ვუპოვოთ ისინი? რა იქნება ძირითადი მოტივატორი, რომ მათ ჩვენი პროდუქტი შეიძინონ. გეგმის ამ ნაწილში ასევე დეტალურად უნდა იქნას გაანალიზებული მარკეტინგი და გაყიდვები, კონკურენტები და მათი პოზიციები ბაზარზე, ასევე ჩვენი პოზიციები მათთან მიმართებაში; 
  • ფინანსური ნაწილი - რომელიც მოიცავს ძირითად საფინანსო უწყისებს და მათ ანალიტიკურ ნაწილს  - ბალანსს, მოგება-ზარალს და ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისს, ასევე ფინანსურ კოეფიციენტებს და წაუგებლობის ანალიტიკას. ფინანსური ნაწილით გამყარებული ბიზნეს გეგმის დანარჩენ ნაწილში მოყვანილი ყველა დაშვება და პროგნოზი, რამაც საბოლოო ჯამში ბიზნესის წარმატებულად უნდა აქციოს. 

ბიზნეს გეგმის შედგენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის - კონკრეტულ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიების და გაანალიზების სირთულე, ბიზნესის სპეციფიკა, ბაზრის მასშტაბი (ლოკალური თუ საერთაშორისო) და ა.შ.

ყველა სერვისი
საკონტაქტო ინფორმაცია
  • ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა; ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის 8
  • +995577279798; +995555091100
  • info@loialte.com.ge