თანამედროვე ბიზნეს გარემო, რომელიც ხასიათდება მაღალი კონკურენციითა და სწრაფი ცვლილებებით, ხშირად აყენებს კომპანიის მენეჯმენტსა და მფლობელებს ისეთი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე როგორიცაა მაგალითად ბიზნესის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისება, კომპანიაში ინვესტორის შემოყვანა ან დაფინანსების სხვა გზით მოზიდვა, ახალი ბიზნესში ინვესტიციის განხორციელება, სხვა ბიზნესთან შერწყმა, ბაზრიდან გასვლა და ა.შ. მსგავსი გადაწყვეტილებები უმეტესობა, ბევრ სხვა საკითხებთან ერთად, კომპანიის ღირებულების განსაზღვრას უკავშირდება. თუმცა, ბიზნესის რეალური, ობიექტური ღირებულების განსაზღვრა ხშირად რჩება ყველაზე რთულ და კრიტიკულ ამოცანად.
ბიზნესის შეფასება არ არის მხოლოდ ფინანსური გათვლები, ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც სწავლობს და ადგენს კომპანიის ეკონომიკურ სიჯანსაღეს, მისი განვითარების პოტენციალს და ადგილს ბაზარზე.
ბიზნესის ღირებულების არცოდნა, ანუ არცოდნა იმისა, თუ რა ღირს რეალურად კომპანია კონკრეტულ მომენტში, მეტნაკლებად სირთულეებს აჩენს ყველა ტიპის ბიზნესში, თუმცა განსაკუთრებული გამოწვევები ამ კუთხით მცირე და საშუალო ბიზნესს გააჩნია.
მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) გამოწვევები
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ღირებულების შეფასება ხშირად ემოციურ და სუბიექტურ პროცესად იქცევა. მფლობელები, რომლებიც წლების განმავლობაში აშენებდნენ თავიანთ ბიზნესს, მიდრეკილნი არიან გადააფასონ (არაობიექტურად გაზარდონ) მისი ღირებულება, განსაკუთრებით არამატერიალური აქტივების (გუდვილი, კლიენტთა ბაზა) გამო. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ ზომის მეწარმეებს (SME) ხშირად არ გააჩნიათ სრულყოფილი ფინანსური აღრიცხვიანობის და ანგარიშგების სისტემა, ასევე არ ატარებენ აუდიტორულ შემოწმებებს, რაც ართულებს ბიზნესის ობიექტურად შეფასებას. შედეგად, მათ უჭირთ მნიშვნელოვანი გარიგებების თუ ტრანზაქციების განხორციელება, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტის აღება, ინვესტორების მოზიდვა, წილის გაყიდვა/პარტნიორის შემოყვანა და ა.შ.
მსხვილი ბიზნესის გამოწვევები
მსხვილი კორპორაციებისთვის, რომლებსაც აქვთ რთული სტრუქტურა, მრავალი შვილობილი კომპანია და გლობალური ოპერაციები, შეფასების პროცესი კიდევ უფრო კომპლექსურია. აქ პრობლემა არა იმდენად მონაცემების ნაკლებობა, არამედ მათი ინტერპრეტაცია და მომავალი რისკების პროგნოზირებაა. მსხვილი ბიზნესის შეფასებისას კრიტიკულია:
- სინერგიის ეფექტის შეფასება: მაგალითად, შერწყმისა და შეძენის (M&A) დროს აუცილებელია არა მხოლოდ ცალკეული კომპანიების, არამედ მათი გაერთიანებით მიღებული დამატებითი ღირებულების შეფასება.
- არამატერიალური აქტივების კაპიტალიზაცია: ბრენდის ღირებულება, პატენტები, ტექნოლოგიური პლატფორმები – ეს აქტივები ხშირად აღემატება მატერიალური აქტივების ღირებულებას და მათი შეფასება მოითხოვს სპეციფიკურ მეთოდოლოგიებს.
- მარეგულირებელი შესაბამისობა: მსხვილი კომპანიები ხშირად ექვემდებარებიან მკაცრ რეგულაციებს, რაც მოითხოვს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან (მაგ. IFRS) სრულ შესაბამისობას.
ობიექტურად ბიზნესის შეფასება არის ერთგვარი ხიდი, რომელიც აკავშირებს კომპანიის წარსულ ფინანსურ შედეგებს მის მომავალ პოტენციალთან, რაც აუცილებელია ინფორმირებული და წარმატებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად.
რა არის ბიზნესის შეფასება?
ბიზნესის შეფასება (Business Valuation) არის პროცესი, რომლის მიზანია მთლიანად კომპანიის, მისი წილის ან აქტივების ეკონომიკური ღირებულების განსაზღვრა დროის კონკრეტული მომენტისთვის. ბიზნესის შეფასება კომპლექსური და რთული პროცესია, რადგან ეფუძნება როგორც ფინანსურ ანალიზს, ასევე პროფესიონალურ განსჯას ბაზრის პირობების, ინდუსტრიის ტენდენციებისა და კომპანიის სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
შეფასების შედეგად მიღებული ღირებულება არ არის მხოლოდ ერთი რიცხვი, ეს არის კარგად დასაბუთებული დასკვნა, რომელიც ითვალისწინებს:
- მატერიალურ აქტივებს: უძრავი ქონება, მოწყობილობები, ინვენტარი და ა.შ.
- არამატერიალურ აქტივებს: ბრენდი, გუდვილი, ინტელექტუალური საკუთრება, კლიენტთა ბაზა და ა.შ.
- ფინანსურ მაჩვენებლებს: შემოსავლები, ხარჯები, მოგება, ფულადი ნაკადები.
- რისკებსა და შესაძლებლობებს: ბაზრის რისკები, კონკურენტული უპირატესობები, ზრდის პოტენციალი.
როდის ხდება საჭირო ბიზნესის შეფასება?
ბიზნესის შეფასება აუცილებელი ხდება ნებისმიერი სტრატეგიული გადაწყვეტილების დროს, ან სამართლებრივი საქმისწარმოების პროცესში, როდესაც კომპანიის ღირებულება კრიტიკულ როლს ასრულებს მხარის ან მხარეებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად. ქვემოთ მოცემულია ყველაზე გავრცელებული შემთხვევები:
წილის ყიდვა-გაყიდვა და პარტნიორული ურთიერთობები
ქართულ რეალობაში ეს არის შეფასების ყველაზე გავრცელებული მიზეზი, ანუ როდესაც კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ყიდის თავის წილს ან ახალი ინვესტორი შემოდის ბიზნესში და საჭირო ხდება წილის სამართლიანი ღირებულების დადგენა. ეს ხელს უშლის მომავალ დავებს და უზრუნველყოფს, რომ ყველა მხარე თანაბარ პირობებში იყოს.
დაფინანსების მოზიდვა (სესხი, ინვესტიცია, სხვ.)
დაფინანსების გამცემი წყაროები, იქნებიან ესენი ბანკები თუ ვენჩურული კაპიტალის ფონდები, ითხოვენ ბიზნესის ობიექტურ შეფასებას, რათა განსაზღვრონ სესხის მოცულობა, საპროცენტო განაკვეთი ან ინვესტიციის სანაცვლოდ მისაღები წილის პროცენტული მაჩვენებელი. ზუსტი და სამართლიანი შეფასება ზრდის დაფინანსების მოპოვების შანსებს.
საგადასახადო მიზნები
ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ქონების გადაცემის, ჩუქების ან მემკვიდრეობის დროს, საგადასახადო ორგანოები ითხოვენ ბიზნესის ღირებულების დამოუკიდებელ შეფასებას, რათა სწორად დაიბეგროს ტრანზაქცია.
სასამართლო დავები და დაზღვევა
პარტნიორებს შორის დავების ან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში (მაგალითად, დაზღვევისას), სასამართლოს სჭირდება ობიექტური შეფასება ზიანის ან ქონების სამართლიანი გაყოფის დასადგენად.
შერწყმა და შეძენა (Mergers & Acquisitions – M&A)
მსგავსი გარიგებისას მყიდველს სურს დარწმუნდეს, რომ არ იხდის ზედმეტს, ხოლო გამყიდველს სურს მიიღოს სამართლიანი ფასი. შეფასება ამ შემთხვევაში განსაზღვრავს გარიგების საბაზისო ფასს და ეხმარება მხარეებს მოლაპარაკებების წარმოებაში.
გასვლა ბაზრიდან (Exit Strategy)
მფლობელებს, რომლებიც გეგმავენ ბიზნესის გაყიდვას 5-10 წლის პერსპექტივაში, სჭირდებათ პერიოდული შეფასება, რათა გაიგონ, რა ფაქტორები ზრდის ან ამცირებს მათ ღირებულებას და შეძლონ სტრატეგიის კორექტირება მაქსიმალური ფასის მისაღებად.
ბიზნესის შეფასების ძირითადი მეთოდოლოგიები
ბიზნესის შეფასება ეფუძნება სამ ძირითად მიდგომას, რომელთაგან თითოეული იყენებს სხვადასხვა მეთოდს და გამართლებულია სხვადასხვა სიტუაციაში.
შემფასებელი ხშირად იყენებს რამდენიმე მეთოდს, რათა მიიღოს ღირებულების დიაპაზონი და უზრუნველყოს შედეგის სანდოობა.
1. შემოსავლებზე დაფუძნებული მიდგომა (Income Approach)
აღნიშნული მიდგომა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ ბიზნესის ღირებულება განისაზღვრება იმ მომავალი ეკონომიკური სარგებლით (ფულადი ნაკადებით), რომელსაც ის გამოიმუშავებს მფლობელებისთვის.
მეთოდი: დისკონტირებული ფულადი ნაკადები (Discounted Cash Flow – DCF)
DCF მეთოდი არის ყველაზე ფუნდამენტური და თეორიულად ყველაზე გამართლებული მიდგომა. ის გულისხმობს კომპანიის მიერ მომავალში გამომუშავებული თავისუფალი ფულადი ნაკადების პროგნოზირებას (ჩვეულებრივ, 5-10 წლის განმავლობაში) და მათ დღევანდელ ღირებულებაზე დაყვანას (დისკონტირებას) შესაბამისი დისკონტის განაკვეთის გამოყენებით.
დისკონტის განაკვეთი: ეს არის კომპანიის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC), რომელიც ასახავს ინვესტორის მიერ მოთხოვნილ რისკთან შეწონილ უკუგებას.
მსგავსი მეთოდი იდეალურია სტაბილური, მსხვილი კომპანიებისთვის, რომელთა ფულადი ნაკადების პროგნოზირება შედარებით მაღალი სიზუსტით არის შესაძლებელი.
მეთოდი: კაპიტალიზებული შემოსავალი (Capitalized Earnings)
ეს მეთოდი გამოიყენება იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც აქვთ სტაბილური და პროგნოზირებადი შემოსავალი. ის იღებს კომპანიის საშუალო წლიურ შემოსავალს (ან ფულად ნაკადს) და ყოფს მას კაპიტალიზაციის განაკვეთზე (რომელიც დაკავშირებულია დისკონტის განაკვეთთან).
საუკეთესოა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებსაც არ აქვთ მაღალი ზრდის პოტენციალი, მაგრამ აჩვენებენ სტაბილურ შედეგებს.
2. საბაზრო მიდგომა (Market Approach)
ეს მიდგომა ეფუძნება პრინციპს, რომ კომპანიის ღირებულება უნდა იყოს მსგავსი კომპანიების ან აქტივების ღირებულების ტოლი, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაიყიდა ღია ბაზარზე.
მეთოდი: შესადარისი კომპანიების ანალიზი (Comparable Company Analysis – CCA)
ხდება მსგავსი, საჯაროდ მოვაჭრე კომპანიების შერჩევა, რომლებიც ოპერირებენ იმავე ინდუსტრიაში. მათი ფინანსური მაჩვენებლები (შემოსავალი, მოგება, EBITDA) გამოიყენება საბაზრო მულტიპლიკატორების (P/E, EV/EBITDA, P/S) გამოსათვლელად. შემდეგ ეს მულტიპლიკატორები გამოიყენება შესაფასებელი კომპანიის ღირებულების დასადგენად.
ეფექტურია, როდესაც არსებობს საკმარისი რაოდენობის შესადარებელი საჯარო კომპანია, შესაბამისად ქართული რეალობისთვის მსგავსი მეთოდით შეფასება ნაკლებპრაქტიკულია.
მეთოდი: შესადარისი გარიგებების ანალიზი (Comparable Transaction Analysis – CTA)
აღნიშნული მეთოდი შესადარისი კომპანიების ანალიზის მსგავსია, მაგრამ იყენებს მონაცემებს მსგავსი კომპანიების რეალური შერწყმისა და შეძენის გარიგებებიდან. ეს მეთოდი ხშირად იძლევა უფრო მაღალ ღირებულებას, რადგან გარიგების ფასი, როგორც წესი, მოიცავს ე.წ. “პრემიას კონტროლისთვის” და სინერგიულ ეფექტს.
ძირითადად გამოიყენება M&A გარიგებების შეფასებისას, რადგან ასახავს რეალურ საბაზრო ტრანზაქციებს.
3. აქტივებზე დაფუძნებული მიდგომა (Asset-Based Approach)
აქტივებზე დაფუძნებული მიდგომა განსაზღვრავს კომპანიის ღირებულებას მისი წმინდა აქტივების საბაზრო ღირებულების საფუძველზე (აქტივები მინუს ვალდებულებები).
მეთოდი: წმინდა აქტივების საბაზრო ღირებულება (Net Asset Value – NAV)
კომპანიის ყველა აქტივი (მატერიალური და არამატერიალური) ფასდება მათი საბაზრო ღირებულებით, შემდეგ გამოიქვითება ყველა ვალდებულება.
ეს მეთოდი ყველაზე ხშირად გამოიყენება ჰოლდინგური კომპანიების, უძრავი ქონების კომპანიების ან იმ ბიზნესების შესაფასებლად, რომლებიც ლიკვიდაციის პირას არიან. ის ნაკლებად გამართლებულია არსებული, ოპერირებადი ბიზნესებისთვის, რადგან არ ითვალისწინებს მომავალ შემოსავალს და გუდვილს.
ბიზნესის შეფასების პროცესის რისკები და ხარვეზები
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის შეფასება არის საკმაოდ მკაცრად და თანმიმდევრულად განსაზღვრული პროცესი, ის არ არის თავისუფალი რისკებისა და სუბიექტურობისგან. შეფასების სიზუსტე დამოკიდებულია გამოყენებულ დაშვებებზე, პროგნოზების ხარისხსა და შემფასებლის პროფესიონალიზმზე. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის მფლობელებმა / მენეჯერებმა (დამკვეთებმა) იცოდნენ პოტენციური ხარვეზების შესახებ:
პროგნოზირების სუბიექტურობა (DCF მეთოდის რისკი)
DCF მეთოდი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება, მთლიანად ეფუძნება მომავალი ფულადი ნაკადების პროგნოზირებას. ეს პროგნოზები, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება იყოს საკმაოდ სუბიექტური და ოპტიმისტური. მცირე ცვლილებაც კი ზრდის ტემპის ან დისკონტის განაკვეთის დაშვებებში, მნიშვნელოვნად ცვლის საბოლოო ღირებულებას. მაგალითად, ზრდის ტემპის 1%-ით გაზრდამ შეიძლება კომპანიის ღირებულება ათობით პროცენტით გაზარდოს. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პროგნოზები იყოს კონსერვატიული და კარგად დასაბუთებული ინდუსტრიის რეალური ტენდენციებით.
შესადარებელი მონაცემების ნაკლებობა (Market Approach-ის გამოწვევა)
საბაზრო მიდგომის ეფექტურობა დამოკიდებულია შესადარებელი კომპანიების ან გარიგებების არსებობაზე. მცირე ან უნიკალური ბიზნესებისთვის, რომლებიც ოპერირებენ ვიწრო ნიშაში, შეიძლება არ არსებობდეს საკმარისი საჯარო მონაცემები. ამ შემთხვევაში, შემფასებელს უწევს ფართო ინდუსტრიული მონაცემების გამოყენება, რაც ამცირებს შეფასების სიზუსტეს. გარდა ამისა, თითოეული გარიგება უნიკალურია და მოიცავს სპეციფიკურ პირობებს, რომელთა სრულად ასახვა შეფასებაში რთულია.
არამატერიალური აქტივების შეფასების სირთულე
არამატერიალური აქტივები (ბრენდი, ტექნოლოგია) კომპანიის ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, მათი ობიექტური შეფასება რთულია, რადგან არ არსებობს მათი პირდაპირი საბაზრო ფასი. შემფასებლები იძულებულნი არიან გამოიყენონ არაპირდაპირი მეთოდები, როგორიცაა “ჭარბი შემოსავლის მეთოდი” (Multiperiod Excess Earnings Method – MEEM), რომელიც თავის მხრივ ეფუძნება კომპლექსურ დაშვებებს.
ბიზნესის შეფასების საერთაშორისო სტანდარტები და რეგულაციები
პროფესიონალური ბიზნესის შეფასება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მის სანდოობასა გლობალურ თუ ლოკალურ დონეზე.
საერთაშორისო შეფასების სტანდარტები (IVS)
საერთაშორისო შეფასების სტანდარტები (International Valuation Standards – IVS) არის გლობალური ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს შეფასების პრინციპებსა და პროცედურებს. IVS-ის დაცვა უზრუნველყოფს, რომ შეფასება იყოს:
- ობიექტური: დაფუძნებული იყოს ფაქტებზე და არა სუბიექტურ მოსაზრებებზე.
- გამჭვირვალე: გამოყენებული მეთოდოლოგია და დაშვებები იყოს ნათლად დოკუმენტირებული.
- შესადარისი: შეფასების შედეგები იყოს შედარებადი სხვა ქვეყნებსა და იურისდიქციებში ჩატარებულ შეფასებებთან.
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS)
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (International Financial Reporting Standards – IFRS) მოითხოვს, რომ კომპანიებმა გარკვეული აქტივები და ვალდებულებები შეაფასონ სამართლიანი ღირებულებით (Fair Value). ეს განსაკუთრებით ეხება შერწყმისა და შეძენის შემდეგ აქტივების განაწილებას (Purchase Price Allocation – PPA) და გუდვილის ყოველწლიურ ტესტირებას გაუფასურებაზე (Impairment Test). ამ სტანდარტების ცოდნა კრიტიკულია იმ შემფასებლებისთვის, რომლებიც მუშაობენ მსხვილ კორპორაციებთან.
დამატებითი ფაქტორები ბიზნესის შეფასებაში
ობიექტური ღირებულების მისაღებად, პროფესიონალმა შემფასებელმა უნდა გაითვალისწინოს ფაქტორები, რომლებიც სცილდება სტანდარტულ ფინანსურ ანგარიშგებას. ეს ფაქტორები ხშირად განსაზღვრავს, თუ რამდენად მაღალი იქნება საბოლოო ფასი.
კონტროლის პრემია და ლიკვიდურობის დისკონტი
კონტროლის პრემია: თუ შეფასება ხდება კომპანიის საკონტროლო პაკეტის (51% ან მეტი) გაყიდვის მიზნით, ღირებულებას ემატება კონტროლის პრემია. ეს ასახავს იმ ფაქტს, რომ მფლობელი იძენს სრულ უფლებას მიიღოს გადაწყვეტილებები და განკარგოს კომპანიის აქტივები.
ლიკვიდურობის დისკონტი: მცირე, კერძო კომპანიების წილები ნაკლებად ლიკვიდურია, ვიდრე საჯარო კომპანიების აქციები. ამიტომ, ასეთი წილების შეფასებისას ხშირად გამოიყენება ლიკვიდურობის დისკონტი (ფასდაკლება), რაც ასახავს წილის სწრაფად გაყიდვის სირთულეს.
არამატერიალური აქტივების როლი
თანამედროვე ეკონომიკაში კომპანიის ღირებულების უდიდესი ნაწილი ხშირად არამატერიალურ აქტივებზე მოდის, რაც მოიცავს:
გუდვილი (Goodwill): კომპანიის რეპუტაცია, კლიენტთა ლოიალობა და ბრენდის ცნობადობა.
ინტელექტუალური საკუთრება: პატენტები, სავაჭრო ნიშნები, საავტორო უფლებები, უნიკალური ტექნოლოგიური პროცესები.
ადამიანური კაპიტალი: მაღალკვალიფიციური მენეჯმენტი და თანამშრომლები.
არამატერიალური აქტივების შეფასება მოითხოვს სპეციალურ მეთოდებს, როგორიცაა დანახარჯებზე დაფუძნებული მიდგომა (რამდენი დაჯდებოდა ამ აქტივის შექმნა) ან შემოსავლებზე დაფუძნებული მიდგომა (რა დამატებით შემოსავალს იძლევა ეს აქტივი).
ინდუსტრიის სპეციფიკური მულტიპლიკატორები
ინდუსტრიის სპეციფიკური მულტიპლიკატორები წარმოადგენს შედარებითი მიდგომის (Comparable Company Analysis – CCA და Precedent Transaction Analysis – PTA) გაფართოებულ და უფრო დახვეწილ ფორმას, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული სექტორის უნიკალურ მახასიათებლებსა და ღირებულების მამოძრავებელ ფაქტორებს. ეს მეთოდი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ინდუსტრიებში, სადაც ტრადიციული ფინანსური მაჩვენებლები (როგორიცაა EBITDA ან წმინდა მოგება) არ არის კომპანიის ღირებულების სრულყოფილი საზომი. უპირატესობები:
- რეალისტურობა: მუპტიპლიკატორები უკეთესად ასახავენ იმას, თუ როგორ აფასებენ რეალურად ინვესტორები და მყიდველები კომპანიებს კონკრეტულ სექტორში.
- სიმარტივე: მუპტიპლიკატორები უზრუნველყოფენ შეფასების სწრაფ და მარტივ მეთოდს, განსაკუთრებით ადრეული ეტაპის სტადიაზე მყოფი კომპანიებისთვის, რომლებსაც შესაძლოა ჯერ არ ჰქონდეთ დადებითი EBITDA
- ზრდის ფაქტორი: ინდუსტრიის სპეციფიკური მულტიპლიკატორები ხშირად ორინეტირებულია ზრდის პოტენციალზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიური და სწრაფად მასშტაბირებადი ბიზნესებისთვის.
შეჯამება
ბიზნესის შეფასება არის კომპლექსური, მრავალმხრივი პროცესი, რომელიც სცილდება უბრალო ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსურ ანალიზს. ეს არის სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტურ საფუძველს კრიტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად, იქნება ეს მცირე ბიზნესის გაფართოება, მსხვილი კორპორაციის შერწყმა თუ სასამართლო დავაში მონაწილეობა.
სწორად ჩატარებული შეფასება იცავს ბიზნესს ფინანსური რისკებისგან, აძლევს მფლობელებს რეალურ სურათს მათი ქონების შესახებ და უზრუნველყოფს, რომ ყველა ტრანზაქცია განხორციელდეს სამართლიან და საბაზრო ღირებულებაზე დაყრდნობით.
იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესის შეფასება მოითხოვს სიღრმისეულ ცოდნას ფინანსური ანალიზის, ბაზრის ტენდენციებისა და შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ პროცესის მიანდობა პროფესიონალ გუნდს.
თუ თქვენ ეძებთ სანდო პარტნიორს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის ან აქტივების ზუსტ და ობიექტურ შეფასებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე, Loialte გთავაზობთ ბიზნესის შეფასების სრულ სერვისს. ჩვენი ექსპერტთა გუნდი დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი ბიზნესის რეალური ღირებულება, რაც თქვენი წარმატებული ფინანსური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების საფუძველი გახდება.
Loialte ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიის მომსახურების ხარისხი აღიარებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.