თანამედროვე ბიზნესგარემოში საგადასახადო შესაბამისობა მხოლოდ კანონით ნაკისრი ვალდებულება აღარ არის – ის ორგანიზაციის ფინანსური მდგრადობის, რეპუტაციისა და გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იქცა. ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომაც კი საგადასახადო აღრიცხვაში შესაძლოა გადაიქცეს სერიოზულ ფინანსურ ტვირთად – დამატებითი გადასახადების, ჯარიმებისა და საურავების სახით. სწორედ ამ კონტექსტში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას საგადასახადო აუდიტი, როგორც რისკების იდენტიფიცირებისა და პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი.
რას არის საგადასახადო აუდიტი?
საგადასახადო აუდიტი არის კომპანიის პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო დეკლარაციების/გაანგარიშგებებისა დამოუკიდებელი და სისტემური ანალიზი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. მისი მთავარი მიზანია შესაძლო საგადასახადო რისკების გამოვლენა და მათი მინიმიზაცია მანამ, სანამ საგადასახადო ორგანო გადაწყვეტს საგადასახადო შემოწმების ჩატარებას.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო აუდიტი არ ნიშნავს მხოლოდ გასული პერიოდის შეცდომების მოძიებას, ის ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას დაინახოს საკუთარი საგადასახადო პოზიცია ობიექტურად და მიიღოს პრაქტიკული რეკომენდაციები მისი გაუმჯობესებისთვის.
რატომ არის საგადასახადო აუდიტი განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანი?
ბიზნესის ზრდასთან ერთად იზრდება საგადასახადო ოპერაციების სირთულეც – სხვადასხვა ტიპის გადასახადები, შეღავათები, ტრანზაქციები დაკავშირებულ მხარეებთან, საერთაშორისო ოპერაციები და სხვა, ასეთ პირობებში შეცდომის ალბათობა მნიშვნელოვნად მატულობს. პრაქტიკაში ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც კომპანიები კანონით დაშვებულ შესაძლებლობებს არასწორად იყენებენ ან საერთოდ ვერ იყენებენ. ასეთი შეცდომები ხშირად მხოლოდ საგადასახადო შემოწმების დროს ვლინდება, რაც კომპანიას უკვე მნიშვნელოვნად აზარალებს.
საგადასახადო აუდიტი კომპანიას აძლევს შესაძლებლობას:
- წინასწარ გამოავლინოს საგადასახადო რისკები;
- აღმოჩენილ ხარვეზებზე საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს დეკლარაციების დაზუსტება და შეამციროს ჯარიმებისა და საურავების დარიცხვის ალბათობა;
- გააუმჯობესოს შიდა საგადასახადო კონტროლის სისტემები;
- მოემზადოს საგადასახადო შემოწმებისთვის, რაც გაუმარტივებს ურთიერთობას საგადასახადო ორგანოსთან;
- მიიღოს პროფესიული რეკომენდაციები საგადასახადო ოპტიმიზაციის კანონიერ გზებზე.
გარდა ამისა, რეგულარულად ჩატარებული საგადასახადო აუდიტი ზრდის ინვესტორებისა და პარტნიორების ნდობას კომპანიის მიმართ.
საგადასახადო აუდიტით მოცული საკითხები
საგადასახადო აუდიტი, როგორც წესი, მოიცავს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებისა (საშემოსავლო, მოგება, დღგ, ქონება, აქციზი და იმპორტის გადასახადი) და მოსაკრებლების (ბუნებრივი რესურსებისა და სათამაშო ბიზნესის) შემოწმებას დამკვეთისათვის (გადასახადის გადამხდელისთვის) სასურველ პერიოდ(ებ)ზე.
ზოგადად, საგადასახადო აუდიტის ჩატარება რეკომენდირებულია წინა საანგარიშო პერიოდზე ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით.
შენიშვნა: საგადასახადო კოდექსით ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, გარდა გამონაკლისებისა. მაგალითად: 2026 წელს საგადასახადო ორგანოს შეუძლია კომპანიის შემოწმება 2023 წლის 01 იანვრიდან, 2027 წელს შეეძლება შემოწმების ჩატარება 2024 წლის 01 იანვრიდან და ა.შ.
როგორ მიმდინარეობს საგადასახადო აუდიტის პროცესი?
საგადასახადო აუდიტის ჩატარების პროცესი სტანდარტულად ერთი თვიდან ორ თვემდე მერყეობს (გასათვალისწინებელია შესამოწმებელი ობიექტის სირთულე და შესამოწმებელი პერიოდი). ამასთან, შემოწმების ვადაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დამკვეთი მხარის ჩართულობა და მათი დროული უკუკავშირი აუდიტის პროცესში.
საგადასახადო აუდიტის პროცესში ხორციელდება:
- შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების ვებ-გვერდზე (RS.GE) გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული სრული ინფორმაციის, საბანკო ამონაწერების და დაბეგვრის ობიექტის შესახებ არსებული სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება და მათი ბუღალტრულ პროგრამაში ასახვის სისწორის შემოწმება;
- სააღრიცხვო დოკუმენტებზე დაყრდნობით და საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაძლო საგადასახდო შეღავათების და საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება და დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით სხვაობების გამოვლენა;
- საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების/გაანგარიშებების საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრა და გამოვლენილი შეუსაბამობების სამართლებრივი დასაბუთება;
- გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრასთან და საგადასახადო პოლიტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა და საჭიროების შემთხვევაში გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში საგადასახადო ექსპერტების ჩართულობა;
- საგადასახადო აუდიტის შედეგების შესახებ წერილობითი ანგარიშის (დასკვნის) მომზადება შესაბამისი გაანგარიშებებით, რომელშიც კანონმდებლობის ნორმების მითითებით, დეტალურად განიმარტება ყველა გადასახადში/გაანგარიშებაში არსებული სხვაობების და მოსალოდნელი სანქციების შესახებ ინფორმაცია და რეკომენდაციები.
როდის არის მიზანშეწონილი საგადასახადო აუდიტის ჩატარება?
საგადასახადო აუდიტის ჩატარება რეკომენდებულია არა მხოლოდ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, არამედ პრევენციულად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ჩატარება:
- ბიზნესის ზრდისა და ოპერაციების გაფართოებისას;
- ახალი საქმიანობის ან საგადასახადო რეჟიმის არჩევისას;
- კომპანიის რეორგანიზაციის (გაყოფის, შერწყმის) ან შეძენის პროცესში;
- საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შემდეგ.
რეგულარული საგადასახადო აუდიტი კომპანიას ეხმარება ყოველთვის მზად იყოს საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობისთვის.
საგადასახადო აუდიტი, როგორც ბიზნესის სტრატეგიული ინსტრუმენტი
თანამედროვე რეალობაში საგადასახადო აუდიტი აღარ არის მხოლოდ ფინანსური ან ბუღალტრული პროცესი, ის ბიზნესის სტრატეგიული მართვის ნაწილია, რომელიც მენეჯმენტს აძლევს სანდო ინფორმაციას საგადასახადო რისკებსა და შესაძლებლობებზე.
პროფესიონალურად ჩატარებული საგადასახადო აუდიტი ეხმარება კომპანიას:
- მიიღოს ინფორმირებული მენეჯერული გადაწყვეტილებები;
- თავიდან აიცილოს მოულოდნელი ფინანსური დანაკარგები;
- უზრუნველყოს კანონთან სრული შესაბამისობა;
- შექმნას გამჭვირვალე და პროგნოზირებადი საგადასახადო გარემო.
შეჯამება
საგადასახადო აუდიტი არ არის მხოლოდ კონტროლის ინსტრუმენტი – ის არის ბიზნესის დაცვის მექანიზმი. დროულად ჩატარებული და სწორად დაგეგმილი საგადასახადო აუდიტი კომპანიას საშუალებას აძლევს მშვიდად განვითარდეს, მართოს საგადასახადო რისკები და მიიღოს გამჭვირვალე, წინასწარ გათვლილი გადაწყვეტილებები.
თანამედროვე ბიზნესისთვის საგადასახადო აუდიტი აღარ არის არჩევანი – ის აუცილებლობაა.