საგადასახადო დავა არის სამართლებრივი კონფლიქტი გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა მხარეები ვერ თანხმდებიან საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით. მაგალითად, როდესაც საგადასახადო ორგანოს მხრიდან გადასახადის გადამხდელთან ჩატარდება საგადასახადო შემოწმება ან/და მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები და შედეგად პირს დაერიცხება საგადასახადო ვალდებულებები (მათ შორის ძირითადი გადასახადი, ჯარიმა, საურავი) და პირი დარიცხულ თანხებს არ ეთანხმება, სწორედ ამ დროს წარმოიშობა საგადასახადო დავის საჭიროება.
როდის უნდა დაიწყოს საგადასახადო დავა, აქვს თუ არა დავის დაწყებას რაიმე განსაზღვრული ვადა?
საგადასახადო დავა აუცილებელია დაიწყოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში. პირველ რიგში, გადასახადის გადამხდელმა არ უნდა გაუშვას გასაჩივრების ვადა, რადგან გასაჩივრების ვადის გასვლის შემთხვევაში საჩივარი წარმოებაში არ მიიღება, ამიტომ ვადების კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
თავდაპირველად, საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად, მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით. რაც შეეხება საჩივრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადას, იგი საჩივრდება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
აღსანიშნავია, რომ ვადის ათვლა იწყება დოკუმენტის ჩაბარებიდან, ანუ მისი გაცნობიდან მეორე დღეს.
დავის განმხილველი ორგანოები
საქართველოში საგადასახადო დავის განმხილვევლი ორგანოებია:
- ფინანსთა სამინისტროს სისტემა
- სასამართლო
საგადასახადო დავა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში
ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავა ორეტაპიანია:
- პირველ ეტაპზე საჩივარი წარედგინება შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს – სადაც გასაჩივრებული საკითხები სიღრმისეულად და დეტალურად განიხილება. აღნიშნულ პროცესში გადასახადის გადამხდელი თავის მტკიცებულებებს წარადგენს და ცდილობს საგადასახადო აუდიტორის პოზიცია არგუმენტირებულად გააბათილოს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით საჩივარი შესაძლოა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სრულად, ან საერთოდ არ დაკმაყოფილდეს.
ნაწილობრივ ან სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება აღსრულებისთვის უბრუნდება აუდიტის დეპარტამენტს (სტრუქტურულ ერთეულს, რომელმაც ჩაატარა საგადასახადო შემოწმება და განახორციელა თანხების დარიცხვა), რა დროსაც გადასახადის გადამხდელს ეძლევა საშუალება დამატებით წარადგინოს თავისი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოხდება დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება).
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშებულ თანხებს, გადაანგარიშების შედეგებზე გამოცემული დასკვნა კვლავ საჩივრდება შემოსავლების სამსახურში.
- მეორე ეტაპზე საჩივარი წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს – სადაც თქვენ უკვე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას ასაჩივრებთ, მისი ნაწილობრივ ან სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში.
წინა ეტაპის მსგავსად, საჩივარი აქაც მტკიცებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რათა საბჭომ განხილვის შედეგად თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. საჩივრის დაკმაყოფილების (სრულად ან ნაწილობრივ) შემთხვევაში საკითხი კორექტირების (შემცირების) მიზნით უბრუნდება აუდიტის დეპარტამენტს, დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი დავა სასამართლო სისტემაში გადაინაცვლებს.
საგადასახადო დავა სასამართლო სისტემაში
სასამართლოში დავა სტანდარტულად შესაბამის ინსტანციებში მიმდინარეობს – იწყება პირველ ინსტანციაში და გადაინაცვლებს მომდევნო საფეხურებზე.
დავის განხილვაში მონაწილეობა და საჩივრის წარდგენა – დამოუკიდებლად თუ პროფესიონალის დახმარებით?
საგადასახადო დავის წამოწყება და მისი თანმდევი ეტაპები სპეციფიკურ გამოცდილებას მოითხოვს, როგორც პროცედურულ, ისე საგადასახადო საკითხებში, რაც გადასახადის გადამხდელებისთვის პროცესს უფრო ართულებს. აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროფესიონალების ჩართულობა. საჩივარი წარმოებაში არ მიიღება, თუ იგი არ არის შედგენილი შესაბამისი ფორმით ან/და საჩივარში არ იკითხება მოთხოვნის არსი (შინაარსი). საჩივარი უნდა იყოს არგუმენტირებულად მომზადებული და შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული.
საწყის ეტაპზე აუცილებელია აუდიტორის კომპეტენცია, რომელიც შეისწავლის საქმის მასალებს, მოიკვლევს დარიცხული თანხების შემცირების შესაძლებლობებს, მოიძიებს შესაბამის არგუმენტებს და წარადგენს მტკიცებულებებით გამყარებულ საჩივარს, რაც საფუძველია საკითხის გადამხდელის სასარგებლოდ გადაწყვეტისთვის.
მნიშვნელოვანია ის თუ რამდენად არგუმენტირებულად შეუძლია გადასახადის გადამხდელს დაიცვას საკუთარი პოზიცია და ედავოს საგადასახადო ორგანოს – რაშიც კვალიფიციური და გამოცდილი აუდიტორის წარმომადგენლობა არსებითად დაგეხმარებათ.
თუ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავაში მხარდაჭერისთვის საგადასახადო ექსპერტის გამოცდილება საკმარისია, სასამართლოში აუდიტორთან ერთად საჭიროა იურისტის კომპეტენცია, რომელმაც იცის სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადების წესი და აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა განახორციელოს სათანადო წარმომადგენლობა.
რა მოხდება, თუ RS.GE-ზე ატვირთულ საგადასახადო მოთხოვნას ან გადაწყვეტილებას არ გახსნით?
იმ შემთხვევაში თუ საგადასახადო მოთხოვნას ან/და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას RS.GE-ის პორტალზე არ გაეცნობით, ვადის ათვლა მოგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყება. შემოსავლების სამსახური მსგავს დოკუმენტებს RS.GE-ის გარდა, ფოსტითაც აგზავნის. ჩვეულებრივ ფოსტით ორჯერ იგზავნება და ორივეჯერ უკან დაბრუნების შემთხვევაში დოკუმენტები გასაჯაროვდება (გამოქვეყნდება). დოკუმენტების განთავსება ხორციელდება RS.GE-ის ვებ-გვერდზე, საჯარო შეტყობინებების რეესტრში.
გასაჯაროებულია დოკუმენტი ვებ-გვერდზე განთავსებიდან 20 დღეში ჩაბარებულად ითვლება. აქედან გამომდინარე, პირმა არ უნდა იფიქროს, რომ RS.GE-ის პორტალზე დოკუმენტის გაუხსნელობა აარიდებს საგადასახადო ვალდებულებებს, ნებისმიერ შემთხვევაში იგი ჩაბარებულად ჩაითვლება გარკვეული დროის შემდეგ, რადგან არსებობს დოკუმენტების ჩაბარების სხვა გზაც – საჯარო შეტყობინებების სახით. ამდენად, მნიშვნელოვანია პირმა გააკონტროლოს და არ გაუშვას გასაჩივრების ვადა.
რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პირმა გაუშვა გასაჩივრების ვადა?
როდესაც გასაჩივრების ვადა გასულია, სამწუხაროდ მისი გასაჩივრება შეუძლებელია, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა.
გასაჩივრების ვადის გასვლა განსაკუთრებით პრობლემურია პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის 100’000 ლარზე მეტით შემცირების შემთხვევაში, რადგან ის მიიჩნევა გადასახადისგან თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით და საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ეგზავნება.
გასაჩივრების პროცესში საგამოძიებო მოქმედებები ჩერდება მანამ, სანამ დავები არ დასრულდება და საგადასახადო დავალიანება არ აღიარდება. შესაბამისად, თუ გასაჩივრების ვადას გაუშვებს პირი, გამოდის რომ მან აღიარა საგადასახადო დავალიანება და საგამოძიებო მოქმედებებიც აღდგება რაც შესაძლოა დირექტორის პასუხისგებაში მიცემით დასრულდეს.
შესაძლებელია თუ არა საგადასახადო შეთანხმების გაფორმება დავის პარალელურად?
რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. მეტიც, თუ დარიცხული თანხების შემცირების მიზნით საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გაფორმებას აპირებთ, დავის დაწყება აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძირითადი გადასახადი 100 000 ლარს აღემატება.
შეთანხმების გაფორმება ხანგრძლივი პროცესია და დარიცხული თანხა საგადასახადო დავის გარეშე, დიდი ალბათობით, გადავა აღიარებულ დავალიანებაში, რის შემდეგაც შემოსავლების და საგამოძიებო სამსახურები გააგრძელებენ შესაბამის მოქმედებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი მხრივ თქვენი დავალიანება დაექვემდებარება ამოღებას, საგამოძიებო სამსახურები კი გააგრძელებენ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას.
ამასთან, გარანტირებულად არავინ იცის გაგიფორმდებათ თუ არა საგადასახადო შეთანხმება, მოლაპარაკების პროცესი კი არ აზღვევს გადასახადის გადამხდელს (დირექტორს ან მეწარმე ფიზიკურ პირს) პასუხისმგებლობის დაკისრებისგან.
შეჯამება
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლოა ითქვას, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ თანხებზე დროული რეაგირება და კომპეტენტური მხარის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.