თანამედროვე ორგანიზაციებში ყოველდღიურად უამრავი გადაწყვეტილება მიიღება. ამ გადაწყვეტილებებს იღებენ როგორც ფორმალური მენეჯერები, ასევე სხვადასხვა დონის თანამშრომლები მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
გადაწყვეტილების მიღება შედარებით მარტივია მაშინ, როდესაც არსებობს მკაფიო წესები, განსაზღვრულია სტანდარტული პროცედურები და ყველა ერთნაირად აღიქვამს „სწორს“ და „არასწორს“, თუმცა რეალური სირთულე და ნამდვილი ლიდერობა იწყება იქ, სადაც წესები არ არის საკმარისად ნათელი, ან ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ან კიდევ უფრო რთულ შემთხვევაში – საქმე გვაქვს კონფლიქტურ ღირებულებებთან.
ეთიკური დილემები
სწორედ აქ ვდგებით ეთიკური დილემების წინაშე. ეთიკური დილემა არის სიტუაცია, როდესაც რამდენიმე არჩევანი არსებობს და ყველა გარკვეულწილად სწორია, თუმცა ერთმანეთთან კონფლიქტში, ან არჩევანი უნდა გაკეთდეს ორ არასასურველ ალტერნატივას შორის, რაც მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს იმას, რომ არჩევანი „ორი ცუდი“ გადაწყვეტილებიდან უნდა გაკეთდეს ნაკლებად დამაზიანებელზე.
შესაბამისად, ასეთ დროს არც ერთი გადაწყვეტილება არ არის 100%-ით კომფორტული, მაგრამ ლიდერობა არ არის კომფორტული საქმე, ის ძალიან დიდ გამბედაობას და პასუხისმგებლობას მოიაზრებს თავის თავში.
ეთიკური დილემები ორგანიზაციებში ხშირად ძალიან პრაქტიკულ ფორმებს იღებს. ასე მაგალითად:
შედეგები თუ ადამიანები?
როგორ უნდა მოიქცეს ლიდერი, როცა თანამშრომლის შედეგები მკვეთრად უარესდება მისი პირადი პრობლემების გამო? რა უფრო მაღლა უნდა დადგეს -ადამიანური ფაქტორები თუ ორგანიზაციული შედეგები, რომელსაც ყველა სხვა თანამშრომელზე აქვს გავლენა? გეყოფოდათ გამბედაობა დაგეცვათ ასეთი თანამშრომელი გათავისუფლებისგან, როდესაც ორგანიზაციაში გუნდური შედეგი გაუარესდებოდა და გაიზრდებოდა თანამშრომელთა უკმაყოფილება?
მეგობრობა თუ სამართლიანობა?
ან რა მოხდებოდა მაშინ, როდესაც კოლეგა და მეგობარი დაარღვევდა შეთანხმებულ წესებს? „მეგობრულად დაუდგებოდით გვერდში“ თუ დაიცავით ორგანიზაციის წესებს? პირნათლად შეასრულებდით თქვენს მოვალეობას, რომელიც ზოგადად სამართლიანობის გარემოს შექმნიდა და სხვებსაც მაგალითს მისცემდა, თუ უერთგულებდით მეგობრობას?
გამჭვირვალობა თუ რეპუტაცია?
როგორ უნდა ხდებოდეს ორგანიზაციაში შეცდომების აღიარება? რა მოხდებოდა იმ დროს თუ შეცდომების აღიარება დიდ რეპუტაციულ ზიანს მოიტანდა? როგორ მოიქცეოდა ასეთ დროს ეთიკური ლიდერი? გაცნობიერებულად დააზიანებდა ორგანიზაციის იმიჯს, რითაც შეინარჩუნებდა პირად რეპუტაციას და სამართლიან გარემოს, თუ იზრუნებდა ორგანიზაციის სახელზე?
არცერთ ასეთ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება ადვილი არ არის – თუ პირადი ინტერესით იმოქმედებ და გაამჟღავნებ შეცდომას, შეინარჩუნებ პატივისცემას თანამშრომლების თვალში, მაგალითს მისცემ სხვებს და ავტორიტეტსაც აიმაღლებ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ლიდერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ, რთულია გაცნობიერებულად ორგანიზაციის რეპუტაციის დაზიანება, რაც იწვევს მომხმარებლების ნდობის დაკარგვას, ამცირებს შემოსავალს, აშინებს არსებულ და მომავალ პარტნიორებს.
ეთიკური გადაწყვეტილებისთვის აუცილებელი პრაქტიკული რჩევები
ეთიკური ლიდერი არის ის, ვინც ასეთი წნეხის, გაურკვევლობისა და ღირებულებათა კონფლიქტის პირობებში ახერხებს გაცნობიერებული არჩევანის გაკათებას, ხსნის არჩეული გადაწყვეტილების მიზეზებს, არ გაურბის შედეგებზე პასუხისმგებლობას და სხვას არ აბრალებს წარუმატებლობას.
შესაბამისად, ეთიკური დილემების გადაწყვეტა ლიდერისგან, უპირველესად, მოითხოვს მაღალ ემოციურ ინტელექტს და რაციონალური, კარგად გაზრებული ნაბიჯების გადადგმას.
ფაქტების დადგენა – რეალობა ემოციების გარეშე
პირველი ნაბიჯი არის რეალობის სწორად დანახვა. ხშირად ემოციური რეაქცია ცვლის ფაქტებს, ამიტომ აუცილებელია კითხვების დასმა, რაც გვიცავს ემოციური დასკვნებისგან და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან:
- რა მოხდა რეალურად?
- ვინ არიან ჩართული პირები, ვის შეიძლება შეეხოს გადაწყვეტილება?
- რა არის რისკები?
- არსებობს თუ არა მსგავსი წინა გამოცდილება?
- გამოყენებულია თუ არა ყველა შესაძლო რესურსი?
დაინტერესებული მხარეების ანალიზი
ნებისმიერი გადაწყვეტილება გავლენას ახდენს სხვადასხვა ადამიანზე. აუცილებელია გაანალიზდეს, ვისზე აისახება ეს გადაწყვეტილება; როგორ განსხვავდება მათი ინტერესები; თითოეულისთვის რა იქნება შედეგი მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში?
ფაქტების გამოკვლევისა და დაინტერესებული მხარეების ანალიზის შემდეგ, ეთიკური დილემების გადაწყვეტა შეიძლება დაეფუძნოს რამდენიმე კლასიკურ პრინციპს:
- უტილიტარიზმი (Utilitarianism) – ანუ რაოდენობრივი მიდგომა, ამ დროს გადაწყვეტილების ისარი, როგორც წესი, იხრება იმ მიმართულებით, საითაც ყველაზე მეტი სარგებელია ყველაზე მეტი ადამიანისთვის. ამ მიდგომის მიხედვით, გადაწყვეტილება ფასდება მისი შედეგებით. თუ ერთი ალტერნატივა ქმნის უფრო მეტ საერთო სიკეთეს, ის შეიძლება ჩაითვალოს უფრო სწორად, რაც მაგალითად, პირადი პრობლემების გამო გაუარესებული შესრულების შემთხვევის ანალიზისას შეიძლება გამოგვადგეს. თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ უმცირესობის ინტერესები არ უნდა ემსხვერპლოს მხოლოდ „რაოდენობრივ სარგებელს“. ხანდახან ორგანიზაციულ კონტექსტში, ლიდერობა არაპოპულარული გადაწყვეტილებებისთვის აუცილებელი გამბედაობითაც ვლინდება.
- დეონტოლოგია – აღნიშნული მიდგომა ეფუძნება პრინციპს, რომ არსებობს წესები და ღირებულებები, რომლებიც უნდა დავიცვათ შედეგების მიუხედავად. მაგალითად: სიმართლის თქმა და შეთანხმებული წესების დაცვა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება სწორია არა იმიტომ, რომ საუკეთესო შედეგი მოაქვს, არამედ იმიტომ, რომ შეესაბამება სწორ ქცევას. აღნიშნული პრინციპი შეიძლება გამოგვადგეს, მეგობრის მიერ წესების დარღვევის მაგალითის განხილვის შემთხვევაში.
- სამართლიანობის პრინციპის გამოყენება – აღნიშნული განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანაბარ მოპყრობას, გამორიცხავს დისკრიმინაციას და გულისხმობს ერთიანი სტანდარტების დაცვას ორგანიზაციებში. მთავარი კითხვა, რომელიც უნდა დაისვას გადაწყვეტილების მიღებამდე არის – რამდენად იქნება ის სამართლიანი ყველა მხარისათვის? კერძოდ, თუ ერთი თანამშრომლისთვის ვაკეთებთ გამონაკლისს, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, შევძლებ თუ არა იგივე გადაწყვეტილების მიღებას სხვა თანამშრომლის შემთხვევაშიც, ან თუ განვიხილავთ კომპანიის რეპუტაციული ზიანის მაგალითს, გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნას კომპანიის იმიჯის შენარჩუნების სასარგებლოდ, რაც თანამშრომლებისთვის და მათი სტაბილურობისთვის აუცილებელია და სამართლიანიც არ იქნებოდა ერთი შეცდომის გამო გუნდის გაწირვა, მაგრამ იგივე გადაწყვეტილება სამართლიანი იქნებოდა კომპანიის მომხმარებელებისთვის? პარტნიორებისთვის?
ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მიღებული რთული გადაწყვეტილების „სისწორის“ შემოწმება შესაძლებელია „საჯარო ტესტით“.
აქაც, როგორც ყველა შემთხვევაში, მთავარია დავსვათ სწორი კითხვა და ვუპასუხოთ გულწრფელად – რას ვიზამთ თუ ეს რთული ეთიკური დილემა გახდება საჯარო და მიღებული გადაწყვეტილებაც, მათ შორის, გახდება ყველასთვის ცნობილი, შევძლებთ ჩვენი პოზიციის დაცვას? თუ ამ კითხვაზე პასუხი იქნება უარყოფითი, დიდი ალბათობით,გადაწყვეტილება ეთიკურად პრობლემურია. სხვა შემთხვევაში, დილემების გადაწყვეტა, გარდა იმისა რომ რთულია, სიმამაცის საკითხიც არის.
რთულია იმიტომ, რომ მოითხოვს ემპათიას და სხვების მდგომარეობის საკუთარივით გააზრებას, კრიტიკულ აზროვნებას, სიტუაციის ობიექტურად და ყოველმხრივ შეფასებას, თანმიმდევრულობას.
მაგრამ ნამდილი ლიდერი არის ის, ვინც რთულ სიტუაციაში აკეთებს გაცნობიერებულ არჩევანს, იცავს ღირებულებებს და იღებს პასუხისმგებლობას მიღებულ შედეგებზე.