blog

მდგრადი დაფინანსება – ფინანსური სტაბილურობა კლიმატის ცვლილების ეპოქაში

როგორ ცვლის კლიმატთან დაკავშირებული რისკები ფინანსური სისტემის მდგრადობას და რატომ იქცა მდგრადი დაფინანსება გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებელ წინაპირობად?

კლიმატის ცვლილება თანამედროვე ეკონომიკისა და ფინანსური სისტემების წინაშე მდგომ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და სტრუქტურულ გამოწვევას წარმოადგენს. ტემპერატურის მატება, ექსტრემალური ამინდის გახშირებული და ინტენსიური ხასიათი, ბიომრავალფეროვნების კლების ტენდენცია და გარემოს სწრაფი გაუარესება არსებითად გარდაქმნის ეკონომიკური აქტივობის სტრუქტურას, რისკის პროფილს და განვითარების ტრაექტორიას. ფინანსური სისტემებისთვის აღნიშნული პროცესები აღარ აღიქმება როგორც აბსტრაქტული ან შორეული ეკოლოგიური საფრთხეები. ისინი რეალური და მატერიალური რისკებია, რომლებიც გავლენას ახდენენ საკრედიტო ხარისხზე, კაპიტალის განაწილებაზე, ლიკვიდურობის პირობებზე და მთლიანად სისტემურ მდგრადობაზე.

ამ მზარდი გამოწვევების კონტექსტში, მდგრადი დაფინანსება ჩამოყალიბდა კრიტიკულ ჩარჩოდ, რომელიც გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) ფაქტორებს ფინანსური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინტეგრირებულად განიხილავს. მისი ამოცანა ორმხრივია: ერთის მხრივ, გააძლიეროს ფინანსური ინსტიტუტების უნარი კლიმატთან და სხვა ESG ფაქტორებთან დაკავშირებული რისკების მართვაში; ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოს კაპიტალის მობილიზება იმ ეკონომიკური საქმიანობებისკენ, რომლებიც ხელს უწყობენ უფრო მწვანე, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის ჩამოყალიბებას.

გლობალურ დონეზე ცენტრალურმა ბანკებმა და ფინანსურმა საზედამხედველო ორგანოებმა მკაფიოდ აღიარეს ეს ორი ამოცანა. საქართველო ამ პროცესს არ ჩამორჩება. საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით, ქვეყანამ ჩამოაყალიბა მდგრადი დაფინანსების განვითარების პროაქტიული დღის წესრიგი, მიიღო ESG-ზე დაფუძნებული ჩარჩოები და დანერგა რეგულაციები, პოლიტიკა, სახელმძღვანელო მითითებები და ინსტრუმენტები, რომელთა მიზანია მდგრადი ფინანსური ეკოსისტემის საფუძვლების გაძლიერება.

წინამდებარე სტატია მიმოიხილავს მდგრად დაფინანსებას, როგორც ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ საყრდენს კლიმატის ცვლილების ეპოქაში. იგი განიხილავს კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკების ბუნებას, მარეგულირებელ და საზედამხედველო რეაგირებას, ასევე ESG ფაქტორების ინტეგრაციის მნიშვნელობას მდგრადი ტრანზიციის ხელშეწყობის პროცესში.

კლიმატის ცვლილება, როგორც ფინანსური სტაბილურობის გამოწვევა

კლიმატის ცვლილება გარემოსდაცვით რისკებს შორის ყველაზე კრიტიკულ ფაქტორად ყალიბდება, რომელსაც პირდაპირი და ირიბი გავლენა აქვს ფინანსურ სტაბილურობაზე. პარიზის შეთანხმებამდე, წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები უკვე იწყებდნენ კლიმატთან და უფრო ფართო ESG რისკებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გააზრებას, მათი სტრატეგიული დაგეგმვისა და რისკების მართვის სისტემებში ინტეგრირების გზით. ამ პროცესის დაჩქარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა მარკ კარნის 2015 წლის გამოსვლამ ლონდონის Lloyd’s-ში.

ინგლისის ბანკის მმართველისა და ფინანსური სტაბილურობის საბჭოს თავმჯდომარის სტატუსიდან, კარნის გაფრთხილებებს განსაკუთრებული საერთაშორისო წონა ჰქონდა. გამოსვლის ჩატარებამ Lloyd’s-ში, დაზღვევისა და რისკების მართვის ისტორიულ ცენტრში, მკაფიოდ წარმოაჩინა ფინანსური სექტორის მზარდი კონსენსუსი, რომ კლიმატის ცვლილება არა მხოლოდ შორეულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს ფინანსური სტაბილურობისთვის, არსებით საფრთხეს. ავტორიტეტული ხმისა და სიმბოლური ადგილის ამ კომბინაციამ, კლიმატისა და ESG რისკები გლობალურ ფინანსურ დღის წესრიგში დააყენა COP21-ის წინა თვეებში, რითაც ხელი შეუწყო დღევანდელი მდგრადი ფინანური ჩარჩოს ინტელექტუალური და პოლიტიკური საფუძვლის ჩამოყალიბებას.

მარკ კარნის 2015 წლის გამოსვლა ლონდონის Lloyd’s-ში შეეხო კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ მზარდ სისტემურ რისკებს და დაასაბუთა, რომ ეს რისკები მასშტაბითა და მახასიათებლით უპრეცედენტოა. მან მიუთითა დაგროვილ სამეცნიერო მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახავდა ტემპერატურის ზრდას, სათბურის აირების კონცენტრაციის რეკორდულ დონესა და ზღვის დონის აჩქარებულ მატებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლიმატთან დაკავშირებული დარღვევები უკვე გაზომვადი იყო, რადგან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 1980-იანი წლებიდან სამჯერ გაიზარდა ამინდთან დაკავშირებული ზარალის შემთხვევები და ხუთჯერ – სადაზღვევო ზარალი. ამ დაკვირვებებმა საფუძველი ჩაუყარა მის ცენტრალურ არგუმენტს: კლიმატის ცვლილება არ არის შორეული გარემოსდაცვითი საკითხი, არამედ ფინანსური სტაბილურობის აწმყო და მზარდი საზრუნავი.

კარნის მიერ შემოთავაზებულმა „ჰორიზონტის ტრაგედიის“ კონცეფციამ აჩვენა, რომ კლიმატური რისკები ვითარდება დროით ჰორიზონტზე, რომელიც ცდება ბიზნესისა და პოლიტიკის სტანდარტულ დაგეგმვის ციკლს. ვინაიდან ყველაზე მძიმე შედეგები სცილდება ტიპურ ბიზნეს, პოლიტიკურ და ფინანსურ ციკლებს, ამჟამინდელ თაობას არ გააჩნია საკმარისი სტიმული პრობლემის შესამსუბუქებლად, მიუხედავად იმისა, რომ რისკების უმეტესობას თავად ქმნის. მისი გაფრთხილებით, იმ დროისთვის, როდესაც კლიმატის ცვლილება ფინანსური სტაბილურობის განმსაზღვრელ საფრთხედ იქცევა, შესაძლოა რეაგირება უკვე გვიანი იყოს. ამგვარმა ფორმულირებამ ხაზი გაუსვა ფინანსურ ბაზრებზე შორსმჭვრეტელი ანალიზისა და გრძელვადიანი რისკების მართვის გადაუდებელ აუცილებლობას.

მის სიტყვით გამოსვლაში ასევე გამოიკვეთა სამი ძირითადი არხი, რომელთა მეშვეობითაც კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ფინანსურ სტაბილურობაზე: ფიზიკური, პასუხისმგებლობისა და გარდამავლობის (ტრანზიციული) რისკები. ფიზიკური რისკები მოიცავს კლიმატთან დაკავშირებული მოვლენებით გამოწვეულ პირდაპირ ზიანს; პასუხისმგებლობის რისკები წარმოიშობა მაშინ, როდესაც მხარეები ითხოვენ კომპენსაციას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზარალისთვის; ხოლო ტრანზიციული რისკები ჩნდება დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე მოულოდნელი გადასვლის შედეგად. ამ არხების გამიჯვნით, კარნიმ წარმოადგინა კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკების შეფასების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ყოვლისმომცველი სტრუქტურა – მიდგომა, რომელმაც შემდგომში გავლენა მოახდინა მდგრადი ფინანსების ახალ რეგულაციებზე, გამჟღავნების სტანდარტებსა და რისკების მართვის მეთოდოლოგიებზე მთელ მსოფლიოში. 

კარნის გამოსვლას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მან ხელი შეუწყო მდგრადი ფინანსების, როგორც დამოუკიდებელი დარგის, განვითარების აჩქარებას. ამ სიტყვამ ინტელექტუალური საფუძველი ჩაუყარა ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების სამუშაო ჯგუფი (TCFD), რომელსაც კარნი, როგორც ფინანსური სტაბილურობის საბჭოს თავმჯდომარე, მხარს უჭერდა. მისმა არგუმენტებმა წაახალისა მარეგულირებლები, ინვესტორები და სადაზღვევო კომპანიები, რათა კლიმატის საკითხები ინტეგრირებულიყო მმართველობაში, რისკების შეფასებასა და სტრატეგიულ დაგეგმვაში. კლიმატის ცვლილების ფინანსურ – და არა მხოლოდ ეკოლოგიურ –  საკითხად წარმოჩენით, კარნიმ დააჩქარა გლობალური აღიარება იმისა, რომ კლიმატური რისკები აუცილებლად უნდა ჩაერთოს ფინანსური სისტემის ზედამხედველობაში. გლობალური გაგების ამგვარ ცვლილებაზე დაყრდნობით, ფინანსურ სტაბილურობასა და მდგრადი ფინანსების ჩარჩოს შორის ურთიერთობა გადამწყვეტი ხდება იმის ასახსნელად, თუ როგორ არის კლიმატური და უფრო ფართო ESG რისკები დღეს ინტეგრირებული თანამედროვე ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის არსში.

ფინანსური სტაბილურობა და მდგრადი დაფინანსების ჩარჩო

ფინანსური სტაბილურობა და მდგრადი დაფინანსების ჩარჩო ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ურთიერთგამაძლიერებელ როლს ასრულებს რისკების მართვის, კაპიტალის განაწილებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობის მიმართულებით. მდგრადი დაფინანსების ჩარჩო აძლიერებს ფინანსურ სტაბილურობას იმით, რომ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) ფაქტორებსა და კლიმატთან დაკავშირებულ რისკებს, რომლებიც დღეს უკვე ფართოდ არის აღიარებული, როგორც მატერიალური ფინანსური რისკები, სისტემურად აერთიანებს ფინანსური გადაწყვეტილების მიღების პროცესში მთელ ფინანსურ სისტემაში. ამავდროულად, სტაბილური და ეფექტურად რეგულირებული ფინანსური სისტემა აუცილებელი წინაპირობაა მდგრადი განვითარების და კლიმატური მიზნების მისაღწევად საჭირო მასშტაბური და გრძელვადიანი ინვესტიციების მობილიზებისთვის.

ფინანსური სტაბილურობა გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ფინანსურ სისტემას, მათ შორის ბანკებს, ფინანსურ ბაზრებსა და სხვა ინსტიტუტებს, შეუძლია გაუძლოს შოკებს, უწყვეტად უზრუნველყოს საკრედიტო და გადახდის სერვისების მიწოდება და შეუფერხებლად დაუჭიროს მხარი ეკონომიკურ საქმიანობას. სტაბილური სისტემა ეფექტიანად მართავს რისკებს, ინარჩუნებს ნდობას და ხელს უშლის სისტემური კრიზისების განვითარებას. ამის საპირისპიროდ, მდგრადი დაფინანსების ჩარჩო ფინანსური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინტეგრირებულად მოიაზრებს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) ფაქტორებს, მათ შორის კლიმატთან და ბუნებასთან დაკავშირებულ რისკებს. მისი მიზანია როგორც ESG-თან დაკავშირებული რისკების მართვა, ისე კაპიტალის ნაკადების გადამისამართება გარემოსდაცვითად და სოციალურად სასარგებლო ეკონომიკური საქმიანობისკენ.

პრაქტიკაში, მდგრადი დაფინანსება ორ ძირითად ფუნქციას ასრულებს: რისკების შემცირება და მდგრადი კაპიტალის განაწილება. მდგრადი კაპიტალის განაწილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სტრუქტურირებული მიდგომების გამოყენება, როგორიცაა მდგრადი ტაქსონომიები, რომლებიც ინვესტიციებს წარმართავს გარემოსდაცვითად და სოციალურად სასარგებლო საქმიანობებისკენ; აღნიშნული მექანიზმები დეტალურად იქნება განხილული მომდევნო სტატიაში. რისკების შერბილება კი მოითხოვს ფინანსური ინსტიტუტებისგან შეაფასონ, თუ როგორ აისახება ESG ფაქტორები, განსაკუთრებით კლიმატთან დაკავშირებული რისკები, მათ პორტფელებსა და ბიზნეს მოდელებზე. კლიმატური და სხვა ESG რისკების ზუსტი შეფასებით, ფინანსური სისტემა ხდება უფრო გამძლე და სტაბილური.

მდგრადი ფინანსები ხელს უწყობს ამ სტაბილურობას შემდეგი გზებით: კლიმატზე მგრძნობიარე სექტორებისადმი დაქვემდებარების შემცირებით; სცენარული ანალიზის მეშვეობით რისკების წინმსწრები შეფასების გაუმჯობესებით; მდგრადობის ანგარიშგების საშუალებით გამჭვირვალობის გაზრდით; მდგრადი ინდუსტრიებისკენ დივერსიფიკაციის წახალისებით და მოწესრიგებული ტრანზიციის მხარდაჭერით, რაც მინიმუმამდე ამცირებს ბაზრის მოულოდნელ კორექტირებებს. შედეგად, მდგრადი ფინანსები აძლიერებს კავშირს ფინანსური სექტორის ეფექტურობასა და საზოგადოების გრძელვადიან კეთილდღეობას შორის.

თავად ESG რისკები სხვადასხვა არხით ყალიბდება. ფიზიკური კლიმატური რისკები მომდინარეობს როგორც მწვავე მოვლენებიდან, წყალდიდობები, ქარიშხლები, სიცხის ტალღები, ასევე გახანგრძლივებული ქრონიკული გარემოსდაცვითი ცვლილებებიდან, როგორიცაა ტემპერატურის მატება, წყლის რესურსების დეფიციტი, ნიადაგის დეგრადაცია და ნალექების რეჟიმის ცვლილება. აღნიშნულმა პროცესებმა შესაძლოა შეაფერხოს ეკონომიკური საქმიანობა, დააზიანოს ინფრასტრუქტურა, შეამციროს აქტივების ღირებულება და შეასუსტოს როგორც შინამეურნეობების, ისე კორპორაციების მდგრადობა. ბანკებისთვის ასეთი ფიზიკური შოკები ითარგმნება საკრედიტო რისკებად (მსესხებლების გადახდისუუნარობა), საბაზრო რისკებად (გირაოს ღირებულების შემცირება) და საოპერაციო რისკებად (საქმიანობის შეფერხება და ხარჯების ზრდა).

გარდამავლობის რისკები უკავშირდება გლობალურ გადასვლას დაბალნახშირბადიან ეკონომიკურ მოდელებზე, რაც განპირობებულია პოლიტიკის ცვლილებებით, ტექნოლოგიური ინოვაციებითა და ბაზრის ცვალებადი პრეფერენციებით. ნახშირბადით ინტენსიური სექტორები განიცდიან გაზრდილ ზეწოლას, მათ შორის აქტივების დაჩქარებულ ამორტიზაციას და მომგებიანობის შემცირების რისკს, განსაკუთრებით სწრაფი ან არაორგანიზებული ტრანზიციის პირობებში. სოციალური და მმართველობითი ფაქტორები,როგორიცაა შრომითი უფლებები, საზოგადოებაზე ზემოქმედება, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა, სამეთვალყურეო ორგანოების ზედამხედველობა და ეთიკური ქცევა, დამატებით გავლენას ახდენს ფინანსურ მდგრადობაზე რეპუტაციული რისკებისა და გრძელვადიანი საქმიანობის შედეგების ფორმირების გზით.

Screenshot 81
Figure 1 – Climate-Related Risks, Opportunities, and Financial Impact (TCFD)

დიაგრამა ასახავს, თუ როგორ უკავშირდება კლიმატთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები ორგანიზაციის ფინანსურ მაჩვენებლებს, მისი სტრატეგიული დაგეგმვის გავლით. გარდამავლობის რისკები, მათ შორის პოლიტიკის ცვლილებები, ტექნოლოგიური ძვრები, საბაზრო დინამიკა და რეპუტაციული ზეწოლა  და ფიზიკური რისკები, როგორც მწვავე მოვლენები, ასევე ქრონიკული გარემოსდაცვითი ცვლილებები, აყალიბებს ორგანიზაციის ESG რისკის ჩარჩოს. პარალელურად, კლიმატთან დაკავშირებული შესაძლებლობები, როგორიცაა რესურსების ეფექტიანი გამოყენება, ენერგიის განახლებადი წყაროები, ინოვაციური პროდუქტები და სერვისები, ბაზრების გაფართოება და მდგრადობის გაძლიერება, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტრატეგიის ფორმირებაში. აღნიშნული რისკებისა და შესაძლებლობების ერთობლიობა გავლენას ახდენს ფინანსურ შედეგებზე შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებებისა და დაფინანსების საჭიროებების ცვლილების გზით, რაც საბოლოოდ აისახება მოგება-ზარალის ანგარიშგებაში, ფულადი ნაკადების ანგარიშსა და ბალანსზე.

ამგვარი კომპლექსური და ურთიერთდაკავშირებული რისკების პირობებში, ფინანსური სისტემები სულ უფრო მეტად საჭიროებენ გამჭვირვალობის, გაზომვისა და გამჟღავნების ჰარმონიზებულ მიდგომებს. სწორედ ამ საჭიროებამ განაპირობა საერთაშორისო ESG და მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების განვითარება, მათ შორის კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების სამუშაო ჯგუფის (TCFD) შექმნა, რომელიც დაფუძნდა ფინანსური სტაბილურობის საბჭოს (FSB) მიერ. TCFD-მ შეიმუშავა გლობალური ჩარჩო, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს სისტემურად დააინტეგრირონ და გაამჟღავნონ კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკები. TCFD-ის რეკომენდაციები ფოკუსირებულია ოთხ ძირითად საყრდენზე: მმართველობა (Governance), სტრატეგია (Strategy), რისკების მართვა (Risk management) და მეტრიკა და სამიზნეები (Metrics and targets).

მმართველობა ეხება დირექტორთა საბჭოსა და მენეჯმენტის მიერ კლიმატურ საკითხებზე ზედამხედველობას. სტრატეგია მოითხოვს კლიმატური რისკებისა და შესაძლებლობების რეალური და პოტენციური ზემოქმედების გამჟღავნებას ბიზნეს მოდელებსა და ფინანსურ დაგეგმვაზე. რისკების მართვა ფოკუსირებულია იმ პროცესებზე, რომლებიც გამოიყენება კლიმატთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და მართვისთვის. მეტრიკა და სამიზნეები უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციებმა წარმოადგინონ ის ინდიკატორები და მიზნები, რომლებსაც იყენებენ კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების მართვის ეფექტურობის შესაფასებლად. ეს ოთხი ელემენტი ქმნის გამჭვირვალე და გადაწყვეტილების მიღებისთვის სასარგებლო ანგარიშგების საფუძველს, რაც ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს შეაფასონ, რამდენად ეფექტიანად რეაგირებს ორგანიზაცია კლიმატთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებზე.

TCFD დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კლიმატური ანგარიშგების გლობალურ მოდელად და საფუძვლად დაედო საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს, მდგრადობის სტანდარტი 2: კლიმატთან დაკავშირებული გამჟღავნება (IFRS S2), რომელიც შემუშავებულია მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (ISSB) მიერ. 2023 წელს ფინანსური სტაბილურობის საბჭომ ოფიციალურად გადასცა TCFD-ის მონიტორინგის ფუნქციები ISSB-ს, რითაც აღიარა, რომ IFRS S1 და IFRS S2 სრულად ეფუძნება და აერთიანებს TCFD-ის ჩარჩოს. TCFD-ის ძირითადი საყრდენები, მმართველობა, სტრატეგია, რისკების მართვა და ინდიკატორები და სამიზნე მაჩვენებლები, უცვლელად ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას ISSB-ის ფარგლებში, რაც მკაფიოდ არის ასახული IFRS S1-სა და IFRS S2-ის მოთხოვნებში.

TCFD/ISSB-სგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა ბუნებასთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების სამუშაო ჯგუფი (TNFD), რომელიც კლიმატის ფარგლებს სცდება და მოიცავს ბუნებასთან დაკავშირებულ დამოკიდებულებებს, გავლენებს, რისკებსა და შესაძლებლობებს. TNFD ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებსა და კომპანიებს გაიაზრონ, თუ როგორ შეიძლება ბიომრავალფეროვნების შემცირებამ, ტყეების გაჩეხვამ და ეკოსისტემების გაუარესებამ გავლენა მოახდინოს ფინანსურ შედეგებსა და გრძელვადიან მდგრადობაზე.

ევროპის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტები (ESRS), რომლებიც სავალდებულოა ევროკავშირის კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) ფარგლებში, აერთიანებს როგორც ფინანსურ მატერიალურობას, ისე გარემოსდაცვით და სოციალურ გავლენას, ე.წ. „ორმაგი მატერიალურობის პრინციპი“. აღნიშნული მიდგომა მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, დაწყებული კლიმატითა და დაბინძურებით, დასრულებული ადამიანის უფლებებითა და მმართველობით. ორმაგი მატერიალურობის პრინციპი უზრუნველყოფს მდგრადობის შედეგების ჰოლისტიკურ გააზრებას, ასახავს როგორც იმას, თუ როგორ მოქმედებს მდგრადობის საკითხები კომპანიაზე („გარედან-შიგნით“ პერსპექტივა), ისე იმას, თუ როგორ მოქმედებს თავად კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე („შიგნიდან-გარეთ გასვლის“ პერსპექტივა). შედეგად, იქმნება კომპანიის მდგრადობის ნაკვალევისა და მედეგობის უფრო სრულყოფილი სურათი, რაც ხელს უწყობს ინვესტორების, რეგულატორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას.

ESRS-ს ავსებს ბაზელის გამჟღავნების ჩარჩო (საყრდენი 3 კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისთვის), რომელსაც ფოკუსი ფინანსური სისტემის სტაბილურობაზე გადააქვს და კონკრეტულად მიზნად ისახავს ბანკების კლიმატური რისკებისადმი მოწყვლადობის გამჟღავნებას. თუ ESRS ძირითადად ასახავს კომპანიის გავლენას საზოგადოებაზე და გარემოზე, ბაზელის ჩარჩო ავალდებულებს ბანკებს გაამჟღავნონ, თუ როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება, ფიზიკური და გარდამავლობის რისკების სახით, მათ აქტივების ხარისხზე, კაპიტალის ადეკვატურობასა და საერთო გადახდისუნარიანობაზე. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ფინანსური სექტორი პროაქტიულად მართავდეს „გარედან-შგნით“ ტიპის მდგრადობის რისკებს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას.

ერთად, ეს გლობალური ჩარჩოები ქმნიან ურთიერთდაკავშირებულ ეკოსისტემას, რომელიც აუმჯობესებს გამჭვირვალობას, შესადარისობას და ანგარიშვალდებულებას, რაც ფინანსურ სისტემებს მთელ მსოფლიოში საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად მართონ ESG რისკები და მხარი დაუჭირონ უფრო მდგრად ეკონომიკას. აღნიშნული სტანდარტები ქმნის თანმიმდევრულ საფუძველს ESG და კლიმატთან დაკავშირებული რისკების გამოვლენის, რაოდენობრივი შეფასებისა და გამჟღავნებისთვის, უზრუნველყოფს მდგრადი გადაწყვეტილებების უფრო ღრმა ინტეგრაციას ფინანსურ საქმიანობაში და ხელს უწყობს ბაზრების ფუნქციონირებას მკაფიო, შედარებადი და გადაწყვეტილების მიღებისთვის სასარგებლო ინფორმაციის პირობებში.

საქართველოს მდგრადი დაფინანსების ჩარჩო: ეროვნული პოლიტიკისა და საზედამხედველო პრაქტიკის მაგალითი

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) რეგიონულ ლიდერად იქცა მდგრადი დაფინანსების სფეროში, შექმნა რა ყოვლისმომცველი პოლიტიკისა და ზედამხედველობის ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს (ESG) ფაქტორების ინტეგრირებას ფინანსური სექტორის განვითარების ძირითად ასპექტებში. აღნიშნული ჩარჩო მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი რისკებისა და შესაძლებლობების სისტემურ ჩაშენებას ფინანსური სისტემის განვითარებაში და ეფუძნება ოთხ ძირითად და ორ მხარდამჭერ საყრდენს: მდგრადი ფინანსური ნაკადების ხელშეწყობა; ESG ინტეგრაცია და რისკების მართვა; გამჭვირვალობა, ანგარიშგება და მონაცემთა ხელმისაწვდომობა; საქართველოს ეროვნულ ბანკში მდგრადი გადაწყვეტილებების მიღება; ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება; ადგილობრივი და საერთაშორისო კოორდინაცია და პარტნიორობა. თითოეული აღნიშნული მიმართულება მიზანმიმართულად პასუხობს ფინანსური სისტემის მდგრადობის განმტკიცების კონკრეტულ ასპექტს კლიმატის ცვლილებისა და მდგრადობის სისტემური გამოწვევების პირობებში. ერთობლიობაში, ეს საყრდენები ასახავს სებ-ის სტრატეგიულ ხედვას, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს ფინანსური სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციასა და ეროვნული მდგრადი განვითარების პრიორიტეტების მხარდაჭერაზე.

ჩარჩოს ერთ-ერთ ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს ESG სახელმძღვანელოებისა და გაძლიერებული კორპორაციული მმართველობის მოთხოვნების დანერგვა, რომლებიც შემუშავებულია ორმაგი მატერიალურობის პრინციპის საფუძველზე. აღნიშნული სახელმძღვანელოები ავალდებულებს ფინანსურ ინსტიტუტებს გამოავლინონ ESG რისკები და შესაძლებლობები, გაითვალისწინონ სტრატეგიულ დაგეგმვაში და განახორციელონ ESG სათანადო შემოწმება როგორც ინდივიდუალური ფინანსური ოპერაციების, ისე პორტფელურ დონეზე. ESG პასუხისმგებლობების სამეთვალყურეო საბჭოსა და აღმასრულებელი მენეჯმენტის მანდატებში ინსტიტუციონალიზაციით, სებ უზრუნველყოფს მდგრადობის საკითხების ინტეგრირებას გადაწყვეტილების მიღების უმაღლეს დონეზე. შედეგად, კომერციული ბანკები და მიკრობანკები ვალდებულნი არიან დანერგონ ESG რისკების მართვის სისტემები, რომლებიც გავლენას ახდენს საკრედიტო პოლიტიკაზე, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობაზე და გრძელვადიან კორპორაციულ სტრატეგიაზე.

სებ-ის კლიმატური სტრეს-ტესტირების ჩარჩო წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს კლიმატურ-ფინანსური მოწყვლადობის შეფასების კუთხით, რაც საქართველოს სთავაზობს პირველ სრულად ინტეგრირებულ სისტემას ბანკების მდგრადობის შესაფასებლად როგორც ფიზიკური, ისე გარდამავალი რისკების მიმართ. ჩარჩო აერთიანებს სპეციალიზებულ მოდელებს მწვავე ფიზიკური რისკების, მათ შორის ექსტრემალური ტემპერატურული მოვლენების, ინტენსიური ნალექისა და ძლიერი ქარის, ასევე ქრონიკული კლიმატური ცვლილებებისა და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებული რისკების შესაფასებლად. 

მოდელირებისა და NGFS-ის სცენარებზე დაფუძნებული ანალიზის გამოყენებით, ჩარჩო რაოდენობრივად აფასებს კლიმატური შოკების გავლენას მაკროეკონომიკურ და მაკროფინანსურ მაჩვენებლებზე, მსესხებელთა გადახდისუნარიანობაზე, სექტორულ სესხების მაჩვენებლებზე და ბანკების კაპიტალის ადეკვატურობაზე. აღნიშნული სისტემა აძლიერებს როგორც მიკრო-, ისე მაკროპრუდენციული ზედამხედველობის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას კლიმატური გაურკვევლობის პირობებში.

აღნიშნულ რისკების შეფასების ინსტრუმენტებს ავსებს საქართველოს მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, რომელიც ქმნის მდგრადი ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული კლასიფიკაციის სისტემას. საერთაშორისო ტაქსონომიებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან ჰარმონიზაციით, ტაქსონომია უზრუნველყოფს მწვანე ფინანსირების პრაქტიკის თანმიმდევრულობას და ზრდის მდგრადი ინვესტიციების ბაზრის ინსტიტუციურ სანდოობას. იგი ამცირებს Greenwashing დაკავშირებულ რისკებს, აუმჯობესებს მონიტორინგისა და ანგარიშგების ხარისხს და ქმნის მკაფიო ანალიტიკურ საფუძველს პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასებისთვის.

სებ-ის პოლიტიკის ჩარჩო ასევე მოიცავს მიზანმიმართულ ზომებს მდგრადი ფინანსური ბაზრებისა და ინსტრუმენტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. რეგულატორული სტიმულების, ტექნიკური დახმარებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების მეშვეობით, იგი ახალისებს მწვანე, სოციალური და მდგრადობის ობლიგაციების გამოშვებას, ხელს უწყობს მდგრადი საკრედიტო პროდუქტების განვითარებას და ავითარებს დაფინანსებული ემისიების გაზომვის მეთოდოლოგიურ ბაზას. ESG მონაცემთა ინფრასტრუქტურისა და სტანდარტიზებული ანგარიშგების მექანიზმების განვითარება ზრდის ბაზრის გამჭვირვალობას და აუმჯობესებს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის ხარისხსა და ხელმისაწვდომობას.

საბოლოოდ, მდგრადი დაფინანსება სებ-ის პოლიტიკურ ჩარჩოში აღიქმება არა მხოლოდ როგორც რისკების შემცირების ინსტრუმენტი, არამედ როგორც სტრატეგიული მექანიზმი ეკონომიკური სტრუქტურული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად. კაპიტალის მობილიზება განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტიანობის, კლიმატმედეგი სოფლის მეურნეობის, მდგრადი ინფრასტრუქტურის, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისკენ ქმნის გრძელვადიან ეკონომიკურ სარგებელს და აძლიერებს ეროვნული ეკონომიკის ადაპტაციურ შესაძლებლობებს. ამგვარად, მდგრადი დაფინანსება წარმოადგენს ფინანსური სექტორის პოლიტიკის, რისკების მართვისა და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ცენტრალურ ინსტრუმენტს, რაც საქართველოს პოზიციონირებას ახდენს უფრო მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად გლობალური ტრანზიციის პირობებში.

დასკვნა 

კლიმატის ცვლილების ეპოქა გლობალური ფინანსური სისტემის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას მოითხოვს. მდგრადი დაფინანსება წარმოადგენს იმ სტრატეგიულ ჩარჩოს, რომელიც ამ ტრანსფორმაციის მართვას უზრუნველყოფს ფინანსური სტაბილურობის გარემოსდაცვით და სოციალურ კეთილდღეობასთან ჰარმონიზაციის გზით. იგი ფინანსურ ინსტიტუტებს აძლევს ინსტრუმენტებს კლიმატური რისკების გამოვლენისა და მართვისთვის და ამავდროულად ახდენს კაპიტალის მობილიზებას მდგრადი და კლიმატმედეგი ეკონომიკური განვითარებისკენ.

საქართველოს პროაქტიული მიდგომა, რომელიც მოიცავს რეგულატორულ რეფორმებს, კლიმატურ სტრეს-ტესტირებას, ESG სახელმძღვანელოების დანერგვას, ტაქსონომიის განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას, ნათლად აჩვენებს, რომ მცირე და განვითარებადი ეკონომიკებიც კი შეიძლება იქცნენ მდგრადი დაფინანსების ინოვაციის ლიდერებად.

საბოლოო მიზანი მკაფიოა: ჩამოყალიბდეს ფინანსური სისტემა, რომელიც იქნება მდგრადი, პასუხისმგებლიანი და ორიენტირებული მდგრად მომავალზე. ამ გზით ქვეყნები აძლიერებენ არა მხოლოდ ფინანსურ სტაბილურობას, არამედ გრძელვადიან კეთილდღეობასა და სოციალურ მედეგობას მზარდი გაურკვევლობის პირობებში.

ავტორის შესახებ

გიორგი მუხიგულიშვილი არის ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის სპეციალისტი, რომელიც მუშაობს კლიმატური რისკების მართვისა და მდგრადი დაფინანსების საკითების დანერგვაზე ფინანსურ ინსტიტუტებში. მისი ექსპერტიზა მოიცავს სათბურის აირების ინვენტარიზაციას, კლიმატური რისკების შეფასებასა და ევროკავშირთან ჰარმონიზებულ მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიებს, რაც საშუალებას აძლევს მას ეფექტიანად დააკავშიროს კლიმატის მეცნიერება ფინანსური სექტორის მდგრადობასთან.

წყაროები:

references:

Breaking the tragedy of the horizon – climate change and financial stability – speech by Mark Carney, 29 September 2015.

The impact of climate change on the UK insurance sector

Implementing the Recommendations of the Task Force on Climate-related Financial Disclosures, TCFD, October 2021

Recommendations | Task Force on Climate-Related Financial Disclosures

A framework for the voluntary disclosure of climate-related financial risks

Sustainable Finance, National Bank of Georgia

Sustainable Finance Roadmap

Climate Stress Test, NBG

Sustainable Finance Taxonomy, NBG

როგორ შეუძლია ლოიალტეს თქვენი დახმარება?

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]