მცირე და საშუალო ბიზნესების უმეტესობაში ფინანსური ინფორმაცია ძირითადად გამოიყენება საგადასახადო ანგარიშგებისთვის. ბუღალტერია ამზადებს დეკლარაციებს, ანგარიშგებებს და ფინანსურ დოკუმენტაციას, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაცია ბიზნესის მართვის ყოველდღიურ პროცესში სრულად გამოყენებული არ არის.
რეალურად, ფინანსური მონაცემები ბიზნესისთვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მართვის ინსტრუმენტია. სწორად გაანალიზებული ფინანსური ინფორმაცია მენეჯმენტს ეხმარება გაიგოს, რა ხდება კომპანიაში: რომელი მიმართულება ქმნის ყველაზე მეტ შემოსავალს, სად იზრდება ხარჯები, როგორია მოგებიანობა და არსებობს თუ არა ფინანსური რისკები.
ბიზნესის ზრდასთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით სულ უფრო რთული ხდება. სწორედ ამიტომ წარმატებული კომპანიები აქტიურად იყენებენ Key Performance Indicator-ებს (KPI) – ძირითად მაჩვენებლებს, რომლებიც ბიზნესის ფინანსურ ჯანმრთელობას ასახავს.
ამ მაჩვენებლების რეგულარული მონიტორინგი კომპანიებს საშუალებას აძლევს:
- დროულად შეამჩნიონ პრობლემები ფინანსებში
- უკეთ გააკონტროლონ ხარჯები და მომგებიანობა
- სწორად დაგეგმონ ბიზნესის განვითარება
- მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული მენეჯერული გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის მენეჯმენტს ჰქონდეს რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი, რომელსაც რეგულარულად აკვირდება. ასეთი მაჩვენებლები სწრაფად აჩვენებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას და საშუალებას იძლევა დროულად მოხდეს შესაბამისი რეაგირება.
ქვემოთ წარმოდგენილია 10 მნიშვნელოვანი KPI, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესის მენეჯმენტმა რეგულარულად უნდა მიაქციოს ყურადღება.
- შემოსავლის ზრდა – Revenue Growth
შემოსავლების ზრდის კოეფიციენტი აჩვენებს რამდენად იზრდება ან მცირდება კომპანიის გაყიდვები გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
ფორმულა – შემოსავლების ზრდის % = (მიმდინარე პერიოდის შემოსავლები − წინა პერიოდის შემოსავლები) / წინა პერიოდის შემოსავლები
ეს მაჩვენებელი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია ბიზნესის განვითარების შესაფასებლად. შემოსავლების შემცირება ან ზრდის შენელება შეიძლება მიუთითებდეს ბაზრის მოთხოვნის ცვლილებაზე, კონკურენციის ზრდაზე ან გაყიდვების პროცესში არსებულ პრობლემებზე. მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლები ჩაიშალოს სხვადასხვა მიმართულებებით და ზრდის კოეფიციენტი დაითვალოს თითოეულ შემოსავლის მიმართულებაზე.
- საერთო მოგების მარჟა – Gross Profit Margin
საერთო მოგების მარჟა აჩვენებს რა ნაწილი რჩება კომპანიას პროდუქტის ან მომსახურების პირდაპირი ხარჯების შემდეგ.
ფორმულა – საერთო მოგების მარჟა = (საოპერაციო შემოსავლები − რეალიზებული პროდუქციის ღირებულება) / საოპერაციო შემოსავლები
ამ მაჩვენებლის შემცირება ხშირად ნიშნავს, რომ იზრდება წარმოების, შესყიდული პროდუქციის ან მომსახურების პირდაპირი ხარჯები, მაგალითად ნედლეულის ფასი ან სხვა ოპერაციული ხარჯები. ზოგიერთ ბიზნესში, როგორიც არის საცალო ვაჭრობა და სხვა მომსახურების სფეროები, კომპანიები რეალიზაციის თვითღირებულებაში ითვალისწინებენ ფილიალებში მომუშავე თანამშრომლების ანაზღაურებას ან ობიექტების იჯარის ხარჯს, როგორც რეალიზაციის თვითღირებულებას და ისე ზომავენ საერთო მოგების მარჟას.
- საოპერაციო მოგების მარჟა – Operating Profit Margin
საოპერაციო მოგების მარჟა აჩვენებს რამდენად ეფექტურად მართავს კომპანია ოპერაციულ ხარჯებს.ფორმულა – (საოპერაციო
შემოსავლები – საოპერაციო ხარჯები) / საოპერაციო შემოსავლები
ეს მაჩვენებელი მოიცავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა ადმინისტრაციული ხარჯები, სათაო ოფისის თანამშრომლების ანაზღაურება და მარკეტინგის ხარჯები, ასევე რეალიზებული საქონლი თვითღირებულებას და ყველა ხარჯს, რაც საერთო მოგების კალკულაციაში იყო გათვალისწინებული. მისი ანალიზი საშუალებას აძლევს კომპანიას უკეთ გააკონტროლოს საოპერაციო ეფექტიანობა.
- EBITDA მარჟა – EBITDA Margin
EBITDA აჩვენებს კომპანიის ოპერაციულ ეფექტიანობას ფინანსური და ცვეთის ხარჯების გარეშე. ეს მაჩვენებელი ძირითადად გამოიყენება, კომპანიის ღირებულების დასათვლელადაც, როდესაც კომპანიის პირველადი შეფასება ხდება, დაინტერესებული მხარეს ითვლის კომპანიის EBITDA-ს და ამრავლებს მულტიპლიკატორზე, ძირითადად 4-დან 6 კოეფიციენტამდე. მაგალითისთვის, თუ კომპანიის წლიური EBITDA არის 3 მილიონი ლარი, მისი ფასი ბაზარზე იქნება 12 მილიონი ლარიდან 18 მილიონ ლარამდე. რაც უფრო მაღალია EBITDA მარჯა, უფრო ჯანსაღია კომპანია საკუთარ ოპერაციებში. მნიშნველოვანია, რომ ამ ციფრის კალკულაციაში არ ხდება საპორცენტო ხარჯების გათვალისწინება, ვინაიდან ეს დაფინანსების ხარჯია და ახალმა დამფუძნებელმა შეიძლება გაისტუმროს ყველა ვალდებულება და ეს ხარჯი აღარ ქონდეს. ასევე არ იღებს მონაწილეობას ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯებია, ვინაიდან ეს არ არის „ქეშ“ ხარჯი, მისი გადახდა არ ხდება პერიოდულად, ასევე არ ხდება მოგების გადასახადის გათვალისწინება.
ფორმულა – EBITDA / საოპერაციო შემოსავლები
- წმინდა მოგების მარჟა – Net Profit Margin
წმინდა მოგების მარჟა არის კომპანიის საბოლოო მომგებიანობის მაჩვენებელი.
ფორმულა – წმინდა მოგება / საოპერაციო შემოსავალი
ეს მაჩვენებელი ასახავს რამდენი რჩება კომპანიას ყველა ხარჯის, გადასახადის და ფინანსური ვალდებულებების დაფარვის შემდეგ. აქ წმინდა ხდება არასაოპერაციო მოგების გათვალისწინება და საბოლოო სურათს გვაძლევს კომპანიის მომგებიანობის კუთხით.
- ხარჯების წილი შემოსავალში – Cost to Income Ratio
ეს KPI აჩვენებს რამდენად სწრაფად იზრდება ხარჯები შემოსავლებთან შედარებით.
მაგალითად:
- თანამშრომლების ხარჯები / შემოსავალი
- მარკეტინგის ხარჯები / შემოსავალი
- ადმინისტრაციული ხარჯები / შემოსავალი
თუ ხარჯები უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე შემოსავალი, ეს საბოლოოდ გავლენას ახდენს კომპანიის მომგებიანობაზე. თუ ეს კოეფიციენტი იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ხარჯების ზრდის ტემპი აჭარბებს შემოსავლების ზრდის ტემპს, რაც საბოლოოდ ამცირებს კომპანიის მომგებიანობას.
- Current Ratio – ლიკვიდურობის მაჩვენებელი
Current Ratio აჩვენებს რამდენად შეუძლია კომპანიას მოკლევადიანი ვალდებულებების დაფარვა.
ფორმულა – მიმდინარე აქტივები / მიმდინარე ვალდებულებები
თუ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, კომპანიას შესაძლოა შეექმნას ლიკვიდურობის პრობლემები. დაბალი კოეიციენტი ნიშნავს, რომ კოპანიის მიმდინარე ვალდებულებების გასტუმრებას შეიძლება არ ეყოს ის ფულადი სახსრები რაც გვაქვს, ის მოთხოვნები, რომლების მიღებასაც ველოდებით და ის მარაგები, რომლის რეალიზაციიდანაც შეიძლება მივიღოთ თანხები.
- Accounts Receivable Days – დებიტორული დავალიანების ამოღების პერიოდი
დებიტორული დავალიანების ამოღების პერიოდი აჩვენებს საშუალოდ რამდენი დღე სჭირდება კომპანიას კლიენტებისგან თანხის მიღებამდე გაყიდვის განხორციელების შემდეგ.
ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობაზე, რადგან ის განსაზღვრავს რამდენად სწრაფად გარდაიქმნება გაყიდვები რეალურ ფულად შემოდინებად.
ფორმულა – დებიტორული დავალიანების ამოღების პერიოდი = დებიტორული დავალიანება / საოპერაციო შემოსავლები × 365
თუ ეს მაჩვენებელი მაღალია, ეს შეიძლება მიუთითებდეს:
- კლიენტების მხრიდან გადახდების დაგვიანებაზე
- საკრედიტო პირობების არაეფექტურ მართვაზე
- დებიტორული დავალიანებების ზრდაზე
დებიტორული დავალიანების ამოღების პერიოდის ზრდა ხშირად ნიშნავს, რომ კომპანიის ფული უფრო დიდხანს არის „გაყინული“ დებიტორულ დავალიანებებში, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს კომპანიის ოპერაციულ ლიკვიდურობაზე.
ამიტომ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია რეგულარულად აკონტროლონ ეს მაჩვენებელი და ეფექტურად მართონ კლიენტებთან გადახდის პირობები.
- Cash Conversion Cycle – ფულის ბრუნვის ციკლი
Cash Conversion Cycle (CCC) აჩვენებს რამდენი დრო სჭირდება კომპანიას იმ ფულის დაბრუნებამდე, რომელიც ბიზნესში ოპერაციული პროცესების დაფინანსებისთვის დაიხარჯა.
სხვა სიტყვებით, ეს მაჩვენებელი ასახავს რამდენ დღეში გარდაიქმნება კომპანიაში დახარჯული რესურსები რეალურ ფულად შემოდინებად.
Cash Conversion Cycle-ის გამოთვლა მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:
- Inventory Days – რამდენი დღე ინახება მარაგი კომპანიაში გაყიდვამდე
- Receivable Days – რამდენი დღე სჭირდებათ კლიენტებს დავალიანების დაფარვისთვის
- Payable Days – რამდენი დრო სჭირდება კომპანიას მომწოდებლების ვალდებულებების გადახდამდე
ფორმულა – ფულის ბრუნვის ციკლი = Inventory Days + Receivable Days − Payable Days
რაც უფრო მოკლეა ეს ციკლი, მით უფრო ეფექტურად მუშაობს კომპანიის საოპერაციო ფულის მართვა. მოკლე ფულის ბრუნვის ციკლი ნიშნავს, რომ კომპანიას ნაკლები დრო სჭირდება ოპერაციებში ჩადებული ფულის რეალურ შემოდინებად გარდაქმნისთვის.
SME-ებისთვის ამ მაჩვენებლის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ფულის ბრუნვის სისწრაფე განსაზღვრავს რამდენად სტაბილურად შეუძლია ბიზნესს ყოველდღიური ოპერაციების დაფინანსება.
- Revenue Concentration – შემოსავლის კონცენტრაცია
ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესში შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი რამდენიმე კლიენტზე მოდის.
მაგალითად, თუ კომპანიის შემოსავლის 60–70% მოდის რამდენიმე ძირითად კლიენტზე, ეს ქმნის დამოკიდებულებას და ბიზნეს რისკს.
ამ მაჩვენებლის კონტროლი ეხმარება კომპანიას დროულად დაინახოს კლიენტებზე დამოკიდებულების დონე და უკეთ მართოს გაყიდვების სტრუქტურა.
KPI-ების მონიტორინგის პრაქტიკული გამოწვევები
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური KPI-ები ბიზნესის მართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მცირე და საშუალო ბიზნესებში მათი რეგულარული მონიტორინგი ხშირად ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
პირველი გამოწვევა მონაცემების ხელმისაწვდომობაა. KPI-ების უმეტესობა ეფუძნება ბუღალტრულ მონაცემებს, რომლებიც სხვადასხვა ანგარიშებშია განაწილებული და ხშირად მხოლოდ პერიოდულად მზადდება. ამიტომ მენეჯმენტისთვის რთულია სწრაფად მიიღოს სრული და განახლებული სურათი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
მეორე პრობლემა არის მონაცემების დამუშავება. ფინანსური მაჩვენებლების გამოთვლა ხშირად საჭიროებს სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის გაერთიანებას — მაგალითად, შემოსავლების, ხარჯების, დებიტორული დავალიანებების ან მარაგების მონაცემებს. ბევრ კომპანიაში ეს პროცესი ჯერ კიდევ ხელით ან ცალკეულ Excel ფაილებში ხდება, რაც ზრდის დროის დანახარჯს და შეცდომების რისკს.
მესამე გამოწვევა არის რეგულარობა. KPI-ების ანალიზი ყველაზე სასარგებლოა მაშინ, როდესაც ის ხდება სისტემურად — ყოველთვიურად ან უფრო ხშირად. თუმცა პრაქტიკაში კომპანიებში ასეთი ანალიზი ხშირად მხოლოდ წლის ბოლოს ან კონკრეტული პრობლემის გაჩენის შემდეგ კეთდება.
სწორედ ამიტომ თანამედროვე ბიზნესში სულ უფრო მეტად გამოიყენება ფინანსური ანალიტიკის ციფრული ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას იძლევა ბუღალტრული მონაცემებიდან ავტომატურად გენერირდეს ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები და მენეჯმენტმა მუდმივად დაინახოს ბიზნესის ფინანსური მდგომარეობა. შედარებით დიდი კომპანიები, ვისაც აქვს ფინანსური ანალიტიკოსების და პროგრამისტების გუნდი, იყენებენ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიც არის Power BI და Tableau, უფრო მცირე კომპანიები მართავენ ამ კოეფიციენტებს ექსელში, ან ავტომატიზირებული აქვთ Amadeo-ში.
ბიზნესის მართვაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრინციპი ამბობს: „რასაც ვერ ზომავ, ვერ მართავ.“
სწორედ ამიტომ, ფინანსური KPI-ების რეგულარული მონიტორინგი კომპანიებს ეხმარება არა მხოლოდ გაიგონ რა ხდება მათ ბიზნესში, არამედ აქტიურად მართონ მისი განვითარება.
პრაქტიკაში საუკეთესო შედეგს აღწევენ ის კომპანიები, რომლებიც ამ KPI-ებს რეგულარულად ყოველთვიურად ან თუნდაც ყოველკვირეულად აკვირდებიან. ასეთი სისტემური მონიტორინგი მენეჯმენტს საშუალებას აძლევს სწრაფად დაინახოს ცვლილებები ბიზნესში და დროულად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.