horeca

HoReCa სექტორში არსებული საგადასახადო რისკები და მათი განეიტრალების გზები

ჰორეკა (HoReCa – hotel/restaurant/café) სექტორი არის ბიზნესის ერთ-ერთი მსხვილი მიმართულება, რომელიც მოიცავს საკვების დამამზადებელ ინდუსტრიას და იმ დაწესებულებათა საქმიანობას, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ საკვებითა და სასმელებით გამასპინძლებას.

ტურიზმის ინდუსტრიის ზრდის ტემპის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკაში HoReCa სექტორს მნიშვნელოვანი როლი უკავია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით (წყარო: geostat.ge), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვა 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით 18.3%-ით გაიზარდა და 3.426 მლრდ. ლარი შეადგინა, ხოლო 2025 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა 17.2%-იანი ზრდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჰორეკა სექტორში მოქმედი ბიზნეს სუბიექტები ხშირად აწყდებიან გადასახადებთან დაკავშირებულ რისკებს, რომლებიც სათანადო მართვის, პრევენციის არ არსებობის პირობებში შესაძლოა რეალიზდეს და კომპანიისთვის გამოიწვიოს როგორც ფინანსური, ისე რეპუტაციული ზიანი.

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ჰორეკა სექტორში არსებულ ძირითად საგადასახადო რისკებსა და მათი პრევენციის გზებზე.

სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

  • საკვებისა და სასმელის წარმოების სექტორში ხშირია აღრიცხვასთან დაკავშირებული ხარვეზები, რაც სააღრიცხვო დოკუმენტაციის არასათანადო, არაზუსტ ან არასრულ აღრიცხვაში ვლინდება (მარაგის არასრული ჩამოწერები, არაზუსტი ნაშთი და ა.შ.). ასეთ დროს, შეუძლებელია სრულყოფილად განსაზღვრო ამა თუ იმ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, შედეგად კი ვიღებთ – ერთი მხრივ ბიზნესის საგადასახადო კანონმდებლობასთან შეუსაბამობებს, ხოლო მეორე მხრივ – საგადასახადო ორგანოს ენიჭება უფლება, თქვენი საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას საგადასახადო ორგანო ეყრდნობა საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, თქვენს შესახებ ინფორმაციის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სხვა ბიზნეს სუბიექტების შესახებ მონაცემების შედარებას, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზს. ბუნებრივია, სხვა პირის ან სხვა პერიოდის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაანგარიშებული მონაცემები ზუსტად ვერ ასახავს და ხშირ შემთხვევაში აჭარბებს კიდეც რეალურ (სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაანგარიშებულ) საგადასახადო ვალდებულებებს.

  • ჰორეკა სექტორში მოქმედი ბიზნესისთვის ასევე ხშირია ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემები. საგადასახადო რისკი წარმოიშობა მაშინ, როცა კომპანიის დაქირავებული პირის პირადი ხარჯები მცდარად განიხილება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულად. მაგალითად, სასტუმროებსა და რესტორნებში თანამშრომელთა კვება, მათთვის ღონისძიებების/წვეულების უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით მოწყობა, ან მათი მხრიდან კომპანიის სხვა პროდუქციით/მომსახურებით სარგებლობა და ა.შ.

ასეთ დროს, ბიზნესი ხშირ შემთხვევაში არ ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებით მოთხოვნებს. კერძოდ, თანამშრომელთა კვებას, ან მათთვის მინიჭებულ სხვა სარგებელს არ განიხილავს დაქირავებულის ხელფასად, მსგავს ვითარებაში გახარჯულ მარაგს კი არ ასახავს ბუღალტერიაში და წარმოშობს დანაკლისს, რაზეც საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში დაეკისრება დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები და სანქციები.

გარდა ამისა, ჰორეკა სექტორი ხასიათდება სპეციფიკურობით. კერძოდ, საკვების დამზადებისთვის საჭირო ნედლეული და მასალების შესყიდვა ხშირად ბაზარში ან ფიზიკური პირებისგან ხორციელდება, რომლებიც რეალიზაციისას ვერ/არ გასცემენ დოკუმენტს, ბიზნესი კი ვერ ადასტურებს მის მიერ გაწეულ ხარჯებს დოკუმენტურად (ვერ წარადგენენ შესაბამის მტკიცებულებებს – ინვოისი, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება, შესყიდვის აქტი და ა.შ.). ასეთ დროს, როგორც მეწარმეს, ისე კომპანიას შესაძლოა წარმოეშვას დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები (საშემოსავლო ან მოგების გადასახადის ნაწილში).

  • საგადასახადო რისკები ასევე დაკავშირებულია ნაღდი ფულის ტრანზაქციების სიხშირესთან. ასეთ დროს, საგადასახადო ორგანო შესაძლოა დაინტერესდეს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ნამდვილობის შესწავლით და წინასწარ შემუშავებული მეთოდური მითითების შესაბამისად განსაზღვრონ ნაღდი ფულის ნაშთის არაგონივრული ნაწილი (ნაღდი ფული, რომლის განთავსება-შენახვა სალაროში არ ესაჭიროება ბიზნესს, საქმიანობის ან/და სამეურნეო ოპერაციის სპეციფიკის, აგრეთვე ბიზნეს-გეგმიდან გამომდინარე), რომელიც ძირითად შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს მხრიდან კვალიფიცირდება როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

ამავდროულად, არსებობს პრაქტიკა, რომ უნაღდო ანგარიშსწორებისას კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ სხვა პირის პერსონალურ საბანკო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვას, რაც ასევე დაუშვებელია (იხილეთ შემოსავლების სამსახურის განცხადება). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ მიმდინარე კონტროლის პროცედურისას მსგავსი ფაქტის აღმოჩენა წარმოშობს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების რისკებს და შესაძლოა ბიზნესის საქმიანობა დაექვემდებაროს საგადასახადო შემოწმებას.

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზემოთ ჩამოთვლილი საგადასახადო რისკები და შევამციროთ მათი გავლენა ბიზნესზე, აუცილებელია შესაბამისი პრევენციული ზომების გატარება. ქვემოთ განვიხილავთ იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც HoReCa სექტორის წარმომადგენლებს დაეხმარებათ რისკების მართვასა და საგადასახადო წნეხის შემცირებაში.

საგადასახადო რისკის შემცირების გზები

თუ მომხმარებლებს სთავაზობთ საკვებითა და სასმელებით გამასპინძლებას, მნიშვნელოვანია:

  • კომპანიაში დანერგოთ თანამედროვე ბუღალტრული პროგრამები, რომელთა ფუნქციონალი მეტად მრავალფეროვანია და საშუალებას გაძლევთ კალკულაციების გამოყენებით განახორციელოთ ნედლეულის და მასალების ავტომატური ჩამოწერები, ასევე, საკონტროლო-სალარო აპარატებისა და პოს-ტერმინალის ფისკალური ამონაწერების ინტეგრაციით გამორიცხოთ მექანიკური შეცდომები და ხარვეზები.
  • გაგაჩნდეთ შეთავაზებული პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო კალკულაციები, ხოლო პროცესი – ნედლეულისა და მასალების შეძენიდან მზა პროდუქციის მიღებამდე, სრულად ასახოთ ბუღალტერიაში, ფაქტობრივად გამოყენებული კალკულაციების შესაბამისად.
  • გარკვეული პერიოდულობით (ყოველთვიურად ან კვარტალში ერთხელ) ჩაატაროთ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და შედეგების გათვალისწინებით, ფაქტობრივად არსებულ და ბუღალტრულად აღრიცხულ ნაშთებს შორის სხვაობის შესაბამისად მიიღოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. შედეგად, შეძლებთ მეტად გააკონტროლოთ მარაგების ხარჯვის პროცესი, ნაშთები, რაც დაგეხმარებათ როგორც საგადასახადო რისკების შემცირებაში, ისე ლოგისტიკური საკითხების სწორად და დროულად დაგეგმვაში.

სეზონურობა – ჰორეკა სექტორი ხასიათდება სეზონურობით (სეზონის მიხედვით განსხვავებულია ობიექტების დატვირთულობა), ხშირია კადრების მიღება/გადინება, რაც ზოგჯერ წარმოშობს დამატებით სირთულეებს – შეცდომების თუ გადაცდომების სახით. ასეთ დროს, კომპანიამ უნდა იზრუნოს კრიტიკული მნიშვნელობის მიმართულებებით (სალარო, საწყობი ან/და სხვა) ეფექტური კონტროლის მექანიზმების შედგენასა და სწორ იმპლემენტაციაზე.

კვალიფიციური და გამოცდილი საგადასახადო აუდიტორების გუნდის მიერ გაწეული კონსულტაცია, გადასაგზავნი დეკლარაციების კონტროლი ან/და პერიოდული საგადასახადო შემოწმება – დაგეხმარებათ:

  • ნებისმიერი საგადასახადო საკითხის, პრობლემის სწორად და დროულად გადაწყვეტაში
  • გასული პერიოდის და მომავალში დაგეგმილ ოპერაციებთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრაში
  • საგადასახადო რისკების მინიმიზაციაში
  • მუდმივად იყოთ ინფორმირებული საგადასახადო სიახლეებთან მიმართებით – ცვალებად გარემოში ადაპტირების პროცესი, ასეთ დროს გაცილებით მარტივია

ამდენად, ცალსახაა რომ აუცილებელია სრულად და დროულად აღრიცხოთ თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

HoReCa სექტორის ბიზნესმა საგადასახადო შესაბამისობა უნდა განიხილოს არა მხოლოდ როგორც ვალდებულება, არამედ როგორც ბიზნესის ეფექტურად მართვის და მდგრადი განვითარების საშუალება. ეს მიდგომა ხელს უწყობს საგადასახადო რისკების შემცირებას და ქმნის მყარ საფუძველს მომავალი ზრდისა და სტაბილურობისთვის.

თუ HoReCa სექტორში საქმიანობთ და გსურთ დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბიზნესი შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, Loialté-ს გუნდი მზად არის გაგიწიოთ სრული და დროული მხარდაჭერა.

ბოლო სიახლეები

WhatsApp
დაგვიკავშირდით

გამოიწერეთ სიახლეები

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]