WhatsApp Image 2025 11 25 at 11.41.53

ბიზნეს გეგმა: სტრატეგიული ინსტრუმენტი და გზამკვლევი წარმატებისთვის

ბიზნეს გეგმა არის დეტალური, სტრუქტურირებული დოკუმენტი, რომელიც აღწერს კომპანიის ან პროექტის მიზნებს, სტრატეგიებს, ოპერაციულ გეგმას, მარკეტინგულ მიდგომებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფინანსურ პროგნოზებს. ის წარმოადგენს კომპანიის წარმატების საგზაო რუკას და ერთგვარ სტრატეგიულ ინსტრუმენტს, რომელიც აერთიანებს ბიზნესის ყველა ძირითად ასპექტს.

ბიზნეს გეგმის მომზადების საჭიროება დგება არა მხოლოდ ბიზნესის დაწყების საწყის ეტაპზე, არამედ კომპანიის განვითარების სხვადასხვა კრიტიკულ ფაზაში, მათ შორის:

  • ახალი ბიზნესის დაწყებისას (Start-up): ეს არის ყველაზე გავრცელებული შემთხვევა. დამწყები მეწარმეებისთვის ბიზნეს გეგმა რეკომენდებული და შეიძლება ითქვას აუცილებელიცაა იდეის სიცოცხლისუნარიანობის შესამოწმებლად და სტრატეგიის დასახვეწად.
  • დაფინანსების მოძიების პროცესში: ბანკები, ინვესტორები, ვენჩურული ფონდები თუ გრანტების გამცემი ორგანიზაციები ბიზნეს გეგმას იყენებენ, როგორც ძირითად დოკუმენტს რისკების შესაფასებლად და საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად.
  • ბიზნესის გაფართოების ან ტრანსფორმაციის დროს: კომპანიებს, რომლებიც მაგალითად გეგმავენ ახალ ბაზარზე შესვლას, ახალი საწარმოო ხაზის დამატებას, მნიშვნელოვან ოპერაციულ ცვლილებებს და სხვ. ბიზნეს გეგმა ეხმარება რესურსების ეფექტურად გადანაწილებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. 
  • სტრატეგიული მართვის მიზნებისთვის: ბიზნესის გეგმას რიგ შემთხვევებში იყენებენ მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, როგორც მიზნების დასახვის და შემდეგ მონიტორინგის ინსტრუმენტს. 

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს გეგმის სტრუქტურა შეიძლება განსხვავდებოდეს მისი მიზნის მიხედვით (მაგალითად, საინვესტიციო გეგმა უფრო მეტად ფოკუსირებულია ფინანსებზე), არსებობს ძირითადი, უნივერსალური კომპონენტები, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი ხარისხიანი ბიზნეს გეგმისთვის.

I. მოკლე შეჯამება (Executive Summary)

ეს არის ბიზნეს გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც იწერება ბოლოს, მაგრამ წარმოდგენილია დასაწყისში. ის უნდა იყოს მოკლე (მაქსიმუმ 1-2 გვერდი), მაგრამ ამომწურავი, რათა მკითხველმა (ინვესტორმა, ბანკირმა) სწრაფად გაიგოს ბიზნესის არსი.

ძირითადი ელემენტები:

  • კომპანიის აღწერა: ვინ ვართ, რას ვაკეთებთ
  • პრობლემა და გადაწყვეტა: რა პრობლემას ვუგვარებთ სამიზნე მომხმარებელს და როგორ
  • პროდუქტი/სერვისის მოკლე აღწერა
  • ბაზრის ზომა და სამიზნე სეგმენტი
  • ფინანსური მაჩვენებლები: შემოსავლებთან და ხარჯებთან დაკავშირებული ძირითადი პროგნოზები და საინვესტიციო გეგმა. 

II. კომპანიის აღწერა (Company Description)

გეგმის ეს ნაწილი დეტალურად აღწერს კომპანიის იურიდიულ სტატუსს, ისტორიას, ხედვას, მისიას და ძირითად მიზნებს.

ძირითადი ელემენტები:

  • მისია და ხედვა: კომპანიის გრძელვადიანი მიზნები და ფილოსოფია.
  • იურიდიული ფორმა: შპს, ინდ. მეწარმე და ა.შ.
  • ბიზნესის ისტორია: თუ გეგმა მზადდება უკვე არსებულ კომპანიაზე, მისი მნიშვნელოვანი მიღწევები.
  • ძირითადი მიზნები: SMART (Specific, Measurable, Achievable, Relevant, Time-bound) მიზნების ჩამოყალიბება.

III. პროდუქტები და სერვისები (Products and Services)

დეტალური აღწერა იმისა, თუ რას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს. აქ სასურველია ნათლად იყოს ნაჩვენები პროდუქტის/სერვისის უნიკალური ღირებულება მომხმარებლისთვის (Unique Value Proposition – UVP).

ძირითადი ელემენტები:

  • დეტალური აღწერა: პროდუქტის/სერვისის მახასიათებლები და ფუნქციები.
  • უპირატესობები: რით განსხვავდება ჩვენი პროდუქტი/სერვისი კონკურენტებისგან.
  • ინტელექტუალური საკუთრება: პატენტები, სავაჭრო ნიშნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • განვითარების ეტაპები: თუ პროდუქტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

IV. ბაზრის ანალიზი (Market Analysis)

ბაზრის ანალიზი ბინზეს გეგმის კრიტიკულად მნიშვნელობა ნაწილია, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს, რომ ბაზარზე არსებობს მოთხოვნა ჩვენს არსებულ თუ დაგეგმილ პროდუქტზე/სერვისზე.

ძირითადი ელემენტები:

  • ინდუსტრიის მიმოხილვა: ზოგადი ტენდენციები, ზრდის პერსპექტივები.
  • სამიზნე ბაზარი: ბაზრის ზომა (TAM, SAM, SOM), დემოგრაფიული და ფსიქოგრაფიული მახასიათებლები.
  • კონკურენტული ანალიზი: ძირითადი კონკურენტების იდენტიფიცირება, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.
  • ბაზარზე პოზიციონირება: როგორ ვაპირებთ, რომ ვიყოთ კონკურენტული ბაზარზე და რა უნდა იყოს ჩვენი კონკურენტულ უპირატესობა.

V. მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგია (Marketing and Sales Strategy)

მარკეტინგის და გაყიდვების სექციაში უმკაფიოდ უნდა აღიწეროს როგორ მივაწვდით პროდუქტს მომხმარებელს და როგორ მოხდება მისი გაყიდვა.

ძირითადი ელემენტები:

  • ფასწარმოქმნა (Pricing): ფასების სტრატეგია კონკურენტებთან მიმართებაში.
  • პრომოცია (Promotion): სარეკლამო არხები (ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია, ტრადიციული მედია და ა.შ.).
  • დისტრიბუცია (Place): როგორ მიეწოდება პროდუქტი მომხმარებელს (ონლაინ, ფიზიკური მაღაზიები, დილერები).
  • გაყიდვების პროცესი: გაყიდვების გუნდის სტრუქტურა, CRM სისტემები, გაყიდვების პროგნოზები და ა.შ.

VI. ოპერაციული გეგმა (Operational Plan)

ბიზნესის ოპერაციების აღწერა ბინზეს გეგმის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია, რადგან სწორედ აქ უნდა აღვწეროთ როგორ იმუშავებს ბიზნესი ყოველდღიურად.

ძირითადი ელემენტები (წარმოების მაგალითზე):

  • ლოკაცია და ობიექტები: საწარმოო ფართი, საოფისე ფართი, აღჭურვილობა.
  • წარმოების პროცესი: ნედლეულის მოპოვებიდან საბოლოო პროდუქტამდე.
  • მიწოდების ჯაჭვი (Supply Chain): მომწოდებლები, ლოგისტიკა.
  • ხარისხის კონტროლი: სტანდარტები და პროცედურები.

VII. მენეჯმენტი და ორგანიზაციული სტრუქტურა (Management Team and Organizational Structure)

ინვესტორებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებისთვის თუ ნებისმიერი დაფინანსების გამცემი წყაროსთვის გარდა იმისა, რამდენად მომხიბვლელია ბიზნესიდეა, კრიტიკულად მნიშვნლეოვანია გუნდი და მისი გამოცდილება/კვალიფიკაცია, რომელმაც ამ იდეის რეალიზება უნდა განახორციელოს. ბინზეს გეგმის ეს ნაწილი სწორედ აღმასრულებელი გუნდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ეთმობა.

ძირითადი ელემენტები:

  • მენეჯმენტის გუნდი: ძირითადი პირების გამოცდილება და კვალიფიკაცია.
  • ორგანიზაციული სქემა: იერარქია და ფუნქციური დაყოფა.
  • საკვანძო პერსონალი: საჭირო კადრები და მათი დაქირავების გეგმა.
  • საკონსულტაციო საბჭო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

VIII. ფინანსური გეგმა (Financial Plan)

ფინანსური გეგმა არის ბიზნეს გეგმის ხერხემალი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად რენტაბელური იქნება ბიზნესი და რა ინვესტიციის განხორციელებაა ამისთვის საჭირო. უკიდერუსეად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული რიცხვი, რომელიც ბიზნეს გეგმის ფინანსურ ნაწილში იქნება მოცემული, გამყარებული იყოს კონკრეტული არგუმენტებით.

ძირითადი ელემენტები:

  • ისტორიული ფინანსური ანგარიშგება: (არსებული კომპანიებისთვის) ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების მოძრაობა.
  • ფინანსური დაშვებები: გაყიდვების ზრდის ტემპი, ხარჯების სტრუქტურა, კაპიტალური დანახარჯები.
  • პროგნოზირებული ფინანსური ანგარიშგება: 3-5 წლიანი პროგნოზები (მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი ნაკადების მოძრაობა).
  • ფინანსური ანალიზი: ზღვრული მოგება (Break-Even Point), მომგებიანობის კოეფიციენტები, როგორიცაა ROA, ROE, ლიკვიდურობის კოეფიციენტები. ასევე, საინვესტიციო შეფასების მეთოდები: წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV), შიდა უკუგების ნორმა (IRR) და ამორტიზაციის პერიოდი.
  • მგრძნობელობის ანალიზი (Sensitivity Analysis): როგორ იცვლება ფინანსური შედეგები ძირითადი დაშვებების (მაგ., გაყიდვების მოცულობა, ფასები) ცვლილების შემთხვევაში. ეს აჩვენებს პროექტის მდგრადობას.
  • საინვესტიციო გეგმა: რა მოცულობის ინვესტიციაა საჭირო გეგმის განსახორციელებლად, რაში დაიხარჯება და როგორ (რა ვადებში, რა მოცულობით და ა.შ.) მოხდება ინვესტირებული თანხების უკუგება. 

ბიზნეს გეგმის მომზადება მოითხოვს არა მხოლოდ ფინანსურ ცოდნას, არამედ სტრატეგიულ ხედვას და რეალისტურ მიდგომას. სტრატეგიული ანალიზის ინსტრუმენტები:

  • SWOT ანალიზი: კომპანიის შიდა ძლიერი (Strengths) და სუსტი (Weaknesses) მხარეების, ასევე გარე შესაძლებლობებისა (Opportunities) და საფრთხეების (Threats) იდენტიფიცირება. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაზა სტრატეგიის ფორმირებისთვის.
  • PESTEL ანალიზი: გარე მაკროგარემოს ფაქტორების (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ტექნოლოგიური, გარემოსდაცვითი, სამართლებრივი) შეფასება, რომლებმაც შეიძლება რაიმე ტიპის გავლენა მოახდინონ ბიზნესზე.
  • რეალისტური დაშვებები: ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური პროგნოზები დაფუძნებული იყოს რეალისტურ და დასაბუთებულ დაშვებებზე. ინვესტორები ეძებენ არა ოპტიმისტურ, არამედ დამაჯერებელ სცენარებს. თითოეული დაშვება (მაგალითად, ბაზრის წილის ზრდა, ფასწარმოქმნა და ა.შ.) უნდა იყოს გამყარებული ბაზრის კვლევით.
  • რისკების ანალიზი: კარგ ბიზნეს გეგმაში რისკები უგულვებელყოფილი არ არის. პირიქით, უმჯობესია იდენტიფიცირებული იყოს მაქსიმალურად ყველა პოტენციური რისკი (კონკურენტული, ოპერაციული, ფინანსური, მარეგულირებელი) და ამავდროულად შემოთავაზებული იყოს ამ რისკების მართვის გეგმა (Mitigation Plan).
  • ბიზნესიდან გასვლის სტრატეგია (Exit Strategy): ინვესტორებისთვის კრიტიკულია იმის ცოდნა, თუ როგორ მოხდება მათი ინვესტიციის დაბრუნება. ეს შეიძლება იყოს კომპანიის გაყიდვა (Acquisition), საჯარო შეთავაზება (IPO) ან დივიდენდების განაწილება. რაც უფრო მკაფიო, მარტივი და უმტკივნეულო შეიძლება იყოს ბიზნესიდან გასვლა, მით უფრო მარტივი ხდება ინვესტორის მიერ გადწყვეტილების მიღება.
  • სცენარების ანალიზი (Scenario Analysis): კარგი ბიზნეს გეგმა მოიცავს მინიმუმ სამ სცენარს: ოპტიმისტური, რეალისტური და პესიმისტური სცენარები. ეს აჩვენებს, რომ მენეჯმენტს გააზრებული აქვს სხვადასხვა შესაძლო შედეგი.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბიზნეს გეგმა არ არის ერთჯერადი დოკუმენტი. ის უნდა იყოს ცოცხალი დოკუმენტი, რომელიც რეგულარულად განიხილება და განახლდება ბაზრის ცვლილებების, ოპერაციული შედეგებისა და ახალი სტრატეგიული გადაწყვეტილებების შესაბამისად.

  • მონიტორინგი და გადაფასება: მენეჯმენტმა რეგულარულად უნდა შეადაროს ფაქტობრივი ფინანსური შედეგები გეგმით გათვალისწინებულ პროგნოზებს და გაანალიზოს გადახრები. ეს საშუალებას იძლევა, დროულად მოხდეს კორექტირება.
  • მოკლე და გრძელვადიანი გეგმები: ბიზნეს გეგმა უნდა მოიცავდეს როგორც დეტალურ 12-თვიან ოპერაციულ გეგმას, ასევე ფართო 3-5 წლიან სტრატეგიულ ხედვას.

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები ბიზნეს გეგმის მომზადებისას

ბიზნეს გეგმის მომზადებისას დაშვებული შეცდომები ხშირად იწვევს დაფინანსებაზე უარის თქმას ან ბიზნესის წარუმატებლობას. ქვემოთ მოცემულია პრაქტიკაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები:

  • არარეალისტური ფინანსური პროგნოზები: ყველაზე გავრცელებული შეცდომაა გაყიდვების გადაჭარბებული ოპტიმიზმი და ხარჯების არასაკმარისი შეფასება. ინვესტორები ხშირად ამბობენ: “იდეა კარგია, მაგრამ ციფრები არარეალურია”. კონკრეტული შეცდომებია:
    • კაპიტალური დანახარჯების (CAPEX) იგნორირება: ძირითადი საშუალებების შეძენის ან განახლების ხარჯების არასწორი გათვლა.
    • სამუშაო კაპიტალის (Working Capital) არასწორი მართვა: მარაგების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ზრდის არასაკმარისად გათვალისწინება.
  • ფინანსური დაშვებების არარსებობა: ფინანსური ცხრილები და გრაფიკები უსარგებლოა, თუ არ არის ახსნილი, რა დაშვებებზეა დაფუძნებული ეს ციფრები.
  • ბაზრის არასათანადო ანალიზი: ბიზნეს გეგმებს ხშირად აკლია კონკურენტების სიღრმისეული ანალიზი. ფრაზა “ჩვენ არ გვყავს კონკურენტები” თითქმის ყოველთვის ე.წ. “წითელი ალამია” ინვესტორებისთვის.
  • აღმასრულებელი რეზიუმეს (Executive Summary) სისუსტე: თუ გეგმის ეს ნაწილი ვერ იპყრობს მკითხველის ყურადღებას პირველ ორ წუთში, დანარჩენი დოკუმენტი, შესაძლოა საერთოდ აღარ იქნას განხილული. 
  • მმართველი გუნდის არასაკმარისი აღწერა: ბიზნეს იდეა და შესაბამიის აღსრულების გეგმა აუცილებელი და მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია არსებობს თუარა გუნდი, რომელიც რეალურად ამ გეგმის განხორციელებას შეძლებს. 
  • იურიდიული და მარეგულირებელი ასპექტების იგნორირება: ლიცენზირების, ნებართვების, საგადასახადო ვალდებულებების და ინდუსტრიის სპეციფიკური რეგულაციების არასაკმარისი გათვალისწინება. ბიზნეს გეგმის მომზადებისას დაშვებული შეცდომები ხშირად იწვევს დაფინანსებაზე უარის თქმას ან ბიზნესის წარუმატებლობას.

ბიზნეს გეგმის ტიპები: როდის რომელია საჭირო

ბიზნეს გეგმა არ არის ერთი უნივერსალური ფორმატის დოკუმენტი. მისი ტიპი და მოცულობა დამოკიდებულია მიზანსა და აუდიტორიაზე:

  • მინი-გეგმა (Mini-Plan): მოკლე, 1-10 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება იდეის სწრაფი შეფასებისთვის ან შიდა კომუნიკაციისთვის.
  • სამუშაო გეგმა (Working Plan): დეტალური, შიდა დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება მენეჯმენტის მიერ ყოველდღიური ოპერაციების სამართავად. ის შეიძლება იყოს ძალიან ვრცელი და მოიცავდეს ყველა დეტალს.
  • საინვესტიციო გეგმა (Investor Plan): ყველაზე ფორმალური და კრიტიკული ტიპის ბიზნეს გეგმა. ის ფოკუსირებულია ფინანსურ ანალიზზე, რისკების მართვასა და ბიზნესიდან გასვლის სტრატეგიებზე. ამ ტიპის დოკუმენტებს როგორც წესი ითხოვენ ინვესტორები და ბანკები.
  • გეგმა გრანტისთვის: ფოკუსირებულია სოციალურ და ეკონომიკურ გავლენაზე, ნაკლებად – მოგებაზე. მოითხოვს მკაცრ შესაბამისობას გრანტის გამცემი ორგანიზაციის მოთხოვნებთან.

თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად ამარტივებს და აზუსტებს ბიზნეს გეგმის მომზადების პროცესს:

  • ფინანსური მოდელირების პროგრამები: სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფები საშუალებას იძლევა, სწრაფად შეიქმნას დინამიური ფინანსური პროგნოზები და ჩატარდეს მგრძნობელობის ანალიზი.
  • ბაზრის კვლევის ინსტრუმენტები: ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა გამოიყენება ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების ქცევისა და სამომხმარებლო მოთხოვნის უფრო ზუსტი პროგნოზირებისთვის.
  • ვიზუალიზაცია: ბიზნეს გეგმის ძირითადი მონაცემების (ფინანსური პროგნოზები, გაყიდვების გრაფიკები) ვიზუალიზაცია (დაშბორდები, გრაფიკები) აადვილებს ინფორმაციის აღქმას ინვესტორებისთვის.

შეჯამება და დასკვნა: ბიზნეს გეგმა, როგორც წარმატების საფუძველი

ბიზნეს გეგმა არის ბიზნესის წარმატების ქვაკუთხედი. ის აიძულებს მეწარმეს, კრიტიკულად შეაფასოს თავისი იდეა, შეიმუშაოს მკაფიო სტრატეგია და დაამტკიცოს მისი ფინანსური სიცოცხლისუნარიანობა. სწორად შედგენილი ბიზნეს გეგმა არის არა მხოლოდ დაფინანსების მოპოვების გასაღები, არამედ მენეჯმენტის გუნდისთვის მიზნების დასახვისა და რესურსების ეფექტური მართვის ინსტრუმენტი.

ბიზნეს გეგმა არის ფუნდამენტური ინსტრუმენტი ნებისმიერი კომპანიისთვის, განურჩევლად მისი ზომისა და ინდუსტრიისა, რომელიც უზრუნველყოფს სტრატეგიულ სიცხადეს, რესურსების ეფექტურ განაწილებას და რისკების მართვას.

ბიზნეს გეგმის მომზადების პროცესი აიძულებს მენეჯმენტს, რეალისტურად შეაფასოს ბაზარი, კონკურენტები და საკუთარი შესაძლებლობები, ოპტიმიზმი დააბალანსონ პრაგმატიზმით, რაც გადამწყვეტია გრძელვადიანი მდგრადობისთვის.

Loialte – თქვენი სანდო პარტნიორი ბიზნესის დაწყების და განვითარების პროცესში

იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნეს გეგმის მომზადება მოითხოვს მრავალმხრივ ცოდნას (ფინანსური მოდელირება, ბაზრის კვლევა, იურიდიული ასპექტები და სხვ.), ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხშირად რთულია ამ ამოცანის სრულყოფილად შესრულება საკუთარი რესურსებით.

სწორედ ამიტომ, Loialte გთავაზობთ ბიზნეს გეგმის მომზადების სერვისს. Loialte-ს გუნდი დაგეხმარებათ თქვენი იდეა გადააქციოთ დამაჯერებელ, სტრატეგიულ და ფინანსურად გამართულ დოკუმენტად, რომელიც გახდება თქვენი ბიზნესის წარმატების საწყისი წერტილი. 

დაგეგმეთ თქვენი მომავალი პროფესიონალებთან ერთად!

ბოლო სიახლეები

WhatsApp
დაგვიკავშირდით

გამოიწერეთ სიახლეები

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი

    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები

    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]