ბიზნესის მართვა უამრავ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. პროდუქტის განვითარება, გაყიდვები, მარკეტინგი, მომხმარებელთა მომსახურება და ა.შ. – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ამოცანებისა, რომლებთანაც ყოველდღიურად გიწევთ გამკლავება. ამ ყველაფრის ფონზე, ბუღალტრული აღრიცხვა ხშირად თავის ტკივილად იქცევა, რომელიც დროსა და ენერგიას გართმევთ.
რატომ არის ასეთი პოპულარული ბუღალტრული აუთსორსინგი?
დღესდღეობით სულ უფრო მეტი კომპანია (განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი), ირჩევს ბუღალტრულ აუთსორსინგს. ბუღალტერია აუთსორსზე ნიშნავს, რომ კომპანია თავისი ბუღალტრული ფუნქციების შესრულებას ანდობს გარე, სპეციალიზებულ კომპანიას.
მიუხედავად იმისა, რომ აუთსორსინგის პრაქტიკა სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება საქართველოში, ამ სერვისის გარშემო მაინც ჯერ კიდევ უამრავი მითი და არასწორი წარმოდგენა არსებობს. ამ ბლოგში განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ მითებს და მოგიყვებით რეალობას, რომელიც მათ უკან დგას.
მითი 1: “აუთსორსინგი ძალიან ძვირია ჩემი ბიზნესისთვის“
ეს, ალბათ, აუთსორსინგთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული მცდარი შეხედულებაა. მოდით, შევადაროთ:
- შიდა ბუღალტრის ხარჯები: თქვენ მას უხდით არა მხოლოდ ხელფასს, არამედ მასთან დაკავშირებულ გადასახადებს, საპენსიო შენატანს, ჯანმრთელობის დაზღვევას. ასევე გჭირდებათ დამატებითი სამუშაო სივრცე, კომპიუტერი, ძვირადღირებული საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფა და მუდმივი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, რაც ასევე დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. წელიწადში ეს ხარჯი შეიძლება ათასობით ლარს გასცდეს, მაშინაც კი, თუ ბუღალტრის სრულად დატვირთვა არ გჭირდებათ.
- ბუღალტრული აუთსორსინგის ხარჯები: თქვენ იხდით მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ ყოველთვიურ საფასურს. ეს საფასური, როგორც წესი, მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე ერთი კვალიფიციური ბუღალტრის სრული ხარჯი. თქვენ იხდით კონკრეტულ მომსახურებაში და არა თანამშრომლის სამუშაო საათებში, მის ავადმყოფობის პერიოდში ან შვებულებაში ყოფნისას. მაგალითად, მცირე ბიზნესისთვის, რომელსაც თვეში რამდენიმე ათეული ტრანზაქცია აქვს, აუთსორსინგის ღირებულება შეიძლება ერთი დაქირავებული თანამშრომლის ხელფასის მეოთხედიც კი არ იყოს.
უმეტეს შემთხვევაში, ბუღალტრული აუთსორსინგი უფრო ეკონომიურია, ვიდრე შიდა ბუღალტრის აყვანა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელსაც სრული განაკვეთით მომუშავე ბუღალტერი ხშირად არ სჭირდება.
მითი 2: “ფინანსებზე კონტროლს დავკარგავ“
რეალურად პირიქით ხდება, აუთსორსინგული მომსახურება გაძლევთ მეტ კონტროლს და გამჭვირვალობას. აი, როგორ:
- ტექნოლოგიები და დახვეწილი პროცესები: პროფესიონალური აუთსორსინგული კომპანიები იყენებენ ღრუბლოვან (Cloud) საბუღალტრო პროგრამებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ, როგორც ბიზნესის მფლობელს, გაქვთ 24/7 წვდომა თქვენს ფინანსურ მონაცემებზე ნებისმიერი მოწყობილობიდან. თქვენ რეალურ დროში ხედავთ შემოსავლებს, ხარჯებს, მოგებას და სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებლებს. შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს შეამოწმოთ ბალანსი ან ფულადი ნაკადების ანგარიშგება.
- გადაწყვეტილებებს საბოლოოდ თქვენ იღებთ: აუთსორსერი კომპანია ამზადებს მონაცემებს, ანგარიშებს და გაწვდით რეკომენდაციებს, მაგრამ საბოლოო ფინანსურ გადაწყვეტილებებს იღებთ თქვენ (მათ შორის საბანკო გადარიცხვებსაც საბოლოოდ თქვენ ადასტურებთ). ასევე, თქვენ იღებთ პროფესიონალურად მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებას, რაც გაძლევთ საშუალებას, მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
შედეგად, თქვენ თავისუფლდებით რუტინული სამუშაოსგან (დოკუმენტების დამუშავება, დეკლარაციების მომზადება) და გრჩებათ მეტი დრო და ინფორმაცია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად.
მითი 3: “გარე კომპანია ვერ მოერგება ჩემი ბიზნესის სპეციფიკას“
ეს მითი სათავეს იღებს წარსულიდან, როდესაც ბუღალტერი მხოლოდ ციფრებთან მუშაობდა. დღეს ვითარება განსხვავებულია.
- მრავალმხრივი გამოცდილება: გამოცდილ აუთსორსინგულ კომპანიას ჰყავს კლიენტები სხვადასხვა ინდუსტრიიდან. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ მრავალფეროვანი გამოცდილება და იცნობენ სხვადასხვა სექტორის გამოწვევებსა და საუკეთესო პრაქტიკებს. ეს ცოდნა შეიძლება, ბევრად უფრო ფართო იყოს, ვიდრე ერთი, კონკრეტულ კომპანიაში მომუშავე ბუღალტრისა. მათ შეიძლება უკვე ჰქონდეთ გამოცდილება თქვენს მსგავს კომპანიასთან და იცოდნენ, რა მუშაობს და რა – არა.
- პერსონალიზებული მიდგომა: პროფესიონალური ფირმები მუშაობის დაწყებამდე დეტალურად სწავლობენ თქვენი ბიზნესის პროცესებს, მიზნებსა და საჭიროებებს. ისინი ქმნიან თქვენზე მორგებულ მომსახურების პაკეტს. ისინი არ გთავაზობენ სტანდარტულ გადაწყვეტას.
ბუღალტრული აუთსორსინგით, თქვენ იღებთ არა მხოლოდ ბუღალტერს, არამედ ფინანსურ კონსულტანტს, რომელსაც შეუძლია, გარედან, ახალი თვალით შეხედოს თქვენს ბიზნესს და მოგცეთ ღირებული რჩევები.
მითი 4: “ჩემი ფინანსური მონაცემები საფრთხის ქვეშ დადგება“
უმეტეს შემთხვევაში, თქვენი მონაცემები ბევრად უფრო დაცულია პროფესიონალურ აუთსორსინგულ კომპანიასთან, ვიდრე თქვენს ოფისში არსებულ კომპიუტერში.
- უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები: ასეთი კომპანიები დიდ ინვესტიციას დებენ მონაცემთა დაცულობის უზრუნველყოფაში: მონაცემთა დაშიფვრა, დაცული სერვერები, ეს ის სტანდარტებია, რომელთა დანერგვა მცირე ბიზნესს, როგორც წესი, არ შეუძლია. თქვენი მონაცემები ინახება დაცულ ლოკალურ თუ ღრუბლოვან სერვერებზე, რაც ამცირებს მონაცემთა დაკარგვის რისკს ტექნიკური გაუმართაობის ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაციის დროს.
- პროფესიული დაზღვევა და იურიდიული პასუხისმგებლობა: აუთსორსინგულ კომპანიასთან თქვენ აფორმებთ ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს კონფიდენციალურობის მკაცრ პირობებს. მონაცემთა გაჟონვა მათთვის ნიშნავს არა მხოლოდ იურიდიულ პასუხისმგებლობას, არამედ რეპუტაციის განადგურებას. ასევე, წამყვან აუთსორსინგულ კომპანიებს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეული აქვთ, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ თქვენ დაგეკისრებათ რაიმე ტიპის სანქცია საგადასახადო ორგანოებისგან, ზარალს ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია.
ანუ, თქვენი ფინანსური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც იყენებს უახლეს ტექნოლოგიებსა და პროფესიული დაზღვევის პროდუქტებს.
მითი 5: “აუთსორსინგი მხოლოდ დიდი კომპანიებისთვისაა“
სინამდვილეში, აუთსორსინგით ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი იღებს.
- მაღალკვალიფიციური გუნდი: მცირე კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა, დაიქირაოს მაღალკვალიფიციური ფინანსური დირექტორი (CFO). აუთსორსინგის საშუალებით კი თქვენ იღებთ წვდომას მთელი გუნდის (ბუღალტრების, აუდიტორების, ფინანსური ანალიტიკოსების) კოლექტიურ ცოდნასა და გამოცდილებაზე და ამაში იხდით ერთი საშუალო დონის ბუღალტრის ხელფასზე ნაკლებს.
- მარტივად მასშტაბირება: როდესაც თქვენი ბიზნესი იზრდება, იზრდება ფინანსური ოპერაციების სირთულეც. აუთსორსინგული კომპანია მარტივად ეგუება ამ ცვლილებას. თქვენ არ გიწევთ ახალი თანამშრომლების ძებნა და დამატებითი ხარჯების გაწევა. თუ თქვენი ბიზნესი სეზონურია, აუთსორსინგული კომპანია მოქნილად მოერგება თქვენს საჭიროებებს და გადაიხდით მხოლოდ იმ მომსახურებაში, რომელიც გჭირდებათ.
აუთსორსინგი მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს წვდომას ფაქტორბივად იმავე დონის ფინანსურ ექსპერტიზაზე, როგორიც დიდ კორპორაციებს აქვთ. გირჩევთ ბუღალტრული კომპანიის შერჩევისას მოითხოვოთ კომპანიის და ექსპერტიზის დამატასტურებელი ინფორმაცია (მაგ: ISO ბაზარზე ოპერირების ხანგრძლივობა, წარმატებული თანამშრომლობები და ა.შ.)
მითი 6: “აუთსორსინგული კომპანია მხოლოდ დეკლარაციებს აბარებს“
ეს წარმოდგენა ეხება ყველაზე იაფ და საბაზისო სერვისს. ხარისხიანი ბუღალტრული აუთსორსინგი ბევრად მეტია, კერძოდ:
სტრატეგიული პარტნიორობა – კარგი აუთსორსერი კომპანია არ არის უბრალოდ აღმრიცხველი. ის თქვენი ფინანსური მრჩეველია. ისინი გეხმარებიან:
- ბიუჯეტის შედგენასა და კონტროლში
- ფულადი ნაკადების (Cash Flow) მართვაში
- ფინანსური KPI-ების ანალიზში
- საგადასახადო ოპტიმიზაციაში
- სტრატეგიული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში
შედეგად, თქვენ ბუღალტერიასთან ერთად იღებთ ფინანსური მენეჯერის დონის მომსახურებას, რაც გეხმარებათ, არა მხოლოდ თავიდან აიცილოთ პრობლემები, არამედ დაგეგმოთ და მიაღწიოთ ბიზნესის ზრდას.
მითი 7: “აუთსორსინგულ კომპანიასთან კომუნიკაცია რთული იქნება“
თანამედროვე მსოფლიოში ეს პრობლემა პრაქტიკულად აღარ არსებობს. პირიქით, კომუნიკაცია ხშირად უფრო სტრუქტურირებული და ეფექტიანია.
- თანამედროვე საკომუნიკაციო არხები: აუთსორსინგული კომპანიები იყენებენ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა Google Meet, Microsoft Teams, WhatsApp და ა.შ. მსგავსი პლატფორმები უზრუნველყოფს სწრაფ და დოკუმენტირებულ კომუნიკაციას. თქვენ აღარ გიწევთ საჭიროების შემთხვევაში ბუღალტრის ძებნა. ყველა კითხვა და პასუხი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.
- გეგმიური შეხვედრები და რეპორტინგი: პროფესიონალურ აუთსორსინგულ კომპანიებში არსებობს რეგულარული (ყოველკვირეული/ყოველთვიური) ვიდეოზარების ან პირისპირ შეხვედრების პრაქტიკა, სადაც ხდება ფინანსური შედეგების და სხვა ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. ასევე, თქვენ რეგულარულად იღებთ გასაგებ და ვიზუალურად მარტივ ანგარიშებს, რაც საშუალებას გაძლევთ, მუდმივად საქმის კურსში იყოთ.
აუთსორსინგით სარგებლობისას კომუნიკაცია ხდება უფრო მიზანობრივი და პროდუქტიული. თქვენ იღებთ პასუხებს მაშინ, როცა გჭირდებათ და არ ხართ დამოკიდებული ერთი ადამიანის გრაფიკზე.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ თქვენი შიდა ბუღალტერი ავად გახდა, შვებულებაში გავიდა ან სამსახურიდან წავიდა, თქვენი ფინანსური პროცესები შეიძლება, კოლაფსის წინაშე დადგეს. აუთსორსინგის შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს უწყვეტ მომსახურებას. ყოველთვის არსებობს სხვა თანამშრომელი, რომელსაც შეუძლია, შეცვალოს თქვენი მომსახურე ბუღალტერი.
შეჯამება
ბუღალტრული აუთსორსინგი არის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ჩამოშორდეთ რუტინულ საქმეს და ფოკუსირდეთ იმაზე, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ, ანუ თქვენი ბიზნესის განვითარებაზე. სწორი აუთსორსინგული კომპანიის არჩევის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მეტ დროს, ნაკლებ სტრესს, მაღალ სიზუსტეს და პროფესიონალურ ფინანსურ რჩევებს, ხშირად, უფრო ნაკლებ ფასად.
თუ ბუღალტრულ აუთსორსინგთან დაკავშირებით კითხვები დაგრჩათ, დაგვიკავშირდით და ჩანიშნეთ უფასო საკონსულტაციო შეხვედრა Loialte-ს პროფესიონალ ბუღალტრებთან.