მიზანშეწონილობის კვლევა (Feasibility Study) არის ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც პასუხობს მთავარ კითხვას: ღირს თუ არა კონკრეტული ბიზნეს იდეის რეალურად განხორციელება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიზანშეწონილობის კვლევა არის ბიზნეს იდეის პრაქტიკული შემოწმება რეალურ მონაცემებზე, ციფრებსა და გარემო ფაქტორებზე დაყრდნობით.
სტატისტიკურად, ბევრი პროექტი წარმატებით ვერ ხორციელდება არა იმიტომ, რომ იდეა სუსტია, არამედ იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია სიღრმისეული წინასწარი შეფასების გარეშე. სწორედ ამ მთავარი რისკის შესამცირებლად მზადდება და გამოიყენება მიზანშეწონილობის კვლევა.
მიზანშეწონილობის კვლევა გეხმარებათ თავიდან აირიდოთ ფინანსური დანაკარგები, სწორად შეაფასოთ რისკები და უპირველესად თავად დარწმუნდეთ, ხოლო საჭიროებისამებრ დაარწმუნოთ ბანკები თუ ინვესტორები, რომ თქვენი პროექტი/იდეა რეალისტურია. გარდა ამისა, გაძლევთ მკაფიო სურათს დაიწყოთ პროექტი, შეცვალოთ კონცეფცია თუ საერთოდ უარი თქვათ იდეაზე.
რას მოიცავს მიზანშეწონილობის კვლევა
იმისთვის, რომ მიზანშეწონილობის კვლევა პასუხობდეს მის მთავარ მიზნობრიობას, რეკომენდებულია ფარავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ძირითად საკითხებს:
1.ტექნიკური მიზანშეწონილობა
ტექნიკური მიზანშეწონილობა აფასებს, შესაძლებელია თუ არა პროექტის განხორციელება არსებული ტექნოლოგიებითა და რესურსებით. ამ ნაწილში განიხილება ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიური გადაწყვეტები, დრო და საჭირო უნარები. ტექნიკური მიზანშეწონილობა აჩვენებს, რა ტექნიკურ პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ სამომავლოდ და როგორ მოვაგვაროთ ისინი.
მაგალითი: სტარტაპმა გადაწყვიტა საკვების მიწოდების აპლიკაციის შექმნა. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ საჭირო IT გუნდი და პლატფორმა არსებობდა, თუმცა მონაცემთა უსაფრთხოებისთვის საჭირო დამატებითი ხარჯები მნიშვნელოვნად ზრდიდა ბიუჯეტს. პროექტი ტექნიკურად შესაძლებელი იყო, მაგრამ საჭირო გახდა მასშტაბის შემცირება, რათა გამართლებული ყოფილიყო ინვესტიცია.
2.ფინანსური მიზანშეწონილობა
ფინანსური მიზანშეწონილობა აჩვენებს, არის თუ არა პროექტი ეკონომიკურად გამართლებული. ეს ის ნაწილია, რომელიც ბანკებს და ინვესტორებს ყველაზე მეტად აინტერესებთ. აღწერეთ, რა ხარჯი გექნებათ (საწყისი ინვესტიცია, ოპერაციული ხარჯები, მარკეტინგი და ა.შ.), რა შემოსავალს ელოდებით, რა იქნება მოგება, რა იქნება უკუგება ინვესტიციაზე (ROI) და რა დრო დასჭირდება ინვესტიციის დაბრუნებას.
მაგალითი: კაფის გახსნის იდეამ ფინანსური კვლევისას აჩვენა, რომ მაღალი ქირისა და ოპერაციული ხარჯების გამო ინვესტიციის დაბრუნება მხოლოდ 6 წლის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი. შედეგად, მფლობელმა შეცვალა ლოკაცია და პროექტი ფინანსურად უფრო საინტერესო გახდა.
3.ბაზრის მიზანშეწონილობა
ბაზრის მიზანშეწონილობა პასუხობს კითხვას — არსებობს თუ არა რეალური მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე ან სერვისზე. აქ ფასდება მომხმარებლის საჭიროება, კონკურენტული გარემო/კონკურენტები და ბაზრის ტენდენციები.
მაგალითი: ონლაინ კურსების პლატფორმამ ბაზრის კვლევისას აღმოაჩინა, რომ მოთხოვნა ზოგად თემებზე დაბალი იყო, ხოლო პრაქტიკულ ფინანსურ კურსებზე – მაღალი. შედეგად, პროექტში საწყის ეტაპზევე განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები და წარმატებით დაიწყო ოპერირება
4.ორგანიზაციული და ოპერაციული მიზანშეწონილობა
ოპერაციული მიზანშეწონილობა ეხება ყოველდღიურ მართვას: პროცესებს, გუნდს და რესურსებს. იდეა შეიძლება იყოს მომგებიანი, მაგრამ რთულად სამართავი. კვლევის ამ ნაწილში დეტალურად უნდა აღიწეროს როგორი იქნება საოპერაციო პროცესები, გუნდი, რომელმაც უნდა მართოს პროექტი/ბიზნესი, საჭირო რესურსები ოპერაციული მართვისთვის და ა.შ. ოპერაციული მიზანშეწონილობა აჩვენებს, პრაქტიკულად შესაძლებელია თუ არა პროექტის განხორციელება და მართვა.
მაგალითი: სერვისულ კომპანიას ჰქონდა კარგი ფინანსური მაჩვენებლები, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ საჭირო კვალიფიციური კადრები ბაზარზე იშვიათი იყო. პროექტი გადაიდო მანამ, სანამ გუნდის დაკომპლექტება არ გახდა შესაძლებელი.
5.იურიდიული მიზანშეწონილობა
იურიდიული მიზანშეწონილობა ამოწმებს, შესაბამისობაშია თუ არა პროექტი ლოკალურ თუ საერთაშორისო კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან, (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სალიცენზიო მოთხოვნებთა და სხვ. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია გადასახადებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მისი გავლენა ფინანსურ ნაწილზე.
მაგალითი: სამედიცინო მომსახურების სტარტაპმა კვლევის პროცესში აღმოაჩინა, რომ საჭირო ლიცენზიების მიღებას ერთი წელი სჭირდებოდა. პროექტი არ გაუქმდა, მაგრამ დაწყების ვადები რეალისტურად გადაიხედა.
6.რისკების ანალიზი
რისკების ანალიზი მოიცავს იმ საფრთხეების იდენტიფიცირებას და აღწერას, რომლებიც შეიძლება პროექტის განხორციელებისას ან შემდგომ საოპერაციო პროცესში წარმოიშვას, და რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება იმართოს, შემცირდეს ან სრულიად აღმოიფხვრას კონკრეტული რისკები. რისკების სწორად ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და დიდწილად განაპირობებს წარმატებული იქნება თუ არა თქვენი პროექტი თუ ბიზნეს იდეა.
მაგალითი: წარმოების პროექტის რისკების ანალიზისას მთავარ რისკად გამოვლინდა ნედლეულის ფასის პოტენციური ზრდა. კვლევის შედეგად კომპანიამ ალტერნატიული მომწოდებლები მოძიება შეძლო, რითად მნიშვნელოვნად შეამცირა ეს რისკი და პროექტის განხორციელებაც რეალისტური გახდა.
როგორია კარგად შედგენილი მიზანშეწონილობის კვლევა?
ხარისხიანი კვლევა ეფუძნება რეალურ მონაცემებს, კონსერვატიულ ფინანსურ პროგნოზებს და მკაფიო დასკვნებს. კვლევა მკითხველს უნდა აძლევდეს გადაწყვეტილების შესაძლებლობას გამართლებულია თუ არა პროექტის განხორციელება.
- სანდრო და რეალური მონაცემები ის მთავარი ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვნად გაამყარებს თქვენს დაშვებებს პროექტთან თუ იდეასთან დაკავშირებით. ეცადეთ მონაცემები მოიშველიოთ სანდო და ავტორიტეტული წყაროებიდან, რაც თქვენს გეგმას მეტ დამაჯერებლობას შესძენს.
- რეალისტური ფინანსური გათვლები კრიტიკულად მნიშვნელოვანია – მაგალითად, ნუ დაწერთ, რომ პირველივე წელს რამდენიმე მილიონიანი შემოსავალი ან მოგება გექნებათ, თუ ეს არ არის რეალური. რეალისტური, ზოგჯერ კონსერვატული პროგნოზები ბევრად უფრო დამაჯერებელია ბანკებისთვის თუ ინვესტორებისთვის და დაფინანსების მოპოვების შანსებიც უფრო იზრდება.
- და ბოლოს, მიზანშეწონილობის კვლევას მაშინ აქვს აზრი, როცა შესაძლებელი ხდება მკაფიო დასკვნის გაკეთება – მიზანშეწონილია თუ არა კონკრეტული პროექტის განხორციელება და მასში ინვესტირება.
შეჯამება
მიზანშეწონილობის კვლევა (Feasibility Study) არის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ იდეის რეალობასთან შეჯერებაში. სწორად ჩატარებული მიზანშეწონილობის კვლევა ამცირებს რისკებს, ზრდის ინვესტორების ნდობას და გაძლევთ საკმარის ინფორმაციას სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.
თუ გეგმავთ ახალი ბიზნესის დაწყებას ან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, სანამ რესურსების ხარჯვას დაიწყებთ უმჯობესია დარწმუნდეთ ნამდვილად ის არის თუ არა რისი მიღებაც გინდათ და რამდენად გონივრულია ინვესტირება. ხარისხიანი მიზანშეწონილობის კვლევის (Feasibility Study) მომზადებაში Loialte-ს გამოცდილი ბიზნეს კონსულტანტები დაგეხმარებიან.