საქართველო მსოფლიოში ცნობილია ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივითა და ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საგადასახადო გარემოთი. ქვეყნის ეკონომიკური მიმზიდველობის საუკეთესო ინდიკატორი ოფიციალური ციფრებია: საქსტატის (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 60 000-დან 70 000-მდე ახალი ბიზნეს სუბიექტი რეგისტრირდება.
თუმცა, იმისათვის, რომ პროცესმა ხარვეზებისა და სამართლებრივი რისკების გარეშე ჩაიაროს, აუცილებელია ნაბიჯების ზუსტი თანმიმდევრობის დაცვა. ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ ეტაპობრივად გამართოთ თქვენი ბიზნესი – იდეიდან პირველ საგადასახადო დეკლარაციამდე.
ეტაპი 1: სწორი იურიდიული ფორმისა და საგადასახადო რეჟიმის შერჩევა
სანამ იუსტიციის სახლს მიაკითხავთ, ზუსტად უნდა განსაზღვროთ ბიზნესის სტრუქტურა. საქართველოში საგადასახადო განაკვეთი პირდაპირ კავშირშია იურიდიულ სტატუსთან:
1.მიკრო ბიზნესი (0% გადასახადი): ფიზიკური პირი, რომლის წლიური ბრუნვა 30,000 ლარზე ნაკლებია და არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას (გარდა ოჯახის წევრისა).
2.ინდივიდუალური მეწარმე მცირე ბიზნესის სტატუსით (1% გადასახადი): იმ შემთხვევაში, თუ ბრუნვა არ აღემატება 500,000 ლარს წელიწადში, იბეგრებით მხოლოდ 1%-ით შემოსავლიდან (ხოლო 500,000 ლარის ზემოთ – 3%-ით).
3.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – შპს (ესტონური მოდელი): მოგების გადასახადის (15%) და დივიდენდის გადასახადის (5%) გადახდა ხდება მხოლოდ მოგების განაწილებისას. სანამ ფული ბიზნესში რჩება არ იხდით გადასახადს.
სპეციალური სტატუსები
4.ვირტუალური ზონის პირი (Virtual Zone): ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი. თუ ვირტუალური ზონის იურიდიული პირი ქმნის საინფორმაციო ტექნოლოგიურ პროდუქტს და ის საქართველოს ფარგლებს გარეთ გააქვს, ამ საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებისას კომპანიას მოგების გადასახადის გადახდა არ უწევს
5.საერთაშორისო კომპანიის სტატუსი (International Company): საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებული საქმიანობისთვის . მოგების გადასახადი – 5%, საშემოსავლო გადასახადი – 5%, დივიდენდი – 0%.
ეტაპი 2: ბიზნესის რეგისტრაცია იუსტიციის სახლში
მას შემდეგ, რაც მოდელს აირჩევთ, იწყება ოფიციალური რეგისტრაციის ეტაპი. საქართველოში ეს პროცედურა 1-2 სამუშაო დღეში სრულდება (შესაძლებელია დისტანციურადაც, მინდობილობის საფუძველზე).
- ნაბიჯი 1: დოკუმენტაციის მომზადება. დაგჭირდებათ დამფუძნებლის/წარმომადგენლის პირადობის მოწმობა (ან პასპორტი). შპს-ს შემთხვევაში – პარტნიორთა შეთანხმება და წესდება (შეგიძლიათ გამოიყენოთ იუსტიციის სახლის სტანდარტული შაბლონი).
- ნაბიჯი 2: იურიდიული მისამართის უზრუნველყოფა. კომპანიას ესაჭიროება ოფიციალური მისამართი საქართველოში. ამისთვის საჭიროა ფართის მესაკუთრის თანხმობა (ან ნოტარიულად დამოწმებული, ან მესაკუთრის ფიზიკური დასწრებით იუსტიციის სახლში).
- ნაბიჯი 3: განაცხადის შეტანა და საფასურის გადახდა. იუსტიციის სახლში ოპერატორი აფორმებს განაცხადს. სტანდარტული რეგისტრაცია (მომდევნო დღეს) ან დაჩქარებული (იმავე დღეს) საჭიროებს შესაბამისი საფასურის გადახდას. რეგისტრაციის დასრულებისას გენიჭებათ საიდენტიფიკაციო კოდი და გადმოგეცემათ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
ეტაპი 3: საბანკო ანგარიშის გახსნა
კომპანიის ამონაწერის მიღებისთანავე უნდა მიმართოთ კომერციულ ბანკებს ბიზნეს ანგარიშის გასახსნელად.
საჭირო დოკუმენტებია საჯარო რეესტრის უახლესი ამონაწერი, დამფუძნებლის/დირექტორის პასპორტი და შევსებული საბანკო კითხვარი (KYC – Know Your Customer).
ეტაპი 4: წვდომის გააქტიურება RS.GE-ზე და სტატუსის მიღება
შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ვებ გვერდის მართვა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია:
- ავტორიზაცია: იუსტიციის სახლში რეგისტრაციისას თქვენს ტელეფონის ნომერზე მოდის შემოსავლების სამსახურის პორტალის (rs.ge) მომხმარებლის სახელი და პაროლი.
- სპეციალური სტატუსის მოთხოვნა: თუ დარეგისტრირდით როგორც ინდ. მეწარმე და გსურთ მიიღოთ მცირე მეწარმის სტატუსი, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან უნდა მოითხოვოთ სტატუსი.
ეტაპი 5: რა უნდა გაითვალისწინოთ ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის ნაწილში?
1.ყოველთვიური დეკლარირება და ვადები
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებმა და შპს-ებმა დეკლარაციები უნდა წარადგინონ და გადასახადები გადაიხადონ ყოველ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ვადების დარღვევა იწვევს ავტომატურ საურავებსა და ჯარიმებს rs.ge-ს პორტალზე.
2. დღგ (VAT) გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება
თუ თქვენი ბიზნესის ბრუნვამ ბოლო 12 უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა 100,000 ლარს, თქვენ ვალდებული ხართ დარეგისტრირდეთ დღგ-ს გადამხდელად.
3.თუ სერვისს ან პროდუქტს აწვდით საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეს ოპერაცია ხშირად თავისუფლდება დღგ-სგან ჩათვლის უფლებით (ნულოვანი განაკვეთი), თუმცა 100,000 ლარიანი ზღვრის გადაცილებისას რეგისტრაცია მაინც სავალდებულოა.
4. უკუდაბეგვრის დღგ: თუ ბიზნესისთვის მომსახურებას ყიდულობთ უცხოური კომპანიისგან (მაგ. Facebook/Google Ads, უცხოური სერვერები), თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში გადაიხადოთ 18% უკუდაბეგვრის დღგ (რომლის ჩათვლაც შემდგომში შესაძლებელია, თუ დღგ-ს გადამხდელი ხართ).
ფინანსური ანგარიშგება და IFRS სტანდარტები
საქართველოს კანონმდებლობით, კომპანიები კატეგორიების მიხედვით ვალდებულნი არიან აწარმოონ ბუღალტერია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS-ის ან IFRS for SMEs-ის) შესაბამისად და წარადგინონ წლიური ანგარიშგება SARAS-ის პორტალზე. მცირე (IV კატეგორიის) კომპანიებისთვისაც კი ეს სავალდებულოა და წესების დარღვევა სოლიდურ ჯარიმებს ითვალისწინებს.
დასკვნა
საქართველო მეწარმეებს სთავაზობს მოქნილ ეკონომიკურ პლატფორმას, და ოფიციალური სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ ინტერესი ქვეყნის ბიზნეს-გარემოს მიმართ სტაბილურად იზრდება. ბიუროკრატიის სიმცირე და დაბალი საგადასახადო განაკვეთები საუკეთესო პირობას ქმნის იდეების სტარტისთვის. თუმცა, გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად აუცილებელია პროცესების ზუსტად დაგეგმვა და სწორი ადმინისტრირება.