ნებისმიერი საცალო, საბითუმო თუ საწარმოო ბიზნესისთვის, მარაგების დანაკარგი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და ამავდროულად ძვირადღირებული პრობლემაა. დანაკარგი, ეს არის სხვაობა თქვენს სააღრიცხვო სისტემაში დაფიქსირებულ და რეალურ რაოდენობას შორის, რომელიც ფიზიკურად საწყობში ან მაღაზიაში არსებობს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ის პროდუქცია, რომელიც გაქრა, დაზიანდა ან არასწორად აღირიცხა.
მარაგების დანაკარგი პირდაპირ ამცირებს თქვენს მოგებას და ზრდის ოპერაციულ ხარჯებს. ბევრი მეწარმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ მსხვილი კომპანიების პრობლემაა, მაგრამ საშუალოდ, ბიზნესები საკუთარი ბრუნვის 1-4%-ს სწორედ ასე კარგავენ. თუ თქვენი წლიური შემოსავალი, მაგალითად, 500,000 ლარია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ყოველწლიურად 5,000-დან 20,000 ლარამდე კარგავთ. ამ ფულით კი ახალი თანამშრომლის აყვანას, ვებგვერდის განახლებას ან მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას შეძლებდით. ეს არის ფული, რომელიც თქვენი ბიზნესის ზრდას უნდა მოხმარებოდა. ამიტომ, მარაგების სწორად მართვის და კონტროლის ეფექტური სისტემების დანერგვა არა მხოლოდ რეკომენდებული, არამედ აუცილებელი პირობაა ფინანსური სტაბილურობისთვის.
ამ სტატიაში მარტივად აგიხსნით, საიდან ჩნდება დანაკარგები და გასწავლით 7 პრაქტიკულ ხერხს მათ შესამცირებლად.
მარაგების დანაკარგის 4 ძირითადი მიზეზი
სანამ პრობლემის მოგვარებას დავიწყებთ, უნდა ვიცოდეთ, ვინ არის “მტერი”. ძირითადად, დანაკარგი ოთხი მიზეზით ჩნდება:
- შიდა ქურდობა: სამწუხაროდ, ეს ძალიან გავრცელებული შემთხვევაა, რადგან თანამშრომლებმა ყველაზე კარგად იციან, სად არის კომპანიაში “სუსტი წერტილები”.
- აღრიცხვის შეცდომები: შეცდომები შეიძლება მოხდეს საქონლის მიღებისას, გაგზავნისას, განაწილებისას, ფასების შეცვლისას ან ინვენტარიზაციის დროს. მაგალითად, თუ სისტემაში შეყვანილია 100 ერთეული, რეალურად კი 90 მიიღეთ, 10 ერთეული უკვე დანაკარგად ითვლება.
- რეალიზაციის ადგილას ქურდობა: ეს უფრო საცალო ვაჭრობას ეხება და ის შემთხვევაა, როდესაც პროდუქციას კლიენტები იპარავენ. პატარა, ძვირადღირებული ნივთები განსაკუთრებით ადვილი სამიზნეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირად ყველაზე თვალსაჩინო მიზეზია, თანხობრივად ის, როგორც წესი, თანამშრომელთა ქურდობასა და ადმინისტრაციულ შეცდომებზე ბევრად ნაკლებია.
- დაზიანება და მომწოდებლის შეცდომა: პროდუქტი შეიძლება, ტრანსპორტირებისას დაზიანდეს, საწყობში გაფუჭდეს (ვადა გაუვიდეს) ან თავად მომწოდებელმა გამოგზავნოს იმაზე ნაკლები, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტებშია მოცემული.
7 ხერხი დანაკარგების შესამცირებლად
წარმოგიდგენთ 7 სტრატეგიას, რომელიც დაგეხმარებათ დანაკარგის მინიმუმამდე შემცირებაში:
1. დანერგეთ ე.წ. ციკლური დათვლის სისტემა
მარაგების დანაკარგის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ტრადიციული (მაგ: წლიური) ინვენტარიზაციის ჩანაცვლება ციკლური დათვლით.
წელიწადში ერთხელ საწყობის თუ სავაჭრო ობიექტის დაკეტვა და ყველაფრის ერთად გადათვლა დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. ამის ნაცვლად, სცადეთ ციკლური დათვლა. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღე ან ყოველკვირა მარაგის მხოლოდ მცირე ნაწილს ითვლით. მაგალითად, ორშაბათს ითვლით A სექციას, სამშაბათს – B-ს და ა.შ. შეგიძლიათ, დაყოთ პროდუქტები კატეგორიების მიხედვით: ერთ კვირას ითვლით მხოლოდ სასმელებს, მეორე კვირას – ტკბილეულს.
ეს მეთოდი გეხმარებათ, შეცდომა სწრაფად იპოვოთ და გამოასწოროთ, სანამ ის დიდ პრობლემად იქცევა. თუ ერთ სექციაში ხშირად ფიქსირდება შეუსაბამობა, ეს ნიშნავს, რომ სწორედ იქ არის პრობლემა და მეტი ყურადღება სჭირდება. თანაც, საწყობის ან მაღაზიის დახურვა არ გიწევთ და საოპერაციო პროცესში ხელი არ გეშლებათ.
2. დახვეწეთ თანამშრომელთა შერჩევის და დატრენინგების პროცესი
როგორც აღვნიშნეთ, თანამშრომელთა მხრიდან ქურდობა და შეცდომები დანაკარგების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა ისევ თანამშრომლებთან მუშაობით და ადამიანური რესურსების მართვის გაძლიერებით იწყება. მნიშვნელოვანია, რომ გუნდის ახალი წევრების მიღებამდე (რომლებსაც ექნებათ პირდაპირი წვდომა მარაგებზე) მოხდეს მათი წინარე გამოცდილების დეტალური გადამოწმება. თუმცა, ეს საკმარისი არ არის, ყველა შესაბამისმა თანამშრომელმა, უნდა იცოდეს კომპანიაში დანერგილი პროცედურები, განსაკუთრებით საქონლის მიღება, შენახვა და გაგზავნასთან დაკავშირებით.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, შექმნათ ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები თავს დაფასებულად გრძნობენ. კვლევები აჩვენებს, რომ ლოიალური და კმაყოფილი თანამშრომლები ნაკლებად არიან მიდრეკილნი ქურდობისკენ.
3. გამოიყენეთ ტექნოლოგიები
ადამიანური შეცდომების შემცირება ავტომატიზაციის გარეშე რთული ამოცანაა.
გამოიყენეთ შტრიხკოდების სკანერები საქონლის მიღების, განთავსების, აღების და გაგზავნის ყველა ეტაპზე. ეს უზრუნველყოფს, რომ სისტემაში შეყვანილი მონაცემები იყოს ზუსტი და მყისიერად განახლებადი.
მაღალი ღირებულების პროდუქციისთვის შესაძლოა გამოიყენოთ RFID ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად დაითვალოთ ასობით ერთეული ხელით სკანირების გარეშე. ეს რადიკალურად ამცირებს ინვენტარიზაციის დროს და ზრდის სიზუსტეს.
4. გაამკაცრეთ ფიზიკური უსაფრთხოება და წვდომების კონტროლი
ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლა ფიზიკური უსაფრთხოების ზომების გარეშე ძალიან რთულია.
შეზღუდეთ წვდომა: მარაგებზე წვდომის უფლება მხოლოდ რამდენიმე პასუხისმგებელ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს. რაც უფრო ნაკლები ადამიანი განკარგავს მარაგებს, მით უფრო მარტივია კონტროლი.
დააყენეთ კამერები: ვიდეომეთვალყურეობა კარგად მუშაობს, როგორც ქურდობის პრევენცია. დააყენეთ კამერები იქ, სადაც საქონელი შედის და გადის. ხშირად, კამერის არსებობაც კი საკმარისია ქურდობის აღსაკვეთად.
მოაწესრიგეთ მიღების ზონა: საქონლის მიღებისას ერთი თანამშრომელი უნდა ითვლიდეს, მეორე კი დოკუმენტებს ამოწმებდეს. ეს ე.წ. “ოთხი თვალის პრინციპი” ბევრ რისკებს და შეცდომებს აგარიდებთ თავიდან.
5. შექმენით მკაფიო პროცედურები და დოკუმენტაცია
ხშირად, შეცდომები იმიტომ ხდება, რომ თანამშრომელმა უბრალოდ არ იცის, როგორ მოიქცეს. შექმენით მოკლე, წერილობითი ინსტრუქცია მარაგების მართვასთან დაკავშირებული პროცესებისთვის: როგორ იღებთ საქონელს, როგორ აბრუნებთ, რას აკეთებთ დაზიანებულ პროდუქტთან დაკავშირებით და ა.შ.. მაგალითად, “ყველა დაზიანებული პროდუქტი უნდა განთავსდეს წითელ ყუთში და დღის ბოლოს უნდა მოხდეს მისი აღრიცხვა”. ეს გამორიცხავს გაურკვევლობას.
დაზიანებული პროდუქტი მაშინვე აღრიცხეთ და გადადეთ ცალკე. თაროზე დატოვებული გაფუჭებული საქონელი აღრიცხვას ძალიან ართულებს.
ასევე, რეგულარულად ჩაატარეთ შიდა აუდიტი, რათა დარწმუნდეთ, რომ თანამშრომლები იცავენ დადგენილ პროცედურებს.
6. გამოიყენეთ მარაგების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა
თუ მარაგებს ისევ Excel-ში აღრიცხავთ, დროა, თანამედროვე მარაგების მართვის პროგრამაზე (IMS) გადახვიდეთ. დღეს უკვე არსებობს ბევრი მარტივი და ხელმისაწვდომი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა შექმნილი.
თანამედროვე IMS სისტემები უზრუნველყოფენ მარაგის მუდმივ, რეალურ დროში აღრიცხვას. ყოველი გაყიდვა, მიღება თუ გადაადგილება ავტომატურად აისახება სისტემაში.
პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გაძლევთ, ავტომატურად გამოთვალოთ მარაგების დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი, დააიდენტიფიციროთ ყველაზე მოწყვლადი პროდუქტები და ზონები.
სასურველია, რომ IMS იყოს ინტეგრირებული თქვენს გაყიდვების წერტილის (POS) და ბუღალტრულ სისტემებთან, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს მონაცემების ხელით შეყვანისას დაშვებული შეცდომები.
7. მუდმივი მონიტორინგი
მარაგების კონტროლი უწყვეტი პროცესია. იმისთვის, რომ ეფექტი მაქსიმალური იყოს, დააწესეთ მარტივი, გასაგები და რაც მთავარია გაზომვადი მიზნები KPI-ები (Key Performance Indicators):
- დანაკარგის პროცენტი: დაითვალეთ, თქვენი გაყიდვების რა პროცენტს შეადგენს დაკარგული საქონლის ღირებულება. ეცადეთ, ეს რიცხვი ყოველთვე შეამციროთ.
- აღრიცხვის სიზუსტე: როდესაც მარაგს ითვლით, რამდენად ემთხვევა რეალური რიცხვი იმას, რაც პროგრამაში გიწერიათ? მიზანი 98-99%-იანი სიზუსტე უნდა იყოს.
ყოველთვიურად შეამოწმეთ ეს მაჩვენებლები. თუ ხედავთ, რომ დანაკარგი იზრდება, ეს ნიშნავს, რომ პრობლემები არსებობს და დროულად უნდა ჩაერიოთ. მაგალითად, თუ აღმოაჩინეთ, რომ კონკრეტული ტიპის პროდუქტი ხშირად იკარგება, იქნებ ღირდეს მისი სხვა, უფრო დაცულ ადგილას გადატანა? ასვე, თუ დანაკარგი იზრდება კონკრეტულ ფილიალში ან პროდუქტზე, სასწრაფოდ ჩაატარეთ აუდიტი.
Loilte – თქვენი საიმედო პარტნიორი მარაგები მართვის პროცესში
მარაგების მართვასთან დაკავშირებული პროცესების სისტემატიზაციისა და ოპტიმიზაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ექსპერტების ჩართულობა და მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, Loialte გთავაზობთ მარაგების მართვასთან დაკავშირებულ სრულყოფილ მომსახურებას, რომელიც მოიცავს:
- ინვენტარიზაციას და მარაგების აუდიტს: თქვენი ამჟამინდელი დანაკარგების დადგენას და მიზეზების ზუსტად იდენტიფიცირებას.
- პროცესების ოპტიმიზაციას: ციკლური დათვლისა და საქონლის მიღება-განაწილების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.
- ტექნოლოგიურ მხარდაჭერას: შტრიხკოდების სისტემების დანერგვასა და IMS პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა-ინტეგრაციას.
ლოიალტეს გუნდი დაგეხმარებათ, გადააქციოთ მარაგების დანაკარგი მართვად რისკად და უზრუნველყოთ, რომ თქვენი მარაგების კონტროლი იყოს ზუსტი, ეფექტური და მომგებიანი. დაგვიკავშირდით დღესვე უფასო კონსულტაციისთვის და დაიწყეთ თქვენი მარაგების გონივრულად მართვა.
შეჯამება
დანაკარგები მარაგებში, ეს არის პრობლემა, რომლის მოგვარებაც სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯებით სავსებით შესაძლებელია. დაიწყეთ ამ შვიდი ხერხის დანერგვით და მალევე დაინახავთ, როგორ შეწყვეტს თქვენი ბიზნესი ფულის “გაურკვეველი მიმართულებით” კარგვას. მთავარია, ამ პროცესს უყუროთ არა როგორც ერთჯერად ამოცანას, არამედ როგორც ბიზნესის მართვის განუყოფელ ნაწილს. ეს მოგცემთ არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ სიმშვიდეს, რადგან გეცოდინებათ, რომ თქვენი ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი აქტივი საიმედოდ არის დაცული.