ფულადი ნაკადების (Cash Flow) ეფექტურად მართვა ნებისმიერი ბიზნესისთვის კრიტიკულ აუცილებლობას წარმოადგენს, რათა კომპანიას მუდმივად ჰქონდეს საკმარისი თანხები ვალდებულებების გასასტუმრებლად, ხოლო ჭარბი ფულადი ნაკადები მიმართოს ბიზნესის განვითარებისთვის.
ბევრი მეწარმე და მენეჯერი შეცდომით თვლის, რომ თუ კომპანიას მოგება უფიქსირდება, მაშინ რეალურ ფულად სახსრებთან დაკავშირებული პრობლემებიც არ არსებობს, თუმცა პრაქტიკაში ასე არ ხდება – შესაძლოა ფინანსურ ანგარიშგებებში ჩანდეს მოგება, თუმცა რეალურად სალაროში თუ საბანკო ანგარიშებზე თანხები არ არსებობდეს, ეს კი იწვევს ლიკვიდურობის დეფიციტს – ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გასასტუმრებელი გვაქვს ვალდებულებები (მაგ: ხელფასები, იჯარა, კომუნალურები და ა.შ.), თუმცა საკმარისი ფული არ გვაქვს.
ლიკვიდურობის კრიზისი, როგორც წესი, არ ჩნდება ერთ დღეში. ის ნელ–ნელა გროვდება არასწორი დაგეგმვის, გადავადებული გადახდების და ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინების შედეგად. ამ სტატიაში განვიხილავთ რატომ არის მნიშვნელოვანი ფულადი ნაკადების სწორად მართვა, რას ნიშნავს ლიკვიდური სახსრების დეფიციტი და როგორ ავირიდოთ თავიდან ლიკვიდურობის კრიზისი.
რა არის ფულადი ნაკადები (Cash Flow)
ფულადი ნაკადი ასახავს ფულის რეალურ მოძრაობას ბიზნესში, რამდენი თანხა შემოდის და რამდენი გადის კონკრეტულ პერიოდში. ფულადი ნაკადები უმეტეს შემთხვევაში განსხვავდება მოგებისგან, ანუ მოგება არ ნიშნავს, რომ იგივე რაოდენობის თანხა აუცილებლად გექნებათ – გამოწვევა სწორედ აქაა დამალული.
მაგალითად, კომპანიამ გაყიდა პროდუქცია ან მომსახურება 10,000 ლარად და ბუღალტრულად დაფიქსირდა 3000 ლარი მოგება. თუმცა თუ მყიდველი თანხას 30 დღის შემდეგ გადაიხდის, ამ პერიოდში კომპანიას ნაღდი ფული არ ექნება. ანუ, შედეგად მივიღებთ, რომ ბუღალტრულ ანგარიშგებაში ფული გვაქვს, თუმცა რეალურად მოვიღებთ 30 დღის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში კი გადასახდელია ვალდებულებები. სწორედ მსგავსმა შეუსაბამობამ შეიძლება გამოიწვიოს ხელფასების, გადასახადების ან მომწოდებლებისთვის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები.
ლიკვიდურობის დეფიციტის საფრთხე
ლიკვიდურობის დეფიციტი დგება მაშინ, როდესაც კომპანიას არ აქვს საკმარისი ნაღდი ფული მიმდინარე ხარჯების დასაფარად. შედეგად, შესაძლოა კომპანიამ ვერ უზრუნველყოს ვალდებულებების გასტუმრება, რაც თავის მხრივ იწვევს პრობლემებს თანამშრომლებთან, მომწოდებლებთან, საფინანსო ინსტუტუტებთან, სახელმწიფოსთან. იზრდება სამართლებრივი და რეპუტაციულირისკები.
ხშირად ფულადი ნაკადების არასწორად მართვა არის მიზეზი, რის გამოც მომგებიანი კომპანიებიც კი ხვდებიან ფინანსურ კრიზისში. პრობლემა არა მოგებაში, არამედ ფულზე დროულ ხელმისაწვდომობაშია. სწორედ მსგავსი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად არის მნიშვნელოვანი ფულადი სახსრების გონივრულად განკარგვა, ე.წ. Cash Flow მენეჯმენტი.
ფულადი ნაკადების ძირითადი ტიპები
ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში ფულადი ნაკადები განსხვავდება საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის მიხედვით:
- ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან – დაკავშირებულია ბიზნესის ძირითად საქმიანობასთან და კლიენტებისგან მიღებულ შემოსავლებთან.
- ფულადი ნაკადები საინვესტიციო საქმიანობიდან – ასახავს აქტივებში ინვესტირებულ ან მათი გაყიდვით მიღებულ თანხებს.
- ფულადი ნაკადები საფინანსო საქმიანობიდან – მოიცავს თანხების მოძრაობას, რომლის შედეგადაც იცვლება კომპანიის კაპიტალის სტრუქტურა ან ნასესხების სახსრები.
ამ სამი ნაკადის ცალკე და ერთობლივად გაანალიზება საშუალებას აძლევს მენეჯმენტს უკეთ დაინახოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა.
როგორ ავირიდოთ თავიდან ლიკვიდურობის დეფიციტი
ფულადი ნაკადების პროგნოზირება არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. პროგნოზი აჩვენებს, როგორ შეიცვლება ფულის მდგომარეობა მომდევნო პერიოდში და გაძლევთ საშუალებას მოსალოდნელი ფინანსური პრობლემები წინასწარ განჭვრიტოთ. რა ვადაზე უნდა გაკეთდეს პროგნოზი დამოკიდებულია ბიზნესის სპეციფიკაზე და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე, რიგ შემთხვევებში შესაძლოა არსებობდეს Cash Flow-ს ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად განახლების და ანალიზის საჭიროება. როგორ გავაკეთოთ:
- ჩამოწერეთ ყველა მოსალოდნელი შემოსავალი (კლიენტებისგან, ინვესტორებისგან და ა.შ.)
- ჩამოწერეთ ყველა მოსალოდნელი ხარჯი (ხელფასი, მიმწოდებელი, გადასახადი და ა.შ.)
- გამოთვალეთ სხვაობა
- განაახლეთ პროგნოზი გონივრული ინტენსივობით
დებიტორული დავალიანების (ანუ, კლიენტებისგან მისაღები თანხების) ეფექტური კონტროლი ხშირად ყველაზე სწრაფ შედეგს იძლევა. ავანსების მოთხოვნა, მოკლე გადახდის ვადები ან მცირე ფასდაკლება დროულ გადახდაზე ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე კრიზისის დროს მაგალითად ახალი სესხის აღება.
მეორე მხარეს დგას მიმწოდებლებთან ურთიერთობა და კრედიტორული დავალიანების (ანუ, როცა ჩვენ გვაქვს სხვის მიმართ ვალდებულება გასასტუმრებელი) მართვა. გადახდის ვადების შეთანხმებულად გადავადება ან მოქნილი პირობები ფულად ნაკადებს მნიშვნელოვნად აჯანსაღებს. მსგავსი მიდგომების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფად მზარდი ბიზნესებისთვის.
ხარჯების კონტროლი კიდევ ერთი კრიტიკული ფაქტორია. ხშირია შემთხვევა, როცა კომპანიები გაზრდის მოლოდინში ზრდიან ხარჯებს მანამ, სანამ შემოსავალი რეალურად გაჩნდება. ეფექტურად ხარჯების მართვა დაკავშირებულია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასა და შემოსავლების სწორად პროგნოზირებასთან.
ფულადი რეზერვის არსებობა ბიზნესისთვის ე.წ. “უსაფრთხოების ბალიშის” როლს ასრულებს. რეკომენდებულია, რომ კომპანიას ჰქონდეს მინიმუმ რამდენიმე თვიანი ოპერაციული ხარჯების ოდენობის რეზერვი (თვეების მინიმალური რაოდენობა დამოკიდებულია ბიზნესის სპეფიციკაზე, განვითარების ეტაპზე და ა.შ.), რაც მას საშუალებას მისცემს გადალახოს დროებითი ფინანსური სირთლეები.
საბანკო ოვერდრაფტი ან საკრედიტო ხაზი შეიძლება იყოს დამხმარე ინსტრუმენტი, თუმცა ის არ უნდა გახდეს სისტემური გადაწყვეტა. სესხი ამსუბუქებს პრობლემას მოკლევადიანად, მაგრამ ზრდის ფინანსურ ზეწოლას მომავალში.
ფულადი ნაკადების მართვისას ხშირად დაშვებული შეცდომები
ფულადი ნაკადების მართვისას დაშვებული შეცდომები ხშირად ხდება ბიზნესის ფინანსური პრობლემების მიზეზი. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის მოგების და ნაღდი ფულის აღრევა, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.
მეორე ხშირი შეცდომა არის ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზები. ბიზნესები ხშირად გეგმავენ შემოსავალს მაქსიმალური სცენარით და არ ითვალისწინებენ კლიენტების მიერ გადახდების დაგვიანებას, რაც იწვევს მოულოდნელ ლიკვიდურობის დეფიციტს.
მნიშვნელოვანი შეცდომაა ფულადი ნაკადების მონიტორინგის უგულებელყოფა. როდესაც ფულადი ნაკადი არ კონტროლდება რეგულარულად. როგორც წესი, მენეჯმენტი პრობლემას სწორედ მაშინ ამჩნევს, როდესაც ფული უკვე აღარ არის საკმარისი მიმდინარე ვალდებულებების შესასრულებლად.
ასევე ხშირია ხარჯების წინასწარ ზრდა რეალური შემოსავლების გარეშე. კომპანიები ზრდიან პერსონალს, ოფისის ხარჯებს ან მარკეტინგის ბიუჯეტს იმ იმედით, რომ გაყიდვები მალე გაიზრდება, თუმცა ეს ხშირად იწვევს ფულადი რესურსის სწრაფ ამოწურვას.
ბოლო შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს ფულადი რეზერვის არქონა. რეზერვის გარეშე ბიზნესი პრაქტიკულად დაუცველია ბაზრის ცვლილებებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების შემთხვევაში, რაც ლიკვიდურობის დეფიციტის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
შეჯამება
ფულადი ნაკადების სწორად მართვა არის ბიზნესის სტაბილურობისა და განვითარების აუცილებელი პირობა. ლიკვიდურობის დეფიციტი და მისგან გამოწვეული კრიზისი, როგორც წესი, არასწორი დაგეგმვის შედეგია. სწორად დაგეგმილი შემოსავლების პროგნოზი, ხარჯების კონტროლი, დროული გადახდები და ფულადი რეზერვი ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას არა მხოლოდ თავი დაიცვას ლიკვიდურობის პრობლემებისგან, არამედ მდგრადად და გრძელვადიანად განვითარდეს.
ფულადი ნაკადების მართვაში ჩადებული დრო და რესურსი არის ინვესტიცია, რომელიც მომავალში თავიდან აგარიდებთ ბევრად უფრო დიდ პრობლემებს.