tax

2025 წლის IV კვარტლის მნიშვნელოვანი საგადასახადო სიახლეები

საგადასახადო კანონმდებლობა საქართველოში დინამიკური და მუდმივად განახლებადია. ცვლილებები პირდაპირ გავლენას ახდენს ბიზნესის საქმიანობაზე, ფინანსურ დაგეგმვასა და საგადასახადო რისკების მართვაზე. შესაბამისად, მიღებული ცვლილებების დროული გაცნობა და სწორად ინტერპრეტირება გადასახადის გადამხდელებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ სტრუქტურირებული, გასაგები და პრაქტიკაზე ორიენტირებული ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ მიმდინარე ცვლილებების სწორად აღქმასა და საქმიანობაში მათ ეფექტურად გამოყენებაში.

სწორედ ამ მიზნით, Loialté იწყებს ახალ საინფორმაციო ინიციატივას და ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ გაგიზიარებთ სტატიას, რომელშიც მიმოვიხილავთ შესაბამის პერიოდში საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, მათ არსს და პრაქტიკულ მნიშვნელობას.

წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია 2025 წლის IV კვარტალში  საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ძირითადი ცვლილებების მიმოხილვა. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმ რეგულაციებზე, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობაზე და პრაქტიკულ საკითხებზე, რომლებიც მათი სწორად გამოყენებისას უნდა იქნას გათვალისწინებული და შესაძლებელია თითოეული ცვლილება არ იყოს მოხსენიებული.

ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში

11.11.2025 - №1024-IVმს-XIმპ
გამოქვეყნების თარიღი: 14.11.2025
ძალაში შესვლის თარიღი: 29.12.2025 (გამოქვეყნებიდან 46-ე დღეს)

აღნიშნული ცვლილების საჭიროება გამომდინარეობდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის მიმართ გამოყენებული ტერმინი „რეალიზაცია“ შეიცვალა ტერმინით „პრივატიზება“.

1)  სწორედ იმ მიზნით, რომ წინამდებარე ცვლილებას არ გამოეწვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემდგომში – სსკ) მოქმედი რეგულაციების ცვლილება და საგადასახადო შეღავათების გაფართოება, სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტში, 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში, 182-ე ნაწილის მე-5 ნაწილში, 1901-ე ნაწილის 11 ნაწილსა და 192-ე მუხლის 11 და მე-5 ნაწილებში ტერმინი „რეალიზაცია“ შეიცვალა „პრივატიზებით“.

12.11.2025 - №1061-IVმს-Xiმპ
გამოქვეყნების თარიღი: 14.11.2025
ძალაში შესვლის თარიღი: 01.01.2026

1)  განხორციელებული ცვლილების თანახმად, ცალკეული საგადასახადო შეღავათების და დებულებების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა, მათ შორის:

2028 წლის 1 იანვრამდე:

  • სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული შეღავათები:
    • სსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი;
    • სსკ-ის 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი;
    • სსკ-ის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი;
    • სსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
  • ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული შეღავათები:
    • სსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტი;
    • სსკ-ის 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი.
  • საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებისგან გათავისუფლება:
    • სსკ-ის 309-ე მუხლის მე-15 ნაწილი.
  • თამბაქოს ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებული შეღავათი:
    • სსკ-ის 199-ე მუხლის „ი“ ნაწილი.
  • საცხოვრებელი ფართის მოკლე ვადით გაცემის ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობა:
    • სსკ-ის 309-ე მუხლის 24-ე ნაწილი.
  • საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის წესი:
    • საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს – საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა (სსკ-ის 309-ე მუხლის 131-ე ნაწილი)
  • 173-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერება 01.01.2028-მდე გადავადდა (სსკ-ის 310-ე მუხლის მე-4 ნაწილის ცვლილებით). შედეგად, სსკ-ის 310-ე მუხლის მე-4 ნაწილი შესაბამისობაში მოვა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომლის მიხედვითაც 2028 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნის („საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლება“) ამოქმედება.

2029 წლის 1 იანვრამდე:

  • 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული უძრავი ქონების მიწოდება და უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულმა შეღავათი (სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილი).

2) გაუქმდა სპეციალური სავაჭრო ზონისა (სსკ-ის 26-ე მუხლი) და ბაზრობის ორგანიზების (სსკ-ის 262-ე მუხლი) მარეგულირებელი დებულებები – რამაც თავის მხრივ ტექნიკური ცვლილებები გამოიწვია სსკ-ის შესაბამის მუხლებში, კერძოდ:

  • შეიცვალა სსკ-ის 93-ე მუხლის პირველი ნაწილი;
  • ამოღებულ იქნა 2901 და 2902, 1331-მუხლები, აგრეთვე 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი და 309-ე მუხლის 42-ე და 111-ე ნაწილები

3) დღგ-ის მიზნებისთვის განიმარტა „საინვესტიციო ოქროს“ ცნება (სსკ-ის 157-ე მუხლის „წ“ ქვეპუნქტი) და მისი მიწოდება და იმპორტი გათავისუფლდა დღგ-ისგან:

  • განხორციელებული დამატებით, „საინვესტიციო ოქრო“ განიმარტა როგორც „არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდი ან ფირფიტა, აგრეთვე არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან დამზადებული ოქროს მონეტა, რომელიც გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოშვების ქვეყანაში ფულად-საგადახდო საშუალებად.“
  • აქვე აღსანიშნავია, რომ სხვა კანონმდებლობაში „საინვესტიციო ოქროს“ ცნება არ არის განმარტებული,  რამაც შესაძლებელია შექმნას გაურკვევლობა ბაზრის მონაწილეთა შორის. თუმცა, კანონის ინიციატორების განმარტებით, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით ყალიბდება საინვესტიციო ოქროს დეფინიცია, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებებს ან/და დამატებებს უნდა ველოდოთ. მითუმეტეს, რომ 157-ე მუხლის „წ“ ქვეპუნქტის თანმხლები შენიშვნით, საინვესტიციო ოქროს კრიტერიუმები საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით უნდა განისაზღვროს;
  • შემოღებული შეღავათი საინვესტიციო ოქროს მიმწოდებელს საშუალებას მისცემს ჩაითვალოს ამ ოპერაციასთან დაკავშირებულ ხარჯებზე (მაგ, შეფუთვა და ტრანსპორტირება, ოქროს სიწმინდის ტესტირება, ოქროს ჩამოსხმა და გარდაქმნა ზოდებად და სხვა) გადახდილი დღგ;

4) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 ივნისის №1233 განკარგულებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა სსკ-ის 701-ე მუხლის პირველ ნაწილში –  მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის მშობელი საწარმოს მიერ წარსადგენი ანგარიშის ვადაში, და განისაზღვრა საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 კალენდარული თვით, ნაცვლად საანგარიშო წლის მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისა.

5) მოგების გადასახადის ძველ მოდელზე დარჩენილი პირების მიერ 2023 წლის და შემდგომ პერიოდში მიღებული მოგების განაწილებაზე შევიდა ცვლილება და 309-ე მუხლს დაემატა 992-ე ნაწილი, რომლის მიხედვითაც რეზიდენტი საწარმოს მიერ გადახდილი დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ ეს დივიდენდი რეზიდენტ საწარმოს მიღებული აქვს ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის (საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი) მიერ 2023 წლის ან ამავე წლის შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგების განაწილების შედეგად.

6) დაზუსტდა სადაზღვევო ორგანიზაციის მოგების განაწილების დაბეგვრის საკითხი, კერძოდ სსკ-ის 309-ე მუხლს დაემატა 1031-ე ნაწილი, რომლითაც იმის გათვალისწინებით, რომ სადაზღვევო ორგანიზაციები, მოგების დაბეგვრის ე.წ. ,,ესტონურ მოდელზე” 2024 წლიდან გადავიდნენ, დაზუსტდა რომ სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად მიიჩნევა, ხოლო 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილება მოგების განაწილებად არ განიხილება;

საგადასახადო საიდუმლოებებთან დაკავშირებული ცვლილებები

კანონის № 1055-IVმს-Xiმპ 1282-IVმს-Xiმპ 1296-IVმს-Xiმპ 1074-IVმს-Xiმპ
მიღება 12.11.2025 17.12.2025 17.12.2025 25.11.2025
გამოქვეყნება 17.11.2025 18.12.2025 23.12.2025 27.11.2025
ძალაში შესვლა 17.11.2025 01.01.2026 02.03.2026 27.11.2025

სსკ-ში შესული წინამდებარე ცვლილებებით განხორციელდა საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებული კორექტირებები, კერძოდ შეიცვალა იმ პირთა წრე, რომლებსაც შესაძლებელია გადაეცეს ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია, მათ შორის:

  • დაემატა:
    • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია (12.11.2025 – №1055-IVმს-Xiმპ) – ცვლილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ფუნქციის,  გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მოტივით.
    • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (25.11.2025 – №1074-IVმს-Xiმპ) − ცვლილება მიზნად ისახავს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ცალკეულ ნებართვებზე, სანებართვო კონტროლის განხორციელების ხელშეწყობას;
  • ამოღებულ იქნა:
    • საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი და საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის მოადგილე (17.12.2025№1282-IVმს-Xiმპ) – ცვლილება გამოწვეულია  „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ” საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებით;
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ანტიკორუფციული ბიურო – (17.12.2025 – №1296-IVმს-Xiმპ) – რაც გამოწვეულია ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციით.

ვინაიდან ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შემდეგ მათი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები ფართოვდება (იხ. სსკ-ის 39-ე მუხლის „ზ“ ნაწილი).

26.11.2025 - №1114-IVმს-Xiმპ
გამოქვეყნების თარიღი: 28.11.2025
ძალაში შესვლის თარიღი: 01.01.2026

ადგილობრივი წარმოების დაცვის და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდის მოტივით ცვლილება შევიდა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთებში, მათ შორის:

  • 2402 20 კოდში მითითებული ადგილობრივი წარმოების სიგარეტები ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე დაიბეგრება 20 ღერზე 1,3 ლარის ოდენობის აქციზის განაკვეთით.  შესაბამისად, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 1,30 ლარისა (ნაცვლად 1,9 ლარისა) და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 15 პროცენტის ჯამი;
  • 2402 20 კოდში მითითებული სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით (იმპორტირებული) და 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტები იბეგრება 20 ღერზე 2,75 ლარის (ნაცვლად 1,9 ლარისა) ოდენობის აქციზის განაკვეთით. შესაბამისად, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 2,75 ლარისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამი.
  • სეს ესნ 2404 11 000 00 კოდში მითითებულ საქონელისათვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრა 20 ღერზე/ცალზე 2,70 ლარით (ნაცვლად 1,85 ლარისა). შესაბამისად, მითითებული საქონელისათვის აქციზის განაკვეთი იქნება 2,70 ლარისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამი.

ცვლილებები საქართველოს საბაჟო კოდექსში

12.11.2025 - №1062-IVმს-Xiმპ
გამოქვეყნების თარიღი: 14.11.2025
ძალაში შესვლის თარიღი: 01.01.2026
  • ოქროს სიის სტატუსის მოქმედების ვადის გაგრძელება:
    • განხორციელებული ცვლილებით ოქროს სიაში შეყვანილ პირს 2028 წლის 1 იანვრამდე უხანგრძლივდება არსებული შეღავათი, კერძოდ – კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ის კვლავ ისარგებლებს გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით.
  • ამავე ცვლილებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის წიგნი X („საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლება“) ამოქმედების შეჩერება გახანგრძლივდა 2028 წლის 1 იანვრამდე

თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებთან მიმართებაში არსებული გამონაკლისი დებულების გადავადება

16.12.2025 - №1233-IVმს-Xiმპ
გამოქვეყნების თარიღი: 19.12.2025
ძალაში შესვლის თარიღი: 01.01.2026

ცვლილების თანახმად, იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, 2028 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა:

– უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით უცხოური საქონლის სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელის რეალიზაციის შესაძლებლობა.

ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში

ცვლილებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებაში

ცვლილება გასაჩივრებაზე უარის თქმის წესში

13.11.2025 - №296
გამოქვეყნების თარიღი: 28.11.2025
ძალაში შესვლის თარიღი: 01.01.2026

ცვლილების თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან იცვლება საგადასახადო მოთხოვნის და საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ განცხადების შევსების და აღნიშნული საფუძველზე გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხების მოძრაობის წესი, კერძოდ:

  • გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ განცხადება წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით;
  • გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო ორგანოსათვის განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათიდან გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე თანხის გადატანის განსხვავებული ვადები, იმის მიხედვით, თუ რა არის განცხადების წარმოდგენის მიზნობრიობა, კერძოდ:
  • გარდა სტანდარტული სამდღიანი ვადისა, ცვლილების თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფროსს ენიჭება უფლებამოსილება, ცალკეულ შემთხვევაში დაადგინოს პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის ასახვის განსხვავებული ვადები.

ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის დეკლარაციებთან დაკავშირებული ცვლილება

09.12.2025 - №317
გამოქვეყნების თარიღი: 10.12.2025
ძალაში შესვლის თარიღი: 10.12.2025 (გამოქვეყნებისთანავე)
  • განხორციელებული ცვლილება ითვალისწინებს „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშემწყობი მექანიზმების ასახვას გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადისა და მოგების გადასახადის დეკლარაციებში.
  • ასევე, მოგების გადასახადის დეკლარაციას დაემატა ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის გაანგარიშების ფორმა.

ცვლილება პიროტექნიკურ ნაწარმზე სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესში

18.12.2025 - №328
გამოქვეყნების თარიღი: 22.12.2025
ძალაში შესვლის თარიღი: 20.01.2026 (გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
  • ვინაიდან პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაცია დაექვემდებარა ლიცენზირებას, ცვლილებით განისაზღვრა პიროტექნიკური ნაწარმისთვის სასაქონლო ზედნადების მე-4 და მე-5 გრაფაში ასასახი ინფორმაცია:
  • გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელების ან სახელი და გვარის, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომრის ნაცვლად მიეთითება მხოლოდ – სერტიფიკატის ან/და რეალიზაციის ლიცენზიის მქონე პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი (251-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი).
  • ამავე ცვლილებით, პიროტექნიკურ ნაწარმზე ზედნადები ივსება მხოლოდ ელექტრონულად (251-ე მუხლის 131 ნაწილი) და მასზე არ გავრცელდება 251-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული – ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული სერვისების ტექნიკური გაუმართაობის დროს ზედნადების ქაღალდური ვერსიის გამოწერის შესაძლებლობა.

ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის №916 ბრძანებაში

ცვლილებები ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების წესში

08.10.2025 - №262
გამოქვეყნების თარიღი: 10.10.2025
ძალაში შესვლის თარიღი: 10.10.2025 (გამოქვეყნებისთანავე)

განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრა ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახადის (მათ შორის გადახდის წყაროსთან დაკავებული იმ საშემოსავლო გადასახადის, რომელიც სსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით) ან/და სანქციის თანხის დაბრუნების „მოთხოვნაზე“ უარის თქმის ახალი საფუძველი. კერძოდ, თუ:

  • „გადასახადის გადამხდელი არ გაეცნო საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ხარვეზს ან უარი განაცხადა მის მიღებაზე, და ამასთან, ხარვეზის დადგენის შესახებ წერილის გაგზავნის თარიღიდან გასულია 30 კალენდარული დღე.“ (135-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი)
23.10.2025 - №328
გამოქვეყნების თარიღი: 24.10.2025
ძალაში შესვლის თარიღი: 24.10.2025 (გამოქვეყნებისთანავე)

განხორციელებული ცვლილებით, მოთხოვნის შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელისთვის ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების პირობებს დაემატა ზედმეტად გადახდილი თანხის წარმოშობის საფუძველი (134 მუხლის 12 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი):

  • შემთხვევა, როდესაც საგადასახადო ორგანოს ერთი და იგივე საინკასო დავალებით, გადასახადის გადამხდელის სხვადასხვა საბანკო ანგარიშიდან გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის ჩამოწერა საინკასო დავალებით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით (გარდა ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) განხორციელდა.

ცვლილებები შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებებში

„დებიტორული დავალიანების შესახებ“ ახალი მეთოდური მითითება

04.11.2025 - №24351
გამოქვეყნების თარიღი: 06.11.2025
ძალაში შესვლის თარიღი: 04.11.2025 (ხელმოწერისთანავე)

„დებიტორული დავალიანების შესახებ“ ახალი მეთოდური მითითებით წინა რედაქციასთან შედარებით ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის:

  • შეიცვალა რეგულირების სფერო:
    • თუ ძველი მეთოდური მითითება გამოიყენებოდა გადასახადის გადამხდელის ნებისმიერი დებიტორული დავალიანების ან/და გადახდილი ავანსის მიმართ, ახალი მეთოდური მითითება გამოიყენება მხოლოდ არარეზიდენტი პირის მიმართ არსებულ დებიტორულ დავალიანებებთან ან/და გადახდილ ავანსებთან მიმართებით;
    • ახალი მეთოდური მითითება შესაძლოა გავრცელდეს მხოლოდ რეზიდენტი საწარმოებისა და არარეზიდენტი საწარმოების მუდმივი დაწესებულებების მიმართ, ძველი მეთოდური მითითება კი ამ ნაწილში არ იყო შეზღუდული.
  • დამატებით განისაზღვრა შემთხვევები, როდესაც მეთოდური მითითება არ გამოიყენება (რაც ძველ მეთოდურ მითითებაში არ გვხვდებოდა):
    • ესტონურ მოდელზე გადასვლამდე პერიოდში წარმოშობილ და აუნაზღაურებელ დებიტორულ დავალიანებებთან და გადახდილ ავანსებთან მიმართებით (2017 წლამდე პერიოდისთვის – საწარმოები და ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციის შემთხვევაში კი – 2024 წლამდე);
    • მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შეთხვევაში (მაგალითად, შემოწმების დაწყებამდე სასამართლოსთვის მიმართვა და ა.შ.).
  • განხორციელდა სხვა დაზუსტებები:
    • დაკონკრეტდა, რომ ხელფასად განხილული თანხები მიიჩნევა ხელზე მიღებულად და დაექვემდებარება „აგროსვას“;
    • განისაზღვრა „გონივრული ვადის“ მინიმალური ოდენობა – 12 კალენდარული თვე;
    • შეიცვალა არსებითობის კრიტერიუმი (ნაცვლად გადასაკვალიფიცირებელი თანხის ჯამური ოდენობისა, შეფასების საგანს წარმოადგენს გადასაკვალიფიცირებელი თანხების შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები) – რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ახალი მეთოდური მითითების გამოყენების არეალს;
    • ოფშორულ კომპანიაზე გადახდილი და მოგების გადასახადით დაბეგრილი ავანსის ხელფასად გადაკვალიფიცირების შემთხვევაში, დეკლარირებული მოგების გადასახადის თანხა შემოწმების ფარგლებში დაექვემდებარება ჩათვლას;
    • მეთოდური მითითების შესაბამისად ერთხელ უკვე საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხების (ოპერაციების) მიმართ შემდგომში საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოიშობა.

“დებიტორული დავალიანების შესახებ” მეთოდური მითითების სიღრმისეული მიმოხილვა იხილეთ ჩვენს სტატიაში.

ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებებში

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის ცვლილება

25.12.2025 - №587
გამოქვეყნების თარიღი: 26.12.2025
ძალაში შესვლის თარიღი: 26.12.2025 (გამოქვეყნებისთანავე)

ცვლილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №591 დადგენილება და დამტკიცა ახალი – №587 დადგენილება.

ცვლილება შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურებში

19.11.2025 - №508
გამოქვეყნების თარიღი: 20.12.2025
ძალაში შესვლის თარიღი: 22.12.2025
19.12.2025 - №557
გამოქვეყნების თარიღი: 20.12.2025
ძალაში შესვლის თარიღი: 25.01.2026

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში საქართველოს მთავრობის №508 და №557 დადგენილებებით შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც:

  • შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგინდა ახალი საფასურები;
  • შემოსავლების სამსახურში ადგილზე ვიზიტით მისაღებ გარკვეულ მომსახურებებზე შემოღებულ იქნა საფასური;
  • წახალისდა შემოსავლების სამსახურში განცხადებების ელექტრონული ფორმით წარდგენისა და დისტანციური სერვისებით სარგებლობა – ელექტრონულად მოთხოვნილი მომსახურება გათავისუფლდა საფასურისაგან, განსხვავებით ადგილზე ვიზიტით მომსახურების მიღების შემთხვევებისგან.

სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება

13.11.2025 - №503
გამოქვეყნების თარიღი: 24.11.2025
ძალაში შესვლის თარიღი: 01.01.2026

2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც:

  • აიკრძალა  სეს ესნ-ის 3917 − სასაქონლო პოზიციაში, 3924 10, 3923 10 და 3923 50 სასაქონლო სუბპოზიციებში კლასიფიცირებული, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება;
  • ამავე სასაქონლო სუბპოზიციებში კლასიფიცირებული კონტეინერების/ჭიქებისა და მათი თავსახურების იმპორტში დეკლარირებისას დეკლარანტი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს იმპორტიორის (დეკლარანტის) განცხადებას, სადაც სავალდებულო წესით შეიტანება ინფორმაცია პროდუქციის შესახებ.
  • იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი საქონელი წარმოადგენს გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებულ სასურსათო კონტეინერებს/ჭიქებს ან/და მათ თავსახურებს, ასეთი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ტერიტორიიდან გატანას (უკან გაბრუნებას) ან განადგურებას, დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის ხარჯით.

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

ფიზიკური ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელი

ფიზიკური პირის ქონების, მათ შორის მიწის გადასახადთან დაკავშირებით მომზადდა კალკულატორი, რომელიც აერთიანებს სამ დამოუკიდებელ კითხვარ-გამომთვლელს. ეს სიახლე ფიზიკური პირებს აძლევს შესაძლებლობას:

  1. დაადგინონ გასულ წელს ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი აჭარბებს თუ არა 40’000 ლარს;
  2. დაადგინონ წარმოეშვებათ თუ არა ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება მიმდინარე წელს;
  3. გაიანგარიშონ ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის ოდენობა.
შემოსავლის გაანგარიშება ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების განსაზღვრა ფიზიკური პირისთვის ქონებაზე (მათ შორის, მიწაზე) ქონების გადასახადის გამომთვლელი

 

ბოლო სიახლეები

როგორ შეუძლია ლოიალტეს თქვენი დახმარება?

WhatsApp
დაგვიკავშირდით

    კონტაქტი
    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 595 544 088

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები
    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Tashkent, Makhtumquli 114A

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    კონტაქტი
    +995 555 091 100

    ტელეფონი

    +995 577 279 798

    ტელეფონი

    +995 322 060 818

    ტელეფონი

    +995 597 020 299

    ტელეფონი

    [email protected]

    ელ-ფოსტა

    მისამართები
    ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. 10ა

    საქართველო, თბილისი

    ქ. ბათუმი, ა. პუშკინის 73

    საქართველო, ბათუმი

    Makhmutquli 1A, 100047 Tashkent

    უზბეკეთი, ტაშკენტი

    Meydan Grandstand, 6th floor, Meydan Road, Nad Al Sheba, Dubai, U.A.E.

    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

    loialte white

    საკონტაქტო ინფორმაცია

    ელ-ფოსტა

    [email protected]