მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) მფლობელები ხშირად დგანან არჩევანის წინაშე: დაქირავონ სრულ განაკვეთზე შიდა ბუღალტერი თუ გამოიყენონ ბუღალტერიის აუთსორსინგის სერვისი. რიგ შემთხვევებში, მეწარმეები არჩევანს აკეთებენ ბუღალტრის დაქირავებაზე, რადგან თვლიან, რომ ეს გზა მათთვის უფრო ხარჯთეფექტური იქნება. ერთი შეხედვით, შიდა ბუღალტრის შემთხვევაში ერთადერთი ხარჯი მისი ხელფასია, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. შიდა ბუღალტრის დაქირავება დაკავშირებულია მრავალ ფარულ, არაპირდაპირ ხარჯთან, რომელიც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად ზრდის შიდა ბუღალტრის დაქირავება/შენარჩუნების ხარჯებს. აღნიშნული ფარული ხარჯების გაანალიზების შემთხვევაში, ბიზნესი თითქმის ყველა შემთხვევაში აუთსორსინგულ მომსახურებას ირჩევს.
ეს სტატია წარმოგიდგენთ 7 ფარულ ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია შიდა ბუღალტრის დაქირავებასთან და განმარტავს, თუ რატომ არის აუთსორსინგის სარგებელი გაცილებით მეტი, ვიდრე მხოლოდ ფინანსური დანაზოგი.
1. დასაქმებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები
ხელფასი, რომელსაც თანამშრომელს უხდით, მხოლოდ აისბერგის წვერია. შიდა ბუღალტრის დაქირავებისას, ბიზნესს ეკისრება მთელი რიგი სავალდებულო და ნებაყოფლობითი ხარჯები, რომლებიც არ შედის ხელფასში. მათ შორის:
- საშემოსავლო გადასახადი: ხელფასი, რომელზეც კანდიდატს უთანხმდებით არის ე.წ. ნეტ თანხა, რაც გულისხმობს, რომ თქვენ დამატებით მოგიწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა. მაგალითად, თუ ხელზე ასაღები ხელფასი 1000 ლარია, რეალურად თქვენი ხარჯი 1250 ლარია, საიდანაც 1000 ლარს უხდით თანამშრომელს, ხოლო 250 ლარს სავალდებულო წესით რიცხავთ ბიუჯეტში.
- საპენსიო შენატანები: გარდა საშემოსავლო გადასახადისა, დამსაქმებელს ევალება სავალდებულო საპენსიო შენატანების გადახდა (2%), ხოლო უმეტეს შემთხვევაში უწევს ასევე თანამშრომლის 2%-ის გადახდაც, რაც კიდევ უფრო ზრდის საბოლოო ხარჯს.
- ბენეფიტები: შრომის ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია და სტანდარტული შეთავაზებები კომპანიების მხრიდან საკმარისი აღარ არის. კვალიფიციური თანამშრომლის მოსაზიდად და შემდეგ შესანარჩუნებლად საჭიროა დამატებითი ბენეფიტების შეთავაზება, როგორიცაა მაგალითად კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა, ფიტნესის აბონემენტები, სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება, მგზავრობის ხარჯები და სხვა. ეს ხარჯები ჯამურად, როგორც წესი, ხელფასის 10-25%-ს მერყეობს.
- შვებულება და ბიულეტენი: შიდა თანამშრომლის შვებულების ან ავადმყოფობის დროს, ბიზნესი იხდის არაეფექტურ ხარჯს – ხელფასს იმ სამუშაოსთვის, რომელიც არ სრულდება, ან იძულებულია დროებითი შემცვლელი დაიქირაოს.
2. ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯები
ბუღალტერს სჭირდება სამუშაო ადგილი და შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვილობა.
- ფიზიკური სამუშაო ადგილი: ეს მოიცავს საოფისე ფართის ქირას, კომუნალურ გადასახადებს, ავეჯს, კომპიუტერს, პრინტერს და სხვა საოფისე აღჭურვილობას. მზარდი ბიზნესისთვის, ყოველი ახალი თანამშრომელი მოითხოვს დამატებით ფართს, რაც ზრდის ოპერაციულ ხარჯებს.
- საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფა: შიდა ბუღალტერიის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია ლიცენზირებული საბუღალტრო პროგრამები და სხვა დამხმარე ინსტრუმენტები (მაგ., ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემები). ამ პროგრამების წლიური ლიცენზიის ღირებულება მნიშვნელოვანია.
- კიბერუსაფრთხოება და IT მხარდაჭერა: ფინანსური მონაცემები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შიდა ბუღალტერიის შემთხვევაში, კომპანია პასუხისმგებელია მონაცემთა უსაფრთხოებაზე, სარეზერვო ასლების შექმნასა და IT პრობლემების მოგვარებაზე.
3. ტრენინგისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები
საგადასახადო კანონმდებლობა და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტები მუდმივად იცვლება.
- პროფესიული განვითარება: შიდა ბუღალტერიის თანამშრომელი რეგულარულად უნდა გადიოდეს ტრენინგებსა და სემინარებს, რათა შეინარჩუნოს კვალიფიკაცია და იყოს ინფორმირებული ყველა სიახლის შესახებ. ამ ტრენინგების საფასური და სამუშაო დროის დანაკარგი პირდაპირი ხარჯია.
- სპეციალიზებული ცოდნის დეფიციტი: მცირე ბიზნესის ბუღალტერი ხშირად არის “ყველაფრის სპეციალისტი” და შესაძლოა არ ფლობდეს სიღრმისეულ ცოდნას ისეთ სპეციფიკურ სფეროებში, როგორიცაა საერთაშორისო გადასახადები, კონსოლიდირებული ანგარიშგება ან კონკრეტული ინდუსტრიის რეგულაციები. ამ ცოდნის მოპოვება დამატებით ხარჯებს მოითხოვს.
მიუხედავად იმისა, კომპანია დამატებით აძლევს თუარა შესაძლებლობას თავის თანამშრომელს, რომ კვალიფიკაცია აიმაღლოს, რისკების მინიმიზაციისთვის ხშირად ქირაობს აუდიტორულ კომპანიას, რომელიც ახდენს ბუღალტრის შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს, რაც თავის მხრივ კომპანიისთვის დამატებითი ხარჯია.
4. არაეფექტურობისა და “დაკარგული” დროის ხარჯი
შიდა ბუღალტრის დრო ხშირად იხარჯება რუტინულ, არასტრატეგიულ ამოცანებზე, რაც ამცირებს მის პროდუქტიულობას.
- რუტინული ამოცანები: შიდა ბუღალტერიის დროის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება მონაცემთა ხელით შეყვანაზე, დოკუმენტების დახარისხებასა და სხვა ადმინისტრაციულ სამუშაოებზე, ნაცვლად ფინანსური ანალიზისა.
- არასრული დატვირთვა: მცირე ბიზნესში, ბუღალტერი შეიძლება არ იყოს სრულად დატვირთული მთელი თვის განმავლობაში. კომპანია იხდის სრულ ხელფასს, მაშინ როდესაც თანამშრომელი მუშაობს არაეფექტურად ან არასრული დატვირთვით.
- პროცესის არაოპტიმალურობა: შიდა ბუღალტერია, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში, ხშირად არ არის აღჭურვილი საუკეთესო პრაქტიკითა და ოპტიმიზებული პროცესებით, რაც იწვევს შეცდომებს და დროის ფუჭად ხარჯვას.
5. რისკებისა და შეცდომების ხარჯი (Compliance Risk)
ბუღალტრული შეცდომები და საგადასახადო კანონმდებლობასთან შეუსაბამობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფარული ხარჯია.
- ჯარიმები და სანქციები: საგადასახადო დეკლარაციების დაგვიანებით ან არასწორად წარდგენა იწვევს მნიშვნელოვან ჯარიმებსა და საურავებს. შიდა ბუღალტრის შეცდომაზე პასუხისმგებლობა საბოლოოდ ბიზნესს ეკისრება.
- თაღლითობის რისკი: შიდა კონტროლის მექანიზმების არარსებობის ან სუსტი კონტროლის შემთხვევაში, იზრდება თანამშრომლის მიერ თაღლითობის რისკი. აუთსორსინგის შემთხვევაში, ფუნქციების გამიჯვნა ამ რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
- აუდიტის ხარჯები: შეცდომების გამოსწორება და აუდიტისთვის მომზადება, როდესაც აღრიცხვა არასწორად არის წარმოებული, მოითხოვს დამატებით დროსა და ფინანსურ რესურსებს.
6. ჩანაცვლებისა და ადაპტაციის ხარჯი
ბუღალტრის წასვლა ბიზნესისთვის სერიოზული გამოწვევაა, რომელიც დიდ ფარულ ხარჯთანაა დაკავშირებული.
- რეკრუტინგის ხარჯი: ახალი ბუღალტრის მოძიება, გასაუბრება და დაქირავება მოითხოვს დროსა და რესურსს (რეკრუტერის მომსახურება, რეკლამა).
- ცოდნის დაკარგვა: თანამშრომლის წასვლისას, კომპანია კარგავს ინსტიტუციურ ცოდნას ბიზნესის ფინანსური პროცესების შესახებ. ახალ თანამშრომელს სჭირდება დრო (რამდენიმე თვე), რათა სრულად ჩაერთოს საქმეში და გაერკვეს კომპანიის სპეციფიკაში. ამ პერიოდში პროდუქტიულობა დაბალია.
- შეფერხება: ახალი ბუღალტრის ადაპტაციის პერიოდში შესაძლოა შეფერხდეს დეკლარაციების წარდგენა, ხელფასების გაცემა და სხვა კრიტიკული ფინანსური ოპერაციები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს როგორც საგადასახადო და სხვა ტიპის რეგულაციური რისკები, ასევე კომპანიას მიაყენოს რეპუტაციული ზიანი.
7. სტრატეგიული ფოკუსის დაკარგვის ხარჯი
შიდა ბუღალტრის დაქირავების შემთხვევაში ბიზნესის მფლობელები და მენეჯმენტი ხშირად იძულებულნი არიან, ჩაერთონ ბუღალტრულ რუტინაში, რაც მათ ძირითად საქმიანობას აშორებს.
- მენეჯმენტის დროის ხარჯვა: მფლობელები ხარჯავენ დროს ბუღალტრული საკითხების გადაწყვეტაზე, დოკუმენტების შეგროვებასა და ბუღალტრის მართვაზე, ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსირდნენ გაყიდვების ზრდაზე, პროდუქტის განვითარებასა და სტრატეგიულ დაგეგმვაზე.
- ანალიზის დეფიციტი: შიდა ბუღალტერია, როგორც წესი, ფოკუსირებულია ისტორიულ აღრიცხვაზე და არა ფინანსურ ანალიზზე, პროგნოზირებასა და სტრატეგიულ რჩევებზე. ამის შედეგად, ბიზნესი კარგავს შესაძლებლობას, მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული, ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
შედარება: შიდა ბუღალტერია vs აუთსორსინგი
| ხარჯის ტიპი | შიდა ბუღალტერი | ბუღალტერიის აუთსორსინგი | აუთსორსინგის სარგებელი |
| პირდაპირი ხელფასი | მაღალი (სრული განაკვეთი) | დაბალი (მომსახურების საფასური) | ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება |
| ფარული ხარჯები (ბენეფიტები, გადასახადები) | მაღალი (ხელფასის 10%-25%) | ნოლი | ხარჯების სრული გამჭვირვალობა |
| ინფრასტრუქტურა (ოფისი, პროგრამული უზრუნველყოფები) | მაღალი (ინვენტარი, ლიცენზიები, IT) | ნოლი (უზრუნველყოფს აითსორსერი კომპანია) | ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური ტვირთის მოხსნა |
| რისკი და შესაბამისობა | მაღალი (თანამშრომლის შეცდომები) | დაბალი (აუთსორსერის პასუხისმგებლობა) | მაღალი დონის ექსპერტიზა და რისკის გადანაწილება |
| ბუღალტრის წასვლა კომპანიიდან | მაღალი (ადაპტაციის ხარჯი; გაჩერებული პროცესები) | ნოლი | უწყვეტი მომსახურება |
| სტრატეგიული ფოკუსი | დაბალი (მენეჯმენტის ჩართულობა ბუღალტერიაში) | მაღალი (მენეჯმენტი თავისუფლდება რუტინისგან) | ძირითად საქმიანობაზე კონცენტრირება |
დასკვნა
შიდა ბუღალტრის დაქირავება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, გულისხმობს არა მხოლოდ ხელფასს, არამედ ზემოთ ჩამოთვლილ 7 ფარულ ხარჯს, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ბუღალტერიის ხარჯებს და ქმნის ოპერაციულ რისკებს. ბუღალტერიის აუთსორსინგი კი გთავაზობთ გამჭვირვალე, პროგნოზირებად ხარჯებს და უზრუნველყოფს მაღალი დონის ექსპერტიზას, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს, ფოკუსირება მოახდინოს ზრდაზე.
თუ თქვენ ეძებთ სანდო პარტნიორს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ფინანსური აღრიცხვის სრულყოფილ გამართულობას, მინიმუმამდე დაიყვანს საგადასახადო რისკებს და მოგცემთ საშუალებას, დაივიწყოთ ბუღალტერიის ხარჯებთან დაკავშირებული ფარული პრობლემები, კომპანია Loialte გთავაზობთ საერთაშორისო ხარისხის ბუღალტრული აუთსორსინგის სერვისს, რომელიც მორგებულია თქვენი ბიზნესის სპეციფიკურ საჭიროებებზე. Loialte ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც ფლობს ISO 9001-2015 სერტიფიკატს (ხარისხის მართვის სისტემები) ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების მიმართულებით.
მიიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება და გადააქციეთ ბუღალტერიის ხარჯები ინვესტიციად თქვენი ბიზნესის ზრდაში.