საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული იქნა 2019 წლის 28 ივნისის საჯარო გადაწყვეტილება N201, რომლის მიხედვითაც პირები, რომლებიც ახორციელებენ კრიპტოაქტივის და მის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდებას, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კრიპტოაქტივი არ არის გადახდის კანონიერი საშუალება და არც ელექტრონული ფული, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იზიარებს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ჩამოყალიბებული ვირტუალური ვალუტის ხსენებულ დეფინიციას, რომლის მიხედვითაც კრიპტოაქტივი განიმარტება, როგორც ღირებულების ციფრული გამოხატულება და იგი შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც ფულის ალტერნატივა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ფულის მიწოდება და ფულზე საკუთრების უფლების გადაცემა არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და ვინაიდან კრიპტოაქტივი მიჩნეულ იქნა ფულის ალტერნატივად, მისი მიწოდება (კრიპტოაქტივის გაცვლა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაზე) ან და კრიპტოაქტივზე საკუთრების უფლების გადაცემა არ დაიბეგრება დღგ-ით.

რაც შეეხება ფიზიკური პირის მიერ კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებულ შემოსავლებს, იგი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, ვინაიდან, დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები, ხოლო კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით არ განიხილება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად.

კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით გადის ელექტრონულად გაწეულ მომსახურებაში, რომლის დროსაც თუ მომსახურების მიმღები მხარე არის არარეზიდენტი, აღნიშნული მომსახურების მიწოდება დღგ-ით არ იბეგრება, ხოლო მომსახურების გამწევ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს ამ მომსახურების გასაწევად შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი ან გადასახდელი დღგ-ის თანხა. ხოლო თუ მომსახურების მიმღები მხარე არის საქართველოს რეზიდენტი, მაშინ ასეთი მომსახურების მიწოდება დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას და ამასთანავე პირს უფლება ექნება ჩაითვალოს ამ მომსახურების გასაწევად შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი ან გადასახდელი დღგ-ის თანხა.

იხ. ოფიციალური დოკუმენტი:

საქართველოს საკანონმდებლო მაცნე