საქართველოს საგადასახადო კოდექსში დღგ-ის კარში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ შევიდა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრება ,,უცხოელი დასაბეგრი პირის“ საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 47' მუხლი (უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე დღგ-ის გამოანგარიშების, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების და მისი ინფორმირების წესი) განსაზღვრავს თუ ვინ არის უცხოელი დასაბეგრი პირი, რა მომსახურების ნაწილში არის ის დღგ-ის გადამხდელი, როდის და როგორ უნდა მოახდინოს საქართველოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორება. ცვლილების თანახმად, 2021 წლის 01 ოქტომბრიდან დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა უცხოელ დასაბეგრ პირს, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოში, ან არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ციფრული მომსახურების გაწევაში და იგი ტელესაკომუნიკაციო, რადიო ან ტელესამაუწყებლო და ელექტრონულ მომსახურებას უწევს ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად (არ წარმოადგენს დასაბეგრ პირს), მის მიერ გაწეული ციფრული მომსახურების გაწევის ადგილს წარმოადგენს საქართველო და ეს ოპერაცია არ იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით. 

ვინ არის ,,უცხოელი დასაბეგრი პირი“ და ვის შეეხო ეს ცვლილება?
უცხოელი დასაბეგრი პირები შესაძლოა იყოს ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა: Booking, Facebook, Google, Linkedin, etsy და სხვ. აღნიშნული კომპანიები როდესაც მომსახურებას უწევენ დასაბეგრ პირებს (გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს), დღგ-ის გამოანგარიშებას და გადახდას ახორციელებენ დასაბეგრი პირები უკუდაბეგვრის წესით, ხოლო როდესაც მომსახურებას უწევენ არადასაბეგრ პირებს (გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ პირებს), ამ შემთხვევაში დღგ-ის თანხას თავად გადაიხდიან ბიუჯეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკურ პირებს არარეზიდენტის მომსახურება გაუძვირდებათ 18%-ით (ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ზემოხსენებულმა კომპანიამ მომსახურების ფასი შეამციროს და დღგ აქამდე არსებული მომსახურების ღირებულებას არ დაამატოს). მაგალითად: თუ Booking-ის მომსახურებაში ფიზიკური პირი თვის განმავლობაში იხდიდა 1’000 ლარს, ეხლა შესაძლოა გაუძვირდეს მომსახურება 18%-ით და გადაიხდოს 1’180 ლარი. ამასთანავე, საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული მომსახურების გამწევი უცხოელი დასაბეგრი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ციფრული მომსახურების გაწევის აღრიცხვა და შეინახოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია იმ წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, რომელშიც გაწეული იქნა მომსახურება.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ არსებობენ ისეთი ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და არ არიან რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს ,,უცხოელი დასაბეგრი პირების“ მეშვეობით შეეძლება აღმოაჩინოს ესეთი შემთხვევები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საგადასახადო სანქციები. შესაბამისად იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც აქვთ ეკონომიკური საქმიანობა, ვურჩევთ დარეგისტრირდნენ გადასახადის გადამხდელად და გადაიხადონ გადასახადები კანონმდებლობის შესაბამისად.

შეხვედრის ჩანიშვნა