ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ზრდა წარმატების მთავარი ინდიკატორია.
თუ გაყიდვები იზრდება, გუნდი ფართოვდება, ოპერაციები აქტიურია და ბაზარზე მოთხოვნა მაღალია, ბუნებრივია ჩნდება განცდა, რომ ბიზნესი სწორი მიმართულებით ვითარდება.
როდესაც ბიზნესი მასშტაბირდება, მზარდი შემოსავალი ხშირად ფარავს შიდა არაეფექტურობას. მფლობელები და მმართველი გუნდი ხედავენ “წარმატებას” – ოპერაციების გაზრდილ რაოდენობას, დატვირთულ საწარმოო პროცესს, აქტიურ გაყიდვებს, მეტ თანამშრომელს და ეს ყველაფერი ბუნებრივად ქმნის პოზიტიურ აღქმას და მოლოდინებს.
მაგრამ რეალური ფინანსური სურათი შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. პრობლემა ხშირად მხოლოდ ფინანსური სირთულეები არ არის. როგორც წესი საქმე უფრო ღრმა სისტემურ გამოწვევასთან გვაქვს, რასაც შეიძლება ფინანსური სიბრმავე დავარქვათ.
მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარი გამოწვევა ის არის, რომ მასშტაბის ზრდასთან ერთად საოპერაციო სირთულე მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო კონტროლისა და მართვის სისტემები ამ ტემპს ხშირად ვეღარ ეწევა.
შედეგად მენეჯმენტი იწყებს არა რეალური ფინანსური მდგომაროეობის, არამედ იმ წარმოდგენების მართვას, რომელსაც სწრაფი ზრდა ქმნის.
რატომ არ ნიშნავს მეტი გაყიდვა მეტ მოგებას?
SME სექტორში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა წარმატების მხოლოდ ბრუნვის მოცულობით შეფასება. ბევრი ბიზნესი საკუთარ პროგრესს ძირითადად შემოსავლით ზომავს და ერთი შეხედვით ეს ლოგიკურიც არის.
თუმცა პრობლემა სწორედ იქ იწყება, როცა ბრუნვა წარმატების მთავარ საზომად იქცევა.
ეს ქმნის ფინანსურ ილუზიას, რომელსაც შეგვიძლია ზრდის ხაფანგი ვუწოდოთ.
რეალობაში კომპანიას შეუძლია წლების განმავლობაში გაყიდვების ზრდა აჩვენოს და ამავე დროს სისტემურად ზარალზე მუშაობდეს ისე, რომ ეს დამფუძნებელმა ან დირექტორმა დროულად ვერც კი შეამჩნიოს.
ამის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში მარტივია – ბუღალტრული და მენეჯერული აღრიცხვის ერთმანეთისგან რადიკალურად აცდენა.
ბუღალტერია პასუხობს კითხვას – რა მოხდა? ის ასახავს უკვე მომხდარ სამეურნეო ოპერაციებს, გვაჩვენებს ფინანსურ ისტორიას და საგადასახადო ვალდებულებებს.
მაგრამ ბიზნესის მართვისთვის ეს საკმარისი არ არის.
მენეჯმენტს სჭირდება პასუხები ბევრად უფრო რთულ კითხვებზე:
- რომელი პროდუქტი აგენერირებს რეალურ მოგებას?
- რომელი მიმართულება მუშაობს დაბალი მარჟით?
- გვყავს თუ არა კლიენტები, რომლებიც რეალურად აზიანებენ კომპანიას?
- სად იკარგება ფული?
- სად არის კაპიტალი გაყინული?
თუ ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს, მენეჯმენტი გადაწყვეტილებებს რეალურ მონაცემებზე კი არა, ინტუიციაზე, გამოცდილებასა და აღქმაზე დაყრდნობით იღებს.
ასეთ გარემოში ბიზნესს შეუძლია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდეს მცდარი წარმოდგენებით – ეს უკვე დამოკიდებულია ამ ბიზნესში დაგროვებულ რესურსებზე, რამდენად დიდხანს შეუძლიათ არაეფექტურად ფუნქციონირება.
სამწუხაროდ, ხშირად რეალობა მენეჯმენტისა და მფლობელებისთვის მხოლოდ მაშინ ხდება ცხადი, როცა ფინანსური პრობლემები უკვე საგანგაშო ზღვარზეა.
რატომ ვერ ხედავს მმართველი რგოლი, რომ კომპანია ზარაზელ მუშაობს?
ფინანსური სიბრმავე განსაკუთრებით ხშირად ვაჭრობისა და წარმოების სექტორში გვხვდება.
მიზეზი მარტივია – ასეთ ბიზნესებში ოპერაციული პროცესები კომპლექსური, ხოლო ფინანსური ნაკადების მართვა ბევრად რთულია. რაც უფრო იზრდება ბიზნესი, მით უფრო რთულდება:
- ხარჯების კონტროლი
- მარაგების მართვა
- თვითღირებულების ანალიზი
- ფულადი ნაკადების დაგეგმვა
სექტორის სპეციფიკის მიუხედავად, პრაქტიკაში რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ზარალი შეუმჩნეველი რჩება:
ხარჯების არასწორი განაწილება
ბევრ კომპანიაში ხარჯები მხოლოდ ჯამურად აღირიცხება. მაგალითად, მენეჯმენტმა იცის მთლიანობაში რამდენია საიჯარო ხარჯი, ადმინისტრაციული ხარჯი, საოპერაციო ხარჯი, მაგრამ არ იცის, კონკრეტულად რომელი მიმართულება მოიხმარს ყველაზე მეტ რესურსს.
სწორედ აქ ჩნდება პრობლემა. თუ ხარჯები ერთეულის დონეზე არ არის ჩაშლილი, წამგებიანი მიმართულებები ხშირად “იკვებებიან” მომგებიანი მიმართულებების ხარჯზე.
ერთი პროდუქტი შეიძლება რეალურად მოგებას ქმნიდეს, მეორე კი სისტემურად ზარალს, თუმცა მთლიან სურათში ეს განსხვავება საერთოდ არ ჩანდეს.
ბიზნესის ზრდასთან ერთად კომპლექსურობაც იზრდება. თუ ამ პირობებში ხარჯების სწორი მიკუთვნება არ ხდება, წამგებიანი მიმართულებები საერთო მომგებიანობას ეტაპობრივად გაანადგურებენ.
მარაგების არასწორი შეფასება
SME სექტორში, განსაკუთრებით ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში, მარაგების მართვა ერთ–ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია.
მარაგების საბალანსო ღირებულება ყოველთვის არ ნიშნავს რეალურ ღირებულებას. საწყობში შეიძლება ინახებოდეს პროდუქცია, რომელიც მოძველებულია, რომელზე მოთხოვნაც აღარ არსებობს ან/და პრაქტიკულად არალიკვიდურია.
მფლობელს/მენეჯმენტს აქვს განცდა, რომ კომპანი მნიშვნელოვან აქტივებს ფლობს, თუმცა რეალურად ამ აქტივის გარკვეულ ნაწილს ფულად ვეღარასდროს აქცევს.
ასეთი მარაგი მხოლოდ გაყინული ფული არ არის, ის დამატებით ხარჯებსაც ქმნის, როგორიცაა დასაწყობების ხარჯი, შენახვის და მოვლის ხარჯები. ანუ ბალანსში აქტივი შეიძლება რეალურად ფინანსურ ტვირთად იყოს ქცეული.
არაპირდაპირი დანაკარგები
ყველაზე რთულად დასანახი დანაკარგები სწორედ არაპირდაპირი დანაკარგებია.
ეს ის ხარჯებია, რომლებიც თითქმის არასოდეს ჩანს აშკარად ინვოისის ან პირდაპირი დანახარჯის ფორმით. მაგალითად:
- საწარმოო წუნი
- ლოგისტიკური შეფერხებები
- შიდა კომუნიკაციის პრობლემები
- პროცესებში არსებული ხარვეზები
შედეგები ხშირად გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, არასწორად დაკომპლექტებული შეკვეთა შეიძლება გადაიზარდოს:
- დაბრუნებულ პროდუქციაში
- ტრანსპორტირების განმეორებით ხარჯში
- დაკარგულ კლიენტში
- რეპუტაციულ ზიანში
მიუხედავად იმისა, რომ მაგალითისთვის საწარმოო სექტორს განვიხილავთ, მსგავსი ფარული დანაკარგები თითქმის ყველა ბიზნესში არსებობს.
პრობლემა ისაა, რომ კომპანიების დიდი ნაწილი საერთოდ არ ითვლის შეცდომის ფასს. შედეგად ბიზნესი ყოველდღიურად იხდის იმ ხარჯს, რომელსაც საკუთარ სისტემურ ქაოსში თავად ქმნის.
„წარმატებული“ ზარალის მოდელი
Loialté-ს პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევები არაერთხელ გვინახავს. განზოგადებისთვის წარმოვიდგინოთ საშუალო ზომის საწარმო, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს. კომპანიის მმართველ გუნდს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს და ამის საფუძველიც თითქოს არსებობს. ბოლო 3 წლის განმავლობაში:
- წარმოების მოცულობა გაიზარდა
- გაყიდვები დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი
- ოპერაციები ბევრად უფრო კომპლექსური გახდა
გარედან სურათი შთამბეჭდავად გამოიყურება.
საწარმო 24/7 რეჟიმში მუშაობს, შეკვეთები აქტიურია და მოთხოვნაც მაღალია.
თუმცა დამფუძნებელს და დირექტორს ერთი კითხვა მუდმივად აწუხებთ:
თუ ბიზნესი ასე იზრდება, რატომ გვაქვს ფულის ქრონიკული დეფიციტი?
რატომ გვიწევს საბრუნავი კაპიტალის მუდმივი დაფინანსება პირადი ან საკრედიტო რესურსით?
სიღრმისეული ფინანსური და ოპერაციული ანალიზის დროს ასეთ კომპანიებში, როგორც წესი, რამდენიმე სისტემური პრობლემა იკვეთება:
თვითღირებულების არასწორი კალკულაცია
ბევრი ბიზნესი პროდუქტის თუ მომსახურების ფასს მხოლოდ პირდაპირი ხარჯების მიხედვით ადგენს. მაგალითად წარმოების შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნისას გათვალისწინებულია მხოლოდ:
- ნედლეულის ღირებულება
- პირდაპირი შრომითი ხარჯი
მაგრამ უგულებელყოფილია სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ხარჯები როგორიცაა მაგალითად იჯარა, დანადგარების ამორტიზაცია, კომუნალური ხარჯები, საოფისე ხარჯები, დაზღვევა, მენეჯმენტის ხელფასი და ა.შ. (გააჩნია ბიზნესის კომპლექსურობას).
შედეგად მენეჯმენტს ჰგონია, რომ პროდუქტი მომგებიანია. რეალურად კი ყოველი წარმოებული ერთეული კომპანიისთვის დამატებით ზარალს აგენერირებს.
უხილავი წუნი
წუნი ერთ–ერთი ისეთი ხარჯია, რომლის სათანადოდ შეფასება ყველაზე ნაკლებად ხდება. წარმოებაში წუნის მაჩვენებელი შეიძლება, მაგალითად, 10%-ს აღწევდეს, მაგრამ მენეჯმენტი ამას ვერ ხედავდეს.
რატომ?
იმიტომ, რომ დაზიანებული ან არასრულფასოვანი პროდუქცია ხშირად უბრალოდ საწყობში გროვდება. ფორმალურად ის კვლავ მარაგებშია.
ბუღალტრულად – აქტივია, რეალურად კი – პირდაპირი ზარალი.
ეს ქმნის მცდარ წარმოდგენას კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე.
რიცხვებში ყველაფერი შეიძლება ნორმალურად ჩანდეს, მაგრამ ფაქტობრივად კაპიტალი უკვე დაკარგულია.
დებიტორები, კრედიტორები და cash flow-ის დისბალანსი
ნებისმიერ ბიზნესში, განსაკუთრებით კი წარმოებაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფულადი ნაკადების სწორი მართვა.
მოგება ფინანსურ უწყისებში ერთია, ხშირად რეალური Cash flow კი სრულიად სხვა სურათს გვიჩვენებს. ბევრი ბიზნესი სწორედ ამ განსხვავებას ვერ მართავს.
თუ დებიტორები ნელა იხდიან, კრედიტორების გადახდა სწრაფად გიწევთ, ხოლო მარაგში ზედმეტი ფულია გაყინული მაშინ კომპანია იწყებს მუდმივ ლიკვიდურობის კრიზისი.
ლიკვიდურობის კრიზისი კი თავის მხრივ ვლინდება:
- ხელფასების დაგვიანებაში
- მომწოდებლებთან გაფუჭებულ ურთოერთობებში
- პროდუქტის ხარისხის გაუარესებაში
- დამატებითი საკრედიტო დატვირთულობაში (ხშირად ბიზნესი იძულებულია ქეშ დეფიციტი სესხით დააკომპენსიროს, რაც დამატებით ფინანსურ წნეხს ქმნის)
როდესაც ასეთ კომპანიაში ინერგება სწორი თვითღირებულების კალკულაცია, გამართული მენეჯერული აღრიცხვა და ფინანსური მონიტორინგის სისტემა, ხშირად ძალიან არასასიამოვნო სიმართლე იკვეთება.
აღმოჩნდება, რომ საჭიროა რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები.
მაგალითად:
- ასორტიმენტის შემცირება
- წამგებიანი ხაზების დახურვა
- არაეფექტური ოპერაციების გაჩერება
- პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობის გადახედვა
ზოგ შემთხვევაში კომპანიას უწევს ისეთ მსხვილ კლიენტებთანაც დამშვიდობება, რომლებიც რეალურად კომპანიის ფულს იყენებენ დებიტორული დავალიანების სახით.
საბოლოოდ მთავარი მიზანი ერთი უნდა იყოს – ბიზნესის მხოლოდ იმ ნაწილებზე ფოკუსირება, რომელიც რეალურ მოგებას ქმნის.
რატომ არ იცის მფლობელმა რეალური სურათი?
ბევრ მფლობელს ბუნებრივად აქვს მოლოდინი, რომ თუ ბიზნესში რამე არასწორად მიდის, შესაბამისი თანამშრომელი აუცილებლად ეტყვის.
თუმცა პრაქტიკაში ასე იშვიათად ხდება.
მცირე და საშუალო ბიზნესის დიდ ნაწილში კვალიფიციური ფინანსური მენეჯმენტი უბრალოდ არ არსებობს. პრობლემა ადამიანების კეთილსინდისიერებაში კი არა, სისტემასა და ინსტრუმენტებშია.
ბუღალტერი, ოპერაციების მენეჯერი ან წარმოების ხელმძღვანელი საკუთარ ფუნქციას ასრულებს. მაგრამ მათგან სრულფასოვან ფინანსურ ანალიზსა და სტრატეგიულ რეკომენდაციებს არ უნდა ელოდოთ. ეს მათი ძირითადი კომპეტენცია არ არის.
არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – გუნდი ყოველთვის ფოკუსირდება იმაზე, რასაც მენეჯმენტი პრიორიტეტად აყენებს. მაგალითად, თუ მთავარი მოთხოვნა მხოლოდ გაყიდვების ზრდაა, მთელი ორგანიზაცია მოცულობაზე იწყებს ფოკუსირებას.
ასეთ გარემოში წარმატება იზომება რამდენი დამზადდა და რამდენი გაიყიდა და არა იმით, თუ რეალურად რა დაუჯდა ეს კომპანიას.
კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემა – თანამშრომლების დიდი ნაწილი თავს არიდებს მწარე სიმართლის გაზიარებას მენეჯმენტისთვის ან მფლობელებისთვის. არავის უნდა გახდეს ის ადამიანი, რომელიც არსებულ გაუმართავ სისტემაზე მიუთითებს და იტყვის, რომ კომპანიაში ფუნდამენტური პრობლემებია.
შედეგად მნიშვნელოვანი ხარვეზები დიდხანს რჩება უხილავი.
სწორედ ამიტომ არის სისტემური მართვა აუცილებელი – ბიზნესში არსებული რეალობის იდენტიფიცირება არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტული ადამიანების სურვილზე ან გამბედაობაზე.
რეალობა უნდა ჩანდეს რეპორტებში, KPI-ებში და ფინანსურ ანალიზში.
როცა მონაცემები გამჭვირვალეა, ორგანიზაციის ყველა დონეზე ჩნდება მოტივაცია ეფექტურობის გასაზრდელად.
რა არის გამოსავალი?
ფინანსური სიბრმავის მიზეზი არც იმაშია, რომ გუნდი ნაკლებად შრომობს და არც იმაში, რომ ბიზნესი საკმარისად სწრაფად არ იზრდება.
პრობლემა მართვის მოდელშია.
მსგავსი გამოწვევები მხოლოდ მაშინ გვარდება, როდესაც ბიზნესი ინტუიციაზე დაფუძნებული მართვიდან მონაცემებზე დაფუძნებულ მართვაზე გადადის.
ანუ გადაწყვეტილებები აღარ მიიღება შეგრძნებებით, გამოცდილებით ან ვარაუდებით, არამედ ციფრების, ანალიზისა და სისტემური კონტროლის საფუძველზე.
იმისთვის, რომ კომპანიამ ერთდროულად ფარული ზარალი შეამციროს, მომგებიანობა გაზარდოს და ფინანსური მდგრადობა გააძლიეროს, აუცილებელია ბიზნესის სხვადასხვა სისტემური კომპონენტის სინქრონიზაცია.
ერთეულის ეკონომიკა (Unit Economics)
ბიზნესის რეალური ჯანმრთელობის გასაგებად აუცილებელია იცოდეთ ერთი მარტივი, მაგრამ კრიტიკული რამ: რამდენს გიტოვებთ თითოეული გაყიდვა?
ეს კითხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთლიანი ბრუნვა.
თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, თითოეულ პროდუქტზე, სერვისზე, კლიენტზე ან ბიზნეს ხაზზე რა მოგება რჩება მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი გასტუმრების შემდეგ.
აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირდაპირი ხარჯები, არამედ ცვლადი ხარჯები, არაპირდაპირი საოპერაციო ხარჯები, ლოგისტიკური დანახარჯები და ა.შ.
თუ სურათის ამ დონეზე დანახვა შეუძლებელია, ბიზნესი რეალურად ვერ ხვდება სად ქმნის ღირებულებას და სად კარგავს ფულს.
საბრუნავი კაპიტალის ოპტიმიზაცია და Cash Conversion Cycle (CCC)
SME სექტორში მხოლოდ მოგებაზე ფოკუსირება საკმარისი არ არის. ძალიან ხშირად ბიზნესს პრობლემა მომგებიანობაში კიარა ლიკვიდურობაში აქვს. სწორედ ამიტომ საბრუნავი კაპიტალის მართვა კრიტიკულია.
მფლობელმა/მმართველმა გუნდმა უნდა აკონტროლოს არა მხოლოდ P&L (მოგება–ზარალი), არამედ ფულის მოძრაობის სრული ციკლი. ეს ნიშნავს ზუსტად იცოდეთ რამდენ ხანს რჩება ფული მარაგში გაყინული, რამდენ ხანში ხდება რეალიზაცია, რამდენ ხანში ხდება თანხის დაბრუნება კლიენტისგან – ეს არის ბიზნესის cash conversion cycle. რაც უფრო ნელია ეს ციკლი, მით მეტი ფინანსური წნეხი ექმნება კომპანიას.
ხშირად სწორედ აქ იმალება ფინანსური პრობლემების ძირითადი წყარო.
პროცესების სტანდარტიზაცია
სისტემური მართვა იწყება იქ, სადაც მთავრდება კონკრეტულ ადამიანებზე დამოკიდებულება.
თუ ბიზნესი ყოველდღიურად კონკრეტული თანამშრომლების მეხსიერებაზე, გამოცდილებაზე ან პირად კონტროლზეა დამოკიდებული, ეს უკვე სისტემური სისუსტის ნიშანია.
ყველა განმეორებად პროცესს უნდა ჰქონდეს მკაფიო სტანდარტი. ეს ეხება ოპერაციებს, გაყიდვებს, შესყიდვებს, მარაგების მართვას, ხარისხის კონტროლს.
სტანდარტიზაცია მთავარი ბერკეტია არაპირდაპირი დანაკარგების შესამცირებლად. როდესაც პროცესი სტანდარტიზებულია შეცდომები მცირდება და კონტროლი უმჯობესდება.
ხარისხი არ უნდა იყოს დამოკიდებული მფლობელის მუდმივ ჩარევაზე. თუ ბიზნესი ყოველდღიურად გადამოწმებას და ჩარევას საჭიროებს, ეს ნიშნავს, რომ სისტემა ჯერ არ არსებობს.
მონიტორინგი და საოპერაციო არქიტექტურა
თუ ბუღალტერია ბიზნესის ფინანსური ისტორიის ზუსტი აღრიცხვაა, მენეჯერული აღრიცხვა ამ მონაცემების სტრატეგიული ინტერპრეტაციაა.
სწორედ აქ იქმნება რეალური მართვის სისტემა.
მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება მონიტორინგის მოდელი, რომელიც ფინანსურ მონაცემებს გარდაქმნის რეალურ მმართველობით ინსტრუმენტებად.
ანუ სისტემამ უნდა გაჩვენოთ:
- რეალური მომგებიანობა
- საოპერაციო ეფექტურობა
- პროდუქტიულობა
- ლიკვიდურობა
- ფინანსური მდგრადობა
და ეს ყველაფერი არა თვეში ერთხელ, არამედ მუდმივად, დინამიკაში.
როდესაც ეს სისტემა არსებობს, მენეჯმენტი უკვე პროაქტიულად მართავს ბიზნესს.
პრობლემები მხოლოდ შედეგებში აღარ ჩანს, ისინი გაცილებით ადრე ხდება ხილული. ანუ, პროცესი რეაქტიულობიდან გადადის პროაქტიულ რეჟიმში.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ თითოეულ ბიზნესს თავისი სპეციფიკა აქვს. შესაბამისად, კონკრეტული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზებიც განსხვავდება. თუმცა ზემოთ განხილული პრობლემები სწორედ ის სისტემური ხარვეზებია, რომლებსაც SME სექტორში ყველაზე ხშირად ვაწყდებით.
კითხვა, რომელიც დღესვე უნდა დაუსვათ საკუთარ თავს
დაფიქრდით ერთ მარტივ კითხვაზე – თუ თქვენი ბიზნესის გაყიდვები ხვალ 20%-ით შემცირდება, შეძლებთ თუ არა სტაბილურად არსებობას?
თუ ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ გაქვთ, ეს უკვე მნიშვნელოვანი სიგნალია.
ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენი ბიზნესი რეალურად კიარ იზრდებოდა, არამედ შესაძლოა უბრალოდ არსებობდა მუდმივად მზარდი ბრუნვის ხარჯზე.
პრობლემა ზრდაში არ არის. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ზრდა სისტემის გარეშე ხდება. როცა სისტემური მართვა არ არსებობს:
- ზრდა პრობლემებს მალავს
- ზრდა ქაოსს აჩქარებს
- ზრდა რისკებს ზრდის
ნამდვილი ზრდა იწყება მაშინ, როდესაც კომპანიას შეუძლია ზუსტად იცოდეს:
- სად ქმნის ღირებულებას
- სად კარგავს ფულს
- და რა უნდა შეცვალოს უკეთესი შედეგისთვის
სწორედ ამ დროს მთავრდება ფინანსური სიბრმავე და იწყება სისტემური ზრდა.