რა არის FinEx?
FinEx (Financial Expenditure) არის ყველა ის ფინანსური ხარჯი, რომელიც ბიზნესს დაფინანსების მოზიდვისა და გამოყენების პროცესში წარმოეშობა.
ხშირად FinEx-ს მხოლოდ საპროცენტო ხარჯად აღიქვამენ, თუმცა რეალური სურათი გაცილებით ფართოა.
FinEx შეიძლება მოიცავდეს:
- კრედიტის საპროცენტო გადასახადს
- საკრედიტო ხაზის საკომისიოებს
- საბანკო მომსახურების საკომისიოებს
- საბანკო გარანტიებისა და აკრედიტივების ღირებულებას
- ლიზინგის გადასახადს
- ფაქტორინგის ხარჯებს
- ტერმინალებისა და ონლაინ გადახდების საკომისიოებს
- ვალუტის კონვერტაციის დანაკარგებს
- რეფინანსირების ხარჯებს
- სესხთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ და შეფასების ხარჯებს
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა ბიზნეს მოდელს განსხვავებული ფინანსური არქიტექტურა ახასიათებს. შესაბამისად, განსხვავებულია მათი FinEx-ის სტრუქტურაც.
ერთი ბიზნესისთვის მაღალი FinEx სრულიად ნორმალურია, მეორისთვის კი შესაძლოა სერიოზული პრობლემა იყოს.
ამ სტატიაში განვიხილავთ ყველაზე გვარცელებულ ბიზნეს მოდელებში როგორ მუშაობს FinEx.
დისტრიბუცია
სადისტრიბუციო კომპანიები, როგორც წესი, მუშაობენ დიდი მოცულობის მარაგებით, ხოლო კლიენტებთან ხშირად გადავადებული გადახდის პირობები აქვთ.
ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი ფულს დღეს ხარჯავს, ხოლო შემოსავალს მოგვიანებით იღებს.
ამ მოდელისთვის ყველაზე გავრცელებული ფინანსური ინსტრუმენტებია:
- საკრედიტო ხაზი
- მოკლევადიანი ბიზნეს სესხები
- მომწოდებლების სავაჭრო კრედიტი
საყურადღებოა მდგომარეობა, როცა:
- საკრედიტო ხაზი მუდმივად სრულად არის ათვისებული
- მარაგები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე გაყიდვები
- პროცენტის ხარჯი ყოველწლიურად იმატებს
- ფინანსური ხარჯი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მოგება
ეს ხშირად მიუთითებს საბრუნავი კაპიტალისა და ფინანსური არქიტექტურის პრობლემაზე.
წარმოება
წარმოების სექტორში მომუშავე ბიზნესებს როგორც წესი დიდი მოცულობის აქტივების ქონა ახასიათებთ, რადგან მათ სჭირდებათ დანადგარები, საწარმოო ხაზები, საწყობები, ტრანსპორტი.
ამ მოდელისთვის ყველაზე გავრცელებული ფინანსური ინსტრუმენტებია:
- საინვესტიციო მიზნობრიობის სესხები
- ლიზინგი
- გრძელვადიანი ბიზნეს სესხები
საყურადღებოა მდგომარეობა, როცა:
- აქტივები არასრულად არის დატვირთული / მათი სიმძლავრეები არ არის ათვისებული
- ახალი ინვესტიციები არ ქმნის დამატებით შემოსავალს
- აქტივების უკუგება სესხის ღირებულებაზე დაბალია
- წარმოების მოცულობა არ იზრდება, თუმცა ვალდებულებები იზრდება
ასეთ შემთხვევაში პრობლემა ხშირად აქტივების ეფექტიან გამოყენებაშია.
იმპორტი
იმპორტზე დაფუძნებული ბიზნესების მთავარი გამოწვევა ხშირად არა სესხი, არამედ ვალუტაა.
ბიზნესი ყიდულობს უცხოურ ვალუტაში და ყიდის ადგილობრივ ვალუტაში, რაც ქმნის დამატებით ფინანსურ (სავალუტო) რისკს.
ამ მოდელისთვის ყველაზე გავრცელებული ფინანსური ინსტრუმენტებია:
- სავაჭრო დაფინანსება (Trade Finance)
- აკრედიტივები
- საბანკო გარანტიები
- საერთაშორისო გადარიცხვები
საყურადღებოა მდგომარეობა, როცა:
- კურსის ცვლილება არ აისახება ფასებში
- FX ზარალი არ იზომება
- მარჟა მცირდება
- ბიზნესი მთლიანად დამოკიდებულია უცხოურ ვალუტაზე
ბევრ შემთხვევაში ფინანსური ზარალი სწორედ აქ დგება და არა საოპერაციო ნაწილში.
პროექტებზე დაფუძნებული მოდელი
პროექტულ ბიზნესებში ხარჯი და შემოსავალი როგორც წესი დროში არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია:
- სამშენებლო კომპანიებისთვის
- IT კომპანიებისთვის
- საინჟინრო კომპანიებისთვის
- საკონსულტაციო ბიზნესებისთვის
ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტები, რომელსაც ამ მოდელის კომპანიები იყენებენ არის:
- საკრედიტო ხაზი
- პროექტის დაფინანსება
- გარდამავალი დაფინანსება (Bridge Financing)
- გრძელვადიანი ბიზნეს სესხი
საყურადღებოა მდგომარეობა, როცა:
- დებიტორული დავალიანება იზრდება
- ბიზნესი უმეტეს პროექტებს ვალით აფინანსებს
- ფინანსური ხარჯი პროექტის მოგების მნიშვნელოვან ნაწილს შთანთქავს
- კომპანიას მუდმივად აკლია საბრუნავი ფული
ამ შემთხვევაში ხშირად პრობლემა კონტრაქტების პირობებში ან სამუშაოების შესრულების ხარისხშია.
საცალო ვაჭრობა
საცალოდ მოვაჭრე ბიზნესების ფინანსური არქიტექტურა ძირითადად მარაგებზეა დამოკიდებული.
მაღაზიაში არსებული პროდუქციის ნაწილი (ზოგერჯ უემეტსი ნაწილი) ხშირად დაფინანსებულია (გადახდილია შესყიდვისთანავე).
ყველაზე გავრცელებული ფინანსური ინსტრუმენტებია:
- სესხი საბრუნავი საშუალებებისთვის
- საკრედიტო ხაზი
საყურადღებოა მდგომარეობა, როცა:
- იზრდება ისეთი მარაგები, რომელთა რეალიზაციის დრო დიდია
- სეზონის დასრულების შემდეგ რჩება დიდი ნაშთები
- მარაგები იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე რეალიზაცია
- მარჟა მცირდება, თუმცა დაფინანსების საჭიროება იზრდება
ასეთ ბიზნესებში FinEx ხშირად მარაგების მართვის ეფექტიანობის ინდიკატორია.
Hospitality Model
სასტუმროები, რესტორნები და ტურისტული ობიექტები, როგორც წესი, დიდი მოცულობის საწყისი ინვესტიციით ხასიათდებიან.
ყველაზე გავრცელებული ფინანსური ინსტრუმენტებია ამ სექტორისთვის:
- საინვესტიციო სესხები
- ლიზინგი
- სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარების სესხები
- სეზონური ბიზნეს სესხები
საყურადღებოა მდგომარეობა, როცა:
- დატვირთულობა მცირდება
- სეზონურობა ძლიერდება
- სესხის მომსახურება სულ უფრო რთულდება
- ფიქსირებული ხარჯები შემოსავალზე სწრაფად იზრდება
ასეთ დროს FinEx უკვე ბიზნეს მოდელის მდგრადობის ინდიკატორად შეგვიძლია გამოვიყენოთ.
გამოწერის/სააბონენეტო (Subscription) მოდელი
გამოწერის მოდელის მქონე ბიზნესებში მომხმარებელი ხშირად წინასწარ იხდის, რაც ნორმალურ მოცემულობაში ბუნებრივად ამცირებს დაფინანსების საჭიროებას.
ყველაზე გავრცელებული ფინანსური ინსტრუმენტებია:
- საკუთარი კაპიტალი (რომელსაც ასევე თავისი ფასი აქვს)
- ზრდისთვის მოზიდული საინვესტიციო კაპიტალი
- საკრედიტო ხაზი (ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებსაც დებიტორული დავალიანება უგროვდებათ)
ამ ტიპის ბიზნესებში FinEx ძირითადად დაბალია (უფრო სწორედ უნდა იყოს დაბალი).
საყურადღებოა მდგომარეობა, როცა:
- იზრდება მომხმარებელთა გადინება
- მცირდება წინასწარი გადახდები
- იზრდება მომხმარებლის მოზიდვის ღირებულება (CAC)
- ბიზნესი იწყებს ყოველდღიური ოპერაციების დაფინანსებას სესხით.
ეს ხშირად მიანიშნებს, რომ ბიზნეს მოდელის ეკონომიკა უარესდება.
Marketplace მოდელი
Marketplace პლატფორმები, როგორც წესი, აქტივების მინიმალური მოცულობით მუშაობენ. მათ არ სჭირდებათ დიდი მარაგები, არ აქვთ მძიმე საწარმოო ინფრასტრუქტურა, არ სჭირდებათ მნიშვნელოვანი საბრუნავი კაპიტალი.
ყველაზე გავრცელებული ფინანსური ინსტრუმენტებია:
- საინვესტიციო კაპიტალი
- ტექნოლოგიური განვითარების დაფინანსება
FinEx ჩვეულებრივ მინიმალურია.
საყურადღებოა მდგომარეობა, როცა:
- იზრდება ვალდებულება
- პლატფორმა იწყებს საკუთარი მარაგების შექმნას
- ჩნდება აქტივების დიდი მოცულობა
- მზარდია დაფინანსების საჭიროება
ეს ხშირად მიუთითებს, რომ კომპანია თანდათან გადადის სხვა ბიზნეს მოდელზე.
შეჯამება
FinEx-ის შეფასებისას მთავარი კითხვა არ არის: „ფინანსური ხარჯი მაღალია თუ დაბალი?“
უფრო სწორი კითხვაა: „შეესაბამება თუ არა FinEx იმ ბიზნეს მოდელს, რომლითაც კომპანია მუშაობს?“
ყველა ბიზნეს მოდელს აქვს საკუთარი, მისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ფინანსური არქიტექტურა და დაფინანსების ღირებულება.
პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ფინანსური ხარჯი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ბიზნესი ქმნის ღირებულებას, მოგებას ან ფულად ნაკადს.
სწორედ ამიტომ FinEx უნდა განიხილებოდეს ბიზნეს მოდელის შეფასების ერთ–ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად.
თუ გსურთ შეაფასოთ რამდენად შეესაბამება თქვენი FinEx სტრუქტურა თქვენი ბიზნეს მოდელის სპეციფიკას, დაიწყეთ ერთი კითხვით:
რა გვიჯდება რეალურად ის ფული, რომელსაც ვიყენებთ ზრდისთვის?
ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ კითხვაზე პასუხი ხსნის იმ მიზეზს, თუ რატომ იზრდება შემოსავალი, მაგრამ არ იზრდება მოგება.