წარმოება დიდი ხანია აღარ არის უბრალოდ „ქარხანა“.
დღეს წარმოება უკვე არის ბრძოლა სისწრაფეზე, ეფექტურობაზე, მიწოდების ჯაჭვის კონტროლზე, კაპიტალის ბრუნვაზე და ოპერაციულ სტაბილურობაზე
ორი კომპანია შეიძლება ერთსა და იმავე პროდუქტს აწარმოებდეს, მაგრამ, ერთმა შეიძლება შექმნას მასშტაბირებადი, მაღალი მარჟის ბიზნესი, ხოლო მეორე მუდმივად Cash Flow-ის წნეხში ცხოვრობდეს.
განსხვავებას ხშირად არა პროდუქტი, არამედ ბიზნეს მოდელი ქმნის.
თანამედროვე წარმოებაში წარმატებას დღეს სულ უფრო ნაკლებად განსაზღვრავს მხოლოდ – „რას აწარმოებ“ და სულ უფრო მეტად – „როგორ არის აწყობილი შენი წარმოების ეკონომიკა.“
სწორედ ამიტომ წარმოება დღეს მხოლოდ ინდუსტრია აღარ არის, არამედ ეს არის კაპიტალის განაწილების, ოპერაციული არქიტექტურის, მიწოდების ჯაჭვის და და ბიზნეს მოდელის თამაში.
ამ სტატიაში განვიხილავთ წარმოების ყველაზე გავრცელებულ და ყველაზე სწრაფად მზარდ ბიზნეს მოდელებს, მათ ეკონომიკას, ძლიერ და სუსტ მხარეებს, ასევე რეალურ მაგალითებს გლობალური და ქართული ბაზრიდან.
1.Mass Manufacturing / მასობრივი წარმოება
ეს არის კლასიკური ინდუსტრიული მოდელი, რომელიც აგებულია: დიდი მოცულობის წარმოებაზე, მკაცრ სტანდარტიზაციაზე და ერთეულის თვითღირებულების შემცირებაზე.
ლოგიკა მარტივია – რაც უფრო მეტს აწარმოებ, მით უფრო იაფდება თითოეული ერთეული.
ეს მოდელი განსაკუთრებით ძლიერია: FMCG-ში (Fast-Moving Consumer Goods), სასმელებში, სამშენებლო მასალებში, საყოფაცხოვრებო პროდუქტებში.
მოდელის ეკონომიკა
ამ მოდელს, როგორც წესი, ახასიათებს:
- მაღალი კაპიტალური დანახარჯები (CapEx)
- დიდი და მძიმე საწარმოო ინფრასტრუქტურა
- შედარებით დაბალი მარჟა ერთეულზე
- მაგრამ მაღალი მოგება მოცულობის ხარზე
ძლიერი მხარეები
- მასშტაბის ეკონომია
- სტაბილური წარმოება
- ერთეულის დაბალი თვითღირებულება
სუსტი მხარეები
- დაბალი მოქნილობა
- ბაზრის ცვლილებებზე ნელი რეაგირება
- მაღალი დამოკიდებულება მოცულობაზე
მაგალითები
გლობალური: Toyota, Coca-Cola, Nestlé
ქართული: IDS Borjomi Georgia, Natakhtari
2.Contract Manufacturing / საკონტრაქტო წარმოება
ამ მოდელში კომპანია საკუთარ ბრენდზე არ მუშაობს. ის უბრალოდ აწარმოებს სხვისთვის. ანუ, წარმოება ხდება სერვისი.
ეს მოდელი განსაკუთრებით გავრცელებულია: ელექტრონიკაში, ტექსტილში, ავეჯში, FMCG-ში.
მოდელის ეკონომიკა
მთავარი ფოკუსია საწარმოო სიმძლავრის დატვირთვა, ეფექტურობა, სტაბილური კონტრაქტები.
ძლიერი მხარეები
- პროგნოზირებადი მოთხოვნა
- შედარებით სტაბილური Cash Flow
- ნაკლები მარკეტინგის ხარჯი
სუსტი მხარეები
- დაბალი მარჟა
- მაღალი დამოკიდებულება მსხვილ კლიენტებზე
- ბრენდის ძალის არქონამაგალითები
ქართული: საქართველოში მრავალი ტექსტილის საწარმო ევროპული ბრენდებისთვის მუშაობს სუბკონტრაქტის მოდელით, განსაკუთრებით ქუთაისისა და აჭარის რეგიონებში.
3.Private Label Manufacturing / სხვა ბრენდისთვის წარმოება
ამ მოდელში მწარმოებელი ქმნის პროდუქტს, რომელსაც სხვა კომპანია საკუთარი ბრენდის სახელით ყიდის. ანუ, პროდუქტს შენ აწარმოებ, ბრენდს – სხვა ფლობს.
ეს მოდელი ძალიან ძლიერია: სუპერმარკეტების ქსელებში, კოსმეტიკაში, საკვებში, აფთიაქების ქსელებში.
მოდელის ეკონომიკა
ბრენდის მარკეტინგში ნაკლებს ხარჯავ, მაგრამ ძალიან ძლიერი უნდა იყოს ხარისხის კონტროლი, ოპერაციული სტაბილურობა, წარმოების ეფექტურობა.
ძლიერი მხარეები
- სწრაფი მასშტაბირება
- ნაკლები მარკეტინგული ხარჯი
- სტაბილური შეკვეთები
სუსტი მხარეები
- ბრენდის ძალაუფლება შენთან არ რჩება
- ძლიერი დამოკიდებულება რითეილერებზე
- ფასის მუდმივი წნეხი
მაგალითები
გლობალური: Kirkland Signature, Amazon Basics
საქართველოში Private Label მოდელი ყველაზე მეტად განვითარებულია: საკვებში, რძის პროდუქტებში, პურ-ფუნთუშეულის მიმართულებაში და საცალო ქსელებთან დაკავშირებულ წარმოებაში.
ეს განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როცა ადგილობრივი მწარმოებელი ქმნის პროდუქტს, ხოლო ბრენდი და გაყიდვის არხი რითეილერის მხარეს რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა ამ მიმართულებით, Private Label მოდელი ეტაპობრივად იზრდება საცალო ქსელების გაძლიერებასთან ერთად.
4.Specialized Manufacturing / სპეციალიზებული წარმოება
ეს მოდელი ფოკუსირებულია არა მოცულობაზე, არამედ სპეციალიზაციაზე. კომპანია ქმნის რთულ, ტექნიკურ ან მაღალი ღირებულების პროდუქტს კონკრეტული ნიშისთვის.
მაგალითად: ინდუსტრიული ნაწილები, სამედიცინო მოწყობილობები, პრემიუმ ავეჯი, სპეციალიზებული მასალები.
მოდელის ეკონომიკა
- მაღალი მარჟა
- დაბალი მოცულობა
- მაღალი ცოდნა და ექსპერტიზა
ძლიერი მხარეები
- ძლიერი კონკურენტული უპირატესობა
- ფასზე ნაკლები დამოკიდებულება
- მაღალი profitability
სუსტი მხარეები
- შედარებით მცირე მოცულობის და სპეციფიური ბაზარი
- კონკრეტულ ინდუსტრიაზე დამოკიდებულება
მაგალითები
გლობალური: Bosch, Herman Miller
ქართული: საქართველოში მცირე პრემიუმ ავეჯისა და ინდივიდუალური დიზაინის საწარმოები ამ მოდელით მუშაობენ.
5.Vertical Integration / ვერტიკალურად ინტეგრირებული წარმოება
ამ მოდელში კომპანია აკონტროლებს ღირებულების ჯაჭვის დიდ ნაწილს: ნედლეულიდან წარმოებამდე, დისტრიბუციამდე და ზოგჯერ საცალო გაყიდვებამდეც კი.
რატომ არის ეს ძლიერი მოდელი?
იმიტომ, რომ კომპანია უკეთ აკონტროლებს ხარისხს, ინარჩუნებს მეტ მარჟას და ნაკლებად არის დამოკიდებული მომწოდებლებზე.
მოდელის ეკონომიკა
- მაღალი CapEx
- მაღალი ოპერაციული სირთულე
- მაგრამ ძლიერი კონტროლი
ძლიერი მხარეები
- სრული Supply Chain კონტროლი
- მარჟის უკეთესად შენარჩუნება
- სტაბილურობა
სუსტი მხარეები
- მართვის სირთულე
- დიდი კაპიტალური დატვირთვა
- დაბალი მოქნილობა
მაგალითები
ქართული: ნიკორა, აგროჰაბი
6.Asset-Light Manufacturing / მსუბუქი საწარმოო მოდელი
ეს თანამედროვე წარმოების ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მოდელია. კომპანია ფლობს ბრენდს, დიზაინს, მომხმარებელთან ურთიერთობას, დისტრიბუციას, მაგრამ თავად წარმოება აუთსორსზე აქვს გატანილი.
ანუ, წარმოების ინფრასტრუქტურაში დიდი მოცულობის ინვესტიციებს არ აბანდებს.
რატომ იზრდება ეს მოდელი?
რადგან: ნაკლები CapEx სჭირდება, უფრო სწრაფად მასშტაბირდება, უფრო მოქნილია.
ძლიერი მხარეები
- დაბალი კაპიტალური დატვირთვა
- სწრაფი ზრდის შესაძლებლობა
- მაღალი მოქნილობა
სუსტი მხარეები
- დამოკიდებულება წარმოების პარტნიორებზე
- ხარისხის კონტროლის რისკი
- მიწოდების ჯაჭვის მოწყვლადობა
მაგალითები
ქართული: საქართველოში ამ კუთხით საინტერესო სიტუაციაა. რეალურად ქართული მაგალითები არსებობს, უბრალოდ კომპანიები იშვიათად ამბობენ ამას ღიად, რადგან ბევრ მათგან ჯერ კიდევ ჰგონია, რომ „საკუთარი ქარხნის არქონა“ სისუსტეა.
სინამდვილეში კი თანამედროვე სამომხმარებლო ბაზარზე ორიენტირებული ბრენდების ეკონომიკაში ეს ხშირად უპირატესობაა.
საქართველოში Asset-Light Manufacturing ყველაზე მეტად გვხვდება: ტანსაცმელში, კოსმეტიკაში, საკვებში, აქსესუარებში, lifestyle ბრენდებში.
ანუ, ბრენდი ქართულია, მაგრამ წარმოება აუთსორსზე თურქეთში, ჩინეთში, პოლონეთში ან ადგილობრივ ქვეკონტრაქტორ საწარმოებში.
7.D2C Manufacturing / პირდაპირ მომხმარებელზე ორიენტირებული წარმოება
ამ მოდელში მწარმოებელი პირდაპირ საბოლოო მომხმარებელზე გადის და შუამავლებს მინიმუმამდე ამცირებს. ანუ, ქარხანა + ბრენდი + გაყიდვა ერთ სისტემაში ერთიანდება.
ეს მოდელი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ტანსაცმელში, კოსმეტიკაში, საკვებში, ნიშურ სამომხმარებლო ბრენდებში.
მოდელის ეკონომიკა
- მაღალი მარჟა
- ძლიერი ბრენდის საჭიროება
- მარკეტინგზე ძლიერი დამოკიდებულება
ძლიერი მხარეები
- მომხმარებელთან პირდაპირი კავშირი
- მონაცემებზე წვდომა
- მაღალი მომგებიანობის პოტენციალი
სუსტი მხარეები
- კლიენტების მოზიდვის (acquisition) მაღალი ხარჯი
- ძლიერი ბრენდის აუცილებლობა
- მარკეტინგზე ორიენტირებული ეკონომიკა
მაგალითები
გლობალური: Warby Parker, Dollar Shave Club
ქართული: საქართველოში მრავალი მცირე კოსმეტიკური, ტანსაცმლისა და საკვები ბრენდი უკვე Instagram/TikTok-first D2C მოდელზე მუშაობს.
8.Distributed Manufacturing / დეცენტრალიზებული წარმოება
ეს მოდელი აგებულია იდეაზე – წარმოება მაქსიმალურად ახლოს იყოს მომხმარებელთან. გლობალური Supply Chain-ის ნაცვლად, კომპანია ქმნის მცირე, მოქნილ და ლოკალიზებულ საწარმოო ერთეულებს.
ეს მოდელი განსაკუთრებით აქტუალური გახდა Supply Chain კრიზისების (განსაკუთრებით COVID19-ის შემდეგ), გეოპოლიტიკური ცვლილებების და China+1 სტრატეგიის შემუშავების შემდეგ (China+1 – ეს არის წარმოების დივერსიფიკაცია, სადაც ჩინეთი რჩება მთავარ მწარმოებლად, ხოლო +1 არის დაზღვევა სხვა ქვეყნის სახით, რათა კომპანია მთლიანად არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ სახელმწიფოზე.)
ზუსტად ამიტომ, კომპანიები სულ უფრო ხშირად ცდილობენ წარმოების ლოკალიზაციას, რეგიონალური მიკრო ქარხნების შექმნას, და მომხმარებელთან ფიზიკურად დაახლოებას.
ძლიერი მხარეები
- სწრაფი მიწოდება
- უფრო მაღალი მოქნილობა
- ნაკლები ლოგისტიკური რისკი
- ნაკლები დამოკიდებულება ერთ ქვეყანაზე
სუსტი მხარეები
- მასშტაბის ეკონომიკის შემცირება
- უფრო რთული ოპერაციული კოორდინაცია
- მაღალი საოპერაციო კომპლექსურობა
მაგალითები
ქართული: საქართველოში ეს მოდელი ჯერ სრულად ჩამოყალიბებული სახით ნაკლებად გვხვდება, თუმცა მისი ელემენტები უკვე ჩანს:
- ავეჯის,
- ტექსტილის,
- საკვები პროდუქტების,
- და მცირე საწარმოო ბრენდების მიმართულებით,
სადაც კომპანიები ცდილობენ:
- წარმოება ბაზართან უფრო ახლოს გადაიტანონ,
- სხვადასხვა რეგიონში გაანაწილონ,
- ან რამდენიმე მცირე საწარმოო პარტნიორით იმუშაონ ერთ დიდ ქარხანაზე დამოკიდებულების ნაცვლად.
ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო მწარმოებლებისთვის.
დასკვნა
თანამედროვე წარმოებაში გამარჯვებული ყოველთვის ის არ არის, ვინც ყველაზე მეტს აწარმოებს. ხშირად იმარჯვებს ის, ვინც უკეთ აკონტროლებს ოპერაციებს, სწრაფად რეაგირებს ცვლილებებზე, უფრო ეფექტურად მართავს კაპიტალს და უკეთ ესმის საკუთარი წარმოების ეკონომიკა.
დღეს წარმოება სულ უფრო ნაკლებად ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურად წარმოებას. ეს ხდება პროცესების, მიწოდების ჯაჭვის, კაპიტალის, და ბიზნეს მოდელის მართვის სისტემა.
ზუსტად ამიტომ, წარმოების მომავალი აღარ ეკუთვნის უბრალოდ „ქარხნებს“, არამედ მომავალი ეკუთვნის კომპანიებს, რომლებიც ოპერაციულ სისწრაფეს, ფინანსურ დისციპლინას, მოქნილ ბიზნეს მოდელს და ძლიერ ბრენდს ერთიან სისტემად აწყობენ.