ინსტიტუციურად ძლიერი კომპანია ეფუძნება გამართულ ორგანიზაციულ სტრუქტურას, პროცესებსა და საოპერაციო სისტემებს — და არა მხოლოდ ადამიანურ ძალისხმევას. ასეთ კომპანიებს აქვთ სტაბილური მმართველობის მოდელი, ჩამოყალიბებული ხედვა და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია. ინსტიტუციური გაძლიერება ქმნის მყარ საფუძველს, რომლის მეშვეობითაც კომპანია მზად არის გაუმკლავდეს ცვლილებებს, რისკებს და გარემოს მერყეობას.
ინსტიტუციური სიმტკიცე კომპანიისთვის ნიშნავს წინასწარ განსაზღვრულ წესებზე დაფუძნებულ განვითარებას, რაც ქმნის სანდო და პროგნოზირებად პარტნიორს როგორც ბაზრისთვის, ისე თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის. ინსტიტუციური სიმტკიცის შედეგები აშკარად აისახება კომპანიების საქმიანობაზე: კომპანიები ახერხებენ გრძელვადიან ზრდას, ბაზრის წილის შენარჩუნებას, გლობალურ მასშტაბზე ეფექტიან მენეჯმენტს და კრიზისების სტაბილურად მართვას. მაგალითად, Toyota-ს “Lean” სისტემა არის ინსტიტუციურად გამართული წარმოების მოდელი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ოპერაციული ეფექტიანობის ეტალონად. Microsoft-ის ტრანსფორმაცია ბოლო წლებშიც ეფუძნებოდა სწორედ ორგანიზაციულ კულტურასა და შიდა პროცესების გარდაქმნას, რაც შედეგობრივად ისახება მათ ინოვაციურობასა და შემოსავლების ზრდაზე.
გლობალურ მაგალითებზე დაყრდნობით აშკარად ჩანს, რომ ინსტიტუციური სიმტკიცე არ არის მხოლოდ დროებითი წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი — ის გრძელვადიან და მდგრადი განვითარების საფუძველს წარმოადგენს. საქართველოში, კომპანიების მხრიდან ამ მიმართულებით მზარდი ინტერესია და სულ უფრო მეტი ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ ისეთი კომპონენტები, როგორიცაა ხედვის და მიზნები განსაზღვრა, სტრატეგიების შემუშავება, ეფექტური სტრუქტურა, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია (მათ შორის პროცესებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია) და ადამიანური რესურსების განვითარება, აუცილებელი წინაპირობაა ბაზარზე კონკურენტული პოზიციისთვის.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ქართული რეალობის პრაქტიკისა და რეკომენდაციების გასაზიარებლად, Loialte Strategy გაესაუბრა რომან ცუცქირიძეს (Certified Performance Technologist (CPT) and Lean Six Sigma White Belt (LSSWB)), რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა USAID HICD (ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება) აქტივობას საქართველოში. მისი მოღვაწეობის პერიოდში HICD აქტივობის ფარგლებში ათობით ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი განხორციელდა როგორც საჯარო ისე კერძო ინსტიტუციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პროფესიულ ასოციაციებთან.
როგორ ფიქრობთ, რატომ არის ორგანიზაციული შესაძლებლობების (Institutional Capacity) გაძლიერება მნიშვნელოვანი თანამედროვე ქართული ორგანიზაციებისთვის?
ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება უკვე დიდი ხანია აღიარებულია როგორც ორგანიზაციული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს არ არის მხოლოდ ქართული რეალობისთვის დამახასიათებელი საჭიროება. თანამედროვე ქართული ორგანიზაციებისთვის ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ისინი მოქმედებენ სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ გარემოში. კონკურენცია დღითიდღე იზრდება, ბაზრის მოთხოვნები რთულდება და მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ შიდა სისტემების გამართულობაზე და ინოვაციებზე, შეძლებენ წარმატების მიღწევას და მდგრადი პოზიციის შენარჩუნებას.
USAID-ის HICD პროგრამის გამოცდილებით, რა ძირითადი გამოწვევებია ყველაზე ხშირი საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისთვის და როგორ უმკლავდებიან ისინი ამ გამოწვევებს ინსტიტუციური განვითარების გზით?
HICD აქტივობა მრავალსექტორული პროგრამა იყო, სადაც ვთანამშრომლობდით როგორც მსხვილ საჯარო სტრუქტურებთან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პროფესიულ ასოციაციებთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაციები საქმიანობდნენ სხვადასხვა სფეროში (მაგ. ტურიზმი, ჯანდაცვა, მიკროფინანსები, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ა.შ.), ძირითადი გამოწვევები მეტ-ნაკლებად ერთნაირი იყო: მმართველობითი მიდგომების სისუსტეები, ბუნდოვანი ბიზნეს პროცესები, დოკუმენტაციის ნაკლებობა, ადამიანური რესურსების განვითარების იგნორირება და სუსტი ორგანიზაციული კულტურა. ხშირად ამ ყველაფერს ემატებოდა სტრატეგიული ხედვის არარსებობა და შიდა კომუნიკაციის დაბალი ხარისხი.
ჩვენი ჩართულობის შედეგად, ორგანიზაციები ახდენდნენ ამ გამოწვევების იდენტიფიცირებას და კონკრეტული სამოქმედო გეგმების შემუშავებას. ეს პროცესი გულისხმობდა შიდა პროცესების ოპტიმიზაციას, მართვის სისტემების გაუმჯობესებას და თანამშრომელთა უნარ-ჩვევების განვითარებას. შედეგად, პარტნიორი ორგანიზაციები ხდებოდნენ უფრო მოქნილი, კონკურენტუნარიანი და უკეთესად მომზადებულნი რთული გამოწვევების გადასალახად.
როგორ აისახება ორგანიზაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მის საქმიანობის ეფექტიანობასა და კონკურენტუნარიანობაზე ქართულ ბიზნეს გარემოში?
ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება პირდაპირ აისახება ორგანიზაციის ეფექტიანობაზე. პროცესები ხდება გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, გადაწყვეტილებების მიღება — უფრო სწრაფი და ინფორმატიული, ხოლო თანამშრომლები — მოტივირებული და ჩართული. როდესაც შიდა სისტემები გამართულია, ორგანიზაციაში მცირდება შეცდომებისა და რესურსების არაეფექტიანი გამოყენების რისკი, რაც საბოლოო ჯამში ზრდის პროდუქტიულობას და ხარისხს.
კონცეფცია კაიზენი (ან, უფრო სწორად, კაი ძენი) კარგადა ცნობილი საკონსულტაციო სფეროში (სხვათა შორის, ზუსტად ასე ერქვა კომპანიას, რომლის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვიყავი 2020-2025 წლებში). მარტივად რომ ვთქვათ, კაიზიენი იაპონიიდან გავრცელებული მუდმივი გაუმჯობესების ფილოსოფიაა. მისი ძირითადი იდეაა, რომ ორგანიზაციის გაუმჯობესება უნდა იყოს მუდმივი, ეტაპობრივი და ყოველდღიური პროცესი, რომელიც ემყარება როგორც მენეჯმენტის, ისე რიგითი თანამშრომლების ჩართულობას. და იცით რომელი კომპანია იყო, რომელმაც პირველმა გამოიყენა ეს კონცეფცია, ჯერ კიდევ წინა საუკუნის 50-ნ წლებში? ტოიოტამ!
დიდი და წარმატებული საერთაშორისო კომპანიები, მუდმივად, ძალიან დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს ხარჯავენ ინსტიტუციური განვითარების აქტივობებში. ქართულ ბიზნეს გარემოში, სადაც კონკურენცია იზრდება და ბაზარი უფრო მოთხოვნადი ხდება, ინსტიტუციურად ძლიერი ორგანიზაციები ავლენენ მეტ მოქნილობას და ადაპტაციის უნარს. სწორედ ეს უზრუნველყოფს მათთვის კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებას, მომხმარებელთა ნდობის დამყარებას და ბაზარზე გრძელვადიან წარმატებას.
რა შედეგების მიღებაა შესაძლებელი გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორ უკავშირდება ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მდგრადობას?
გრძელვადიან პერსპექტივაში, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება უზრუნველყოფს ორგანიზაციის სტაბილურობას, პროდუქტიულობის ზრდას და ინოვაციების სწრაფ დანერგვას. ორგანიზაციები, რომლებიც ადრეულ ეტაპზე ახდენენ შიდა სისტემების გამართვას, ხშირად აღწევენ ბაზარზე ლიდერ პოზიციებს. ეს ქმნის მულტიპლიკაციურ ეფექტს (multiplier effect) — ძლიერი ორგანიზაციები ქმნიან სამუშაო ადგილებს, იხდიან გადასახადებს და ზრდიან ექსპორტს.
ამ პროცესს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების განმტკიცებაში. ძლიერი და ეფექტიანი ორგანიზაციები ქმნიან სტაბილურ ბიზნეს გარემოს, რაც პირდაპირ აისახება ინვესტიციების მოზიდვაზე და ქვეყნის გრძელვადიან მდგრადობაზე. თითოეული წარმატებული ორგანიზაცია ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი რგოლია და მათი გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
თქვენი აზრით, რა უშლის ხელს საქართველოში ორგანიზაციებს უფრო აქტიურად ჩაერთონ ინსტიტუციური განვითარების პროგრამებში და როგორ შეიძლება ამ ბარიერების გადალახვა?
საქართველოში ორგანიზაციების ნაწილს ჯერ კიდევ აკლია მკაფიო წარმოდგენა და ინფორმაცია ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელობაზე. ხშირად ორგანიზაციები უფრო მოკლევადიან მიზნებზე არიან ორიენტირებული და ცვლილებებს აღიქვამენ როგორც დამატებით ხარჯს, ვიდრე გრძელვადიან ინვესტიციას. ამას ემატება ადამიანური და ფინანსური რესურსების დეფიციტი და ზოგჯერ — ცვლილებების მიმართ სიფრთხილე ან სკეპტიციზმიც კი.
ამ ბარიერების დასაძლევად აუცილებელია ცნობიერების მეტად ამაღლება. ჩემი გამოცდილებით, ყველაზე კარგად წარმატებული მაგალითების გაზიარება მოქმედებს. მნიშვნელოვანია ასევე ლიდერების გამოკვეთა ბიზნეს-სექტორში, რომლებიც საკუთარ მაგალითზე დაანახებენ ინსტიტუციური განვითარების რეალურ სარგებელს.
რომელი ძირითადი რჩევების მიცემა შეგიძლიათ ქართული კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ სწრაფი ადაპტაცია ცვლილებებთან, ინსტიტუციური მდგრადობის მიღწევა და გრძელვადიან პერსპექტივაში კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნება?
პირველი და უმთავრესი რეკომენდაციაა — ორგანიზაციამ უნდა იცოდეს, სად მიდის. მკაფიო სტრატეგიული ხედვის გარეშე რთულია ადაპტაცია და ზრდა. ამის პარალელურად აუცილებელია შიდა პროცესების გამართული სტრუქტურირება, რათა ყოველდღიური მუშაობა იყოს ეფექტიანი და რესურსები ოპტიმალურად გამოყენებული. ადამიანური რესურსების განვითარება კი წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა — ის ადამიანები ქმნიან შედეგებს, ვინც მოტივირებულები და სწორად მომზადებულები არიან.
ასევე, საჭიროა მუდმივი ინოვაციების ძიება და ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენება. რაც მთავარია — ცვლილებების მიღების კულტურის გაჩენა. კომპანიებმა უნდა აღიარონ, რომ თანამედროვე მსოფლიოში მუდმივი ცვლილებები ნორმაა, და ვინც ამ რიტმს აჰყვება, სწორედ ის იქნება წარმატებული. ორგანიზაციული მდგრადობა სწორედ აქედან იწყება!
Loialte Strategy უზრუნველყოფს ორგანიზაციების საკონსულტაციო მხარდაჭერას შემდეგი საკვანძო მიმართულებებით:
- ორგანიზაციული საქმიანობის შეფასება
- ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიული დაგეგმარება
- ბიზნესის ტრანსფორმაცია და ცვლილებების მართვა
- ოპერაციების მართვა და ეფექტურობის გაუმჯობესება
- კომუნიკაციის სტრატეგია და ბრენდის პოზიციონირება
- ორგანიზაციული დიზაინი
- ბიზნეს პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია
- IT კონსალტინგი
- HR კონსალტინგი
- კრიზისისა და რისკის მენეჯმენტი
დამატებითი ინფორმაციის სანახავად, ეწვიეთ ბმულს